logo_geo
ბელგიელმა მოსამართლემ ქართველი ემიგრანტი ციხეს გადაარჩინა: 45 წლის მირზას ემოციური ისტორია
- +

22 ნოემბერი. 2019. 01:14

 

ბელგიაში მცხოვრები ქართველი ანა ბალამწარაშვილი, სოციალურ ქსელში ბელგიის სასამართლოში, ქურდობისთვის გასამართლებული ქართველი ემიგრანტის შესახებ წერს:


დღეს სასამართლო პროცესზე ბელგიის სამეფოში, ტონგერენში !

ბრალდებული ქართველია, 45 წლის, თმაშევერცხლილი მამაკაცი.

 

მოსამართლე: -ბატონო მირზა, რატომ ჩამოხვედით ბელგიაში, ვინ ხართ და რა გინდათ? რატომ მოიპარეთ ბოთლები და სიგარეტები? ასე ხომ ციხეში მოხვდებით?!

მირზა: -ბატონო მოსამართლევ (თქვენო უმაღლესობავ, ვუსწორებ მე), არ ვიმართლებ თავს, რადგან მრცხვენია, მრცხვენია, რომ ამხელა ცხოვრება გამოვიარე და დღეს თქვენს წინაშე მიწევს ბრალდებულის სკამზე ჯდომა. მე ქართველი ვარ, უმაღლესი განათლებით, სამი შვილის მამა. ჩემი უმცროსი შვილი ექიმების დაუდევრობით ინვალიდია და საწოლსაა მიჯაჭვული, მკურნალობა ძალზედ ძვირი ჯდება.

მოსამართლე: -მოიცათ, რატომ გიჯდებათ ძვირი, დაზღვევა ხომ გაქვთ?

 

ადვოკატი ერთვება და დეტალებში უხსნის ქართულ სამედიცინო მომსახურებას და დაზღვევის მუშაობის სქემას. მოსამართლეს თვალები უდიდდება და ვატყობ, რომ რაღაცნაირად მგონი ეცოდება საქართველო.

მოსამართლე: -გასაგებია, მაგრამ ქურდობა ჩაიდინა და ამისთვის შესაბამის სასჯელს იმსახურებს.

ადვოკატი: -თქვენო უმაღლესობავ, ქურდობას გამართლება არ აქვს და თანახმა ვართ ზარალი ავანაზღაუროთ, მაგრამ მოდით, წარმოვიდგინოთ მშობელი, რომელსაც არ აქვს შვილის წამლის ფული და შეიძლება ამის გამო დაიღუპოს. ჩვენთვის ეს ძნელი წარმოსადგენია, რადგან სახელმწიფო ზრუნავს ჩვენზე. ეს ნაბიჯი მან გამოუვალი მდგომარეობიდან და სიცოცხლის გადასარჩენად გადადგა -ის მამაა და მას შვილი უკვდება უწამლოდ. გთხოვთ, გაითვალისწინოთ ადამიანური ფაქტორი და დანაშაულის საფუძველი და მიზეზი (კიდევ ბევრი ისაუბრა)... გმადლობთ, მე დავასრულე.

 

მირზას შევხედე, უფრო მეტად შევერცხლოდა თმა, მგონი გათეთრდა კიდეც სირცხვილისგან, ის დამნაშავეს არ გავდა.

მოსამართლე დაბრუნდა სათათბიროდან და გამოაცხადა გადაწყვეტილება:

მირზა... საქართველოს მოქალაქე... ბელგიის სამეფოს კანონმდებლობით... ცნობილ იქნას დამნაშავედ და დაეკისროს ზარალის ანაზღაურება 2 წლის განმავლობაში. მაღაზიას ეთხოვოს მირზას შვილს გაუკეთოს საჩუქარი საშობაოდ ბელგიის სამეფოს მხრიდან და გაიგზავნოს მოცემულ მისამართზე სასამართლოს ხარჯებით. ასევე, ეთხოვოს ბელგიის სამეფოს ჯანმრთელობის სამინისტროს, მისი კომპეტენციის ფარგლებში, კანონის დაცვით დახმარება გაუწიოს პატარა პაციენტს (სახელს და გვარს არ ვწერ). მირზას შეუძლია დატოვოს ბელგიის სამეფო და ეტაპობრივად გადაიხადოს ზარალი.

 

მირზა არ შეასახლეს ციხეში!

გაოგნებული ვიჯექი კარგა ხანი და ვფიქრობდი: როდის, ჩემო ქვეყანავ, როდის ასეთი ან ცოტათი მიმსგავსებული სასამართლო, ადვოკატი (მარკ სამპერმანსი) და ძალა კანონისა!

დღეს ძალიან ემოციური დღე მაქვს, მთავარანგელოზობას გილოცავთ!”, - წერს ბელგიაში მცხოვრელი ანა ბალამწარაშვილი.

 

 

 

big_banner
არქივი