ბოტანიკოსი ზურაბ შევარდნაძე სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს.
„გერმანელი სტუმარი მყავს, საინტერესო ადამიანია, ეთნოგრაფიითა გატაცებული. სულის მოთქმას არ მაცდის, სულ რაღაცას უკირკიტებს. სული ამომხადა.
გუშინ მკითხა, - ზურაბ თქვენი ბავშვობის შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა თქვენს ქვეყანაშიო?
ჯერ გამეცინა, მერე გავბრაზდი, მერე დავდარდიანდი და ვუთხარი, - მადროვე, არ მაქვს პასუხი მზად, უნდა დავფიქრდე მეთქი. გუშინს მერე ვფიქრობ, ვფიქრობ და საიდან დავიწყო მისთვის ამ ამბის მოყოლა, ვერ ვხვდები.
ყველაზე მთავარი მაინც მგონია, რომ ჩემს ბავშვობაში ადამიანებს უფრო მეტი დრო ჰქონდათ ერთმანეთისთვის. მთელი დღე ნაშრომი ბებია, ყველას რომ დაგვაპურებდა და მოგვხედავდა, მხრებზე თავშალს მოიხვევა და, რომელიმე ავადმყოფ მეზობელთან წავიდოდა ღამის სათევად. ხშირად ეჯდა სასთუმალთან მომაკვდავს. არც გარდაცვლილს დატოვებდნენ და უთევდნენ გრძელ ღამეებს..
არ მახსოვს სადილი, ან ვახშამი, რომელზეც მხოლოდ ჩვენ, ოჯახის წევრები ვყოფილიყავით, სულ იყო სტუმარი, მეზობელი, ახლობელი, ნათესავი, მოკეთე, მოყვარე..
ასჯერ მოსმენილ ამბავს, ნავთის ლამპასთან, ბუხარს შემომსხდარნი, ისე ვისმენდით, თითქოს რამე ახალი აღმოვაჩინეთ, ვხარობდით ერთმანეთით, ერთიმეორეს სიყვარულით ვიყავით სავსე...
სად გაქრა ეს ხალხი, რა დაგვემართა?
სად გავრბივართ, სად გვეჩქარება?
ნეტა, იქ, საითაც მიგვეჩქარება, ასე უყვართ ერთმანეთი, როგორც მაშინ, იმ გამჭვარტლული ბუხრის პირას? არ მგონია...
ზუსტად ვიცი ხვალ, დიტერს რასაც მოვუყვები“, - წერს ზურაბ შევარდნაძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.