logo_geo
გიზო თავაძე: ასეთ კაცთან როგორ უნდა იცხოვრო ან რამ გაგახაროს!
- +

6 დეკემბერი. 2019. 15:25

 

„კაცი რომ ნიადაგ გაძღომაზე ფიქრობს, სულიერებას ვერასდროს გაზიარებს, თავს ადამიანად ვერ გაგრძნობინებს, სილამაზეს ვერ დაგანახვებს, ზედაზენს, მუცოს, კაცხს, შიომღვიმეს, მირონ-ქალაქს არ მოგავლევინებს... ასეთ კაცთან როგორ უნდა იცხოვრო ან რამ გაგახაროს!“ - ამის შესახებ მწერალი გიზო თავაძე წერს და შემდეგი სახის ნააზრევს აქვეყნებს:

 

„კაცი რომ სიცოცხლეში „ვეფხისტყაოსანს“ არ მოისაკლისებს, აკაკის, ვაჟას და გალაკტიონს არ მოინატრებს, „დათა თუთაშხიას“ და „ზებულონს“ არ გადმოიღებს, სერვანტესს, დანტეს და გოეთეს არ ჩაუჯდება, პლატონს, ჰეგელს და კირკეგორს არ ჩაუღრმავდება...

 

კაცი რომ თეატრში და კინოში არ დაგპატიჟებს, „კავკასიურ ცარცის წრეს“ არ დააგემოვნებს, უშანგი ჩხეიძეზე, სერგო ზაქარიაძეზე და ეროსი მანჯგალაძეზე არ იდარდებს, ფელინის, ბერტოლუჩის, გინდ ფორმანის და კუროსავას ფილმებზე ღამეებს არ გაათევს...

 

კაცი რომ „ჩაკრულოზე“ არ იტირებს, „დაისზე“ არ გააჟრიალებს, გია ყანჩელზე არ ისევდიანებს, მოცარტზე, ჯოპლინზე, ბალანჩინზე, პიაცოლაზე ფეხზე არ წამოდგება...

 

კაცი რომ მუზეუმებს არ მოინახულებს, „ლუვრს“, „ერმიტაჟს“, ფიროსმანის გამოფენას რომ გვერდს აუვლის, სალვადორ დალი რომ ქალი ეგონება და ამადეო მოდილიანი - ნამცხვარი, ლადო გუდიაშვილი კი, ფეხბურთელი... და ყოველივეს რომ ნაცრისფრად ხედავს...

 

კაცი რომ პითაგორას, ნიუტონს, აინშტაინს, რეზერფორდს, ანტონიო გაუდის, რაიტს, ოპენჰაიმერს და ჩვენებურ გია დვალს ვერ გაიხსენებს და პირს დააღებს...

 

კაცი რომ ფეხბურთის მეფეს, ედსონ არანტეს დონასიმენტოს - პელეს, იოჰან კრუიფს, დიეგო მარადონას, ბორის პაიჭაძეს, დათო ყიფიანს, ლეო მესის არ უგულშემატკივრებს, არ გაიხსენებს, არ იღრიალებს... მაიკლ ჯორდანს და მუჰამედ ალის დიდი სიყვარულით არ მოიხსენიებს...

 

კაცი რომ ნიადაგ გაძღომაზე ფიქრობს, სულიერებას ვერასდროს გაზიარებს, თავს ადამიანად ვერ გაგრძნობინებს, სილამაზეს ვერ დაგანახვებს, ზედაზენს, მუცოს, კაცხს, შიომღვიმეს, მირონ-ქალაქს არ მოგავლევინებს...

 

ასეთ კაცთან როგორ უნდა იცხოვრო ან რამ გაგახაროს!!!“ - წერს გიზო თავაძე.

 

 

 

big_banner
არქივი