logo_geo
მარიამ მერკვილაძე: მაშინ ლუკა მხოლოდ 6 წლის იყო… ის ჩემი პირველი მოსწავლე და ნამდვილი ვარსკვლავი იყო
- +

18 დეკემბერი. 2019. 15:08

 

 

„ილიაუნისა“ და „შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის“ ლექტორი და მასწავლებელი მარიამ მერკვილაძე 15 წლის ლუკა სირაძის შესახებ წერს:

 

„ყველასთვის შემაძრწუნებელია ის, რაც მოხდა. მათ, ვინც ცოტა ხნით, ცხოვრების რომელიმე ეტაპზე შეხვედრია ლუკას, ეს ამბავი კიდევ უფრო მძიმეა.

 

ეს იყო წლების წინ. მაშინ ლუკა მხოლოდ 6 წლის იყო. ახლაც თვალწინ მიდგას მისი დაკოფსილი ცხვირი, მისი დიდი ლურჯი ბრიალა თვალები, სავსე სიხარულით, აღტაცებით, სიცოცხლის წყურვილით. ახლაც შენახული მაქვს მისი წერილები, ნახატები და ხშირად მათში გახვეული შოკოლადები, რომლებსაც ხან გაკვეთილის დაწყებამდე მახვედრებდა და მორცხვად ამომხედავდა, ხან კი სახლში მატანდა.

 

მე და ლუკამ ცოტა ხნით ვიმეგობრეთ და ვიმუშავეთ ერთად, ალბათ სულ რამდენიმე თვით, მაგრამ ის ჩემი პირველი მოსწავლე იყო, პირველი ანთებული გული და ნამდვილი ვარსკვლავი.

 

წლები გადის და სოციალურ ქსელში ვაწყდები ბავშვის სურათს, რომლის ის ბავშვური სახე, დიდ ბრიალა თვალები კვლავ თვალწინ მიდგება და მისი ყოველი სიხარული, სიცილი, თვალების ეშმაკური ციმციმი და მისი გულებით აჭრელებული წერილები კვლავ მიტივტივდება მეხსიერებიდან.

 

სიტყვებით ვერ გადმოვცემ, ეს რა ტკივილია, დაინახო მოსწავლე, რომელსაც სულ პაწაწინას შეხვდი და შენს მეხსიერებაში სულ ასეთი დარჩა და რომელზეც უდიდეს იმედს ამყარებდი, რომ ის ბედნიერებას იპოვიდა, ნათელი მომავალი ექნებოდა და სამყაროსაც კი შეცვლიდა თავისი სინათლით.

 

ის კი ახლა სულ სხვა სამყაროშია. იქნებ, იქ მაინც იპოვოს ნათელი მომავალი.

 

ჩვენი სამყარო კი ნამდვილად შეძრა და შეცვალა“, - წერს მარიამ მერკვილაძე.

 

 

big_banner
არქივი