logo_geo
სოფო ხუნწარია: სიკვდილი არ არის გამოსავალი. ახლა მე გიყურებთ დიდი თვალებით... ნუ დაგვტოვებთ მარტო!
- +

18 დეკემბერი. 2019. 18:10

 

 

თბილისის მერის მოადგილე სოფო ხუნწარია 15 წლის ლუკა სირაძის გარდაცვალებას სოციალურ ქსელში ეხმიანება და შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„რასაც ახლა დავწერ მოკლებულია პოლიტიკურ შინაარსს. უმორჩილესად გთხოვთ, არც ერთმა არ დაწეროთ ლოზუნგები, რადგან ლოზუნგების ქვეშ კვდებიან ჩვენი შვილები და რომ არ დავწერო არ შემიძლია. მე მხოლოდ მინდა იცოდნენ ჩვენმა შვილებმა!

 

ვიყავი თქვენხელა, როდესაც პირველად მეგობრის პანაშვიდზე ვიდექი. მაშინაც კლავდნენ და იკლავდნენ თავს. მაშინ ბნელოდა და სახლში დაბრუნებულს ლამპის მბჟუტავი შუქი გვხვდებოდა. ადრეც დავწერე მგონი, რომ რომანტიზმის ტოლფასი გახდა, ბიჭების სიკვდილი, ჩვეულებრივი დღის წესრიგი იყო, კიდევ ერთ პანაშვიდზე დგომა და ვიყავით ამაყები, რომ ის ჩვენი მეგობარი იყო, ვინც იწვა, გვეგონა, რომ სიმართლისთვის იწვა „თავი არ დააჩაგვრინა“ ან რამე ეგეთი მიზეზი.

 

დღეს კადრში დავინახე 15 წლის ჭირისუფალი ბიჭები. ყველაფერი თვალწინ დამიდგა. თქვენთან ერთად, გულში ვატარებ იმ ემოციას, რომელიც ახლა გაქვთ. მოგმართავთ თქვენ, მივმართავ ჩემ შვილს რომელიც 16 წლის ხდება, ყველას, ვინც დღეს დიდი თვალებით გვიყურებთ.

 

თქვენ უნდა იცოცხლოთ, იცხოვროთ, არაფერია მარადიული თქვენს გარდა. უნდა გვაპატიოთ, უნდა! არ გადავარდეთ რომანტიზმში, სიკვდილი არ არის გამოსავალი. თქვენ უნდა იცოცხლოთ უნდა გვეჩხუბოთ და ჩვენ უნდა მივიღოთ, დაგიჯეროთ. თქვენკენ ვარ მეც და ყველა დედა! უნდა იცოდეთ, რომ ჩვენ სიკვდილამდე გვიყვარხართ და გველაპარაკეთ, შეგვანჯღრიეთ. გვაპატიეთ, რომ მართლა იმაზე ვფიქრობთ, როგორ გაჭამოთ, თუ როგორ გაგზარდოთ და გვრჩება მთავარი – მარადიულზე, მთავარ უფლებებზე გელაპარაკოთ.

 

მთავარი კი მხოლოდ ის არის, რომ თქვენ გაქვთ სიცოცხლის უფლება, განათლების, სუნთქვის, თვითდამკვიდრების, უკმაყოფილების გამოხატვის, კამათის, შეპასუხების ყველაფრის იმისთვის, რომ იცხოვროთ, იცოცხლოთ. აღარ წახვიდეთ, არ დაგვტოვოთ გთხოვთ! სიკვდილი არ არის გამოსავალი. ახლა მე გიყურებთ დიდი თვალებით და ყველა დედა. ნუ დაგვტოვებთ მარტო!!! თქვენს გარდა არაფერია მარადიული!“, - წერს ხუნწარია.

 

 

 

 

big_banner
არქივი