logo_geo
ნათია რაზმაძე: იქნებ მშობლებმა მოვახერხოთ, შვილებს გავაგებინოთ, რომ მუდამ მათ გვერდში ვიდგებით და პრობლემებთან მარტო არასდროს დავტოვებთ?
- +

19 დეკემბერი. 2019. 13:33

 

Facebook-მომხმარებელი ნათია რაზმაძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„რატომ გაუფასურდა სიცოცხლე?

 

ჩვენ შეგვიძლია ბავშვის თვითმკვლელობა დავაბრალოთ დედას, საზოგადოებას, სკოლას, პოლიციას, მაგრამ რეალურად ვინაა ამაში დამნაშავე? ჩემი თაობის თითქმის ყველა ბიჭი საკმაოდ ხშირად ხვდებოდა პოლიციაში და 90-იანების პოლიცია რომ ბევრად უფრო სასტიკი იყო, ამაზე, იმედია, არავინ დავობს. გაჭირვებითაც მეტად უჭირდათ ოჯახებს, მშობლები შვილებს ხშირად სკოლაში წასასვლელად ფეხსაცმელს ვერ ყიდულობდნენ, კერძო სკოლებსა და ბოლო თაობის მობილურებზე არავინ საუბრობდა, მაგრამ თავს არ იკლავდნენ!

 

ბოლო პერიოდის თვითმკვლელობების ფუნდამენტი უფრო ღრმაა, ვიდრე დასახელებული მიზეზები. ურთიერთობები გაცივდა, ღმერთი შეურაცხყვეს და ჩვენი ცხოვრებიდან განდევნეს, მშობლები შვილებს თავიანთი დროის მაგივრად ძვირადღირებულ სათამაშოებს აძლევენ, მეგობრები ერთმანეთს გულს ვეღარ უშლიან დაცინვის შიშით, თვითდამკვიდრებას ყველა სხვისი დაჩაგვრით ცდილობს და რა გასაკვირია ქვეყანაში ბოლო დროს მომხდარი მოვლენები.

 

ვამაყობდი, ჩვენ მორალურად ბევრად ძლიერები ვართ, ვიდრე ამერიკა და ევროპა-თქო, ჩვენ სულიერად ვერ გაგვტეხს მარტივი პრობლემები, ფსიქოლოგი არ გვჭირდება-თქო. აბა, სადაა ჩვენი სულიერი სიძლიერე? ფსიქოლოგის დახმარება დღეს მგონი ყოველ მეორე ბავშვს თუ ზრდასრულს სჭირდება. ფსიქოლოგები არ გვყავს, ნამდვილ მოძღვრებს თუ მეგობრებს თითებზე თუ დაითვლი... უმძიმეს მდგომარეობაში ვართ და ვერ ვაცნობიერებთ.

 

ვინც მიცნობს, ყველამ იცის, რომ დიდად მორწმუნე, უფრო სწორად, ეკლესიური არ ვარ, მაგრამ ძალიან დიდ დანაშაულად მიმაჩნია ეკლესიაზე დღევანდელი შეტევა. იმ ფასეულობების ნგრევა, რომლებიც ადამიანს ცხოვრებაში საყრდენს აძლევენ და წამოდგომაში ეხმარებიან, არ შეიძლება! ორიენტირდაკარგული ადამიანი, მით უმეტეს ბავშვი, ვეღარ ერევა ნამდვილ თუ გამოგონილ პრობლემებს და ხშირად თვითმკვლელობის გადაწყვეტილებასაც იღებს.

 

პოლიცია ყოველთვის მოძალადეა თავის ბუნებით. გასაგებიცაა, იმდენ ბოროტ თუ ცუდ ადამიანთან უწევს შეხება, ხშირად გარკვეულწილად თვითონაც ემსგავსება. რასაკვირველია, უნდა დაისაჯონ დამნაშავე პოლიციელები თუ გამომძიებლები, მაგრამ ის, რომ პოლიციის მხრიდან ძალადობა აღარავისზე მოხდება - უტოპიაა. დამნაშავე პოლიციელებიც მუდამ იარსებებენ, მამათმავალი თუ მექალთანე მოძღვრებიც და გულქვა მასწავლებლებიც, მაგრამ ამან პოლიციის, ღმერთის, განათლების მიმართ უნდობლობა და პროტესტი არ უნდა გაგვიჩინოს, რადგან ეს ჩვენს სულიერ წონასწორობას შეარყევს და საყრდენს დაგვაკარგვინებს.

 

ბავშვის თვითმკვლელობაში დამნაშავე მშობლები, სკოლა, პოლიცია, საზოგადოება - ყველა მეტ-ნაკლებად თანაბრადაა, მაგრამ მარტო სიმპტომების მკურნალობა დაავადებას ვერ მოერევა. იქნებ, რაღაცნაირად მოვახერხოთ და სამომხმარებლო საზოგადოებიდან ერთმანეთის გულშემატკივარ, მოყვარულ და გვერდშიმდგომ საზოგადოებად ვიქცეთ? იქნებ მშობლებმა მოვახერხოთ, შვილებს გავაგებინოთ, რომ მუდამ მათ გვერდში ვიდგებით, ყველა შეცდომის მიუხედავად და პრობლემებთან მარტო არასდროს დავტოვებთ? იქნებ შვილებიც ნაკლებად ეგოისტები გახდნენ და მსგავსი ტკივილი აღარ მოგვაყენონ? იქნებ სკოლამ ბავშვში პიროვნების დანახვა ისწავლოს? იქნებ პოლიციელებმა გააცნობიერონ, ზოგჯერ ადამიანის „ხულიგნობა“ მისი სულიერი სიცარიელის თუ ტკივილის გამოხატულებაა და ერთი თბილი სიტყვით პოტენციურ კანონდამრღვევს ცხოვრება შეუცვალონ? არ ვიცი, მოვახერხებთ? თუ დავრჩებით საზოგადოებად, რომელიც მორიგი მსგავსი ფაქტის დროს აღშფოთდება, თითს სხვისკენ გაიშვერს და საკუთარ თავში სულ ოდნავ მაინც დამნაშავეს ვერ დაინახავს?“ - წერს რაზმაძე.

 

 

 

big_banner
არქივი