logo_geo
ამირან გომართელი: თუ ტელევიზიები ზომიერებას არ დაიცავენ და ქუჩაშიც არ შეწყდება ასფალტსა და კედელზე წერა...
- +

20 დეკემბერი. 2019. 13:48

 

 

პროფესორი ამირან გომართელი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„შეიძლება ვცდები, მაგრამ ასე მგონია, თუ ტელევიზიებმა რაღაც ზომიერება მაინც არ დაიცვეს და ქუჩაშიც არ შევწყვიტეთ ასფალტსა და კედელზე წერა „ამ ცხოვრების დედაც“, - შეიძლება უარესი შედეგი მივიღოთ და თვითმკვლელობები უფრო მასობრივი გახდეს. სიყმაწვილის ასაკში ადამიანი (ვაჟი თუ გოგონა) ისედაც მტკივნეულად ეწერება სოციუმში, ფიქრობს, რომ მას ვერავინ უგებს, მისი არავის ესმის. მეტიც, მთელი სამყარო მის მიმართ მტრულადაა განწყობილი... ამას ემატება ჩვენისთანა ღატაკ ქვეყანაში მკვეთრი სოციალური უთანასწორობა, რასაც გაჭირვებული ოჯახის შვილი, ბუნებრივია, ყოველწამიერად გრძნობს, ასევე ტოტალური სიძულვილი, რაშიც იმავე ტელევიზიებს და მათ ე.წ. თოქ-შოუებს „ლომის წილი“ უდევს. ამიტომ ვშიშობ, ყმაწვილების სუიციდი კიდევ უფრო მასობრივი არ გახდეს. ზემოთ ნახსენები მიზეზების გამო, არაერთმა მოზარდმა შეიძლება ჩათვალოს, რომ „ამ ცხოვრების დედაც“ და მივიღოთ ის ვითარება, რომელიც გოეთეს „ახალგაზრდა ვერთერის...“ შემდეგ შეიქმნა ევროპაში, როცა თვითმკვლელობები მასობრივი გახდა. ასე რომ, ისედაც მძიმე ფონის დამძიმება აღარ გინდათ, ტელეწამყვანებო და ქულების დაწერაზე გამეცადინებულო პოლიტიკოსებო. რა თქმა უნდა, კერძო სკოლის და შსს-ს პასუხისმგებლობას არ გამოვრიცხავ. ამ კერძო სკოლების უმრავლესობა, ასე მომრავლებული უნივერსიტეტების მსგავსად, კიდევ ცალკე უბედურებაა. დამამთავრებელ კლასებში, ბევრ ასეთ სკოლაში (განსაკუთრებით ქალაქის ცენტრში), მოსწავლეები არ დადიან და მშობლებს ისევ რეპეტიტორებთან დაჰყავთ. ნუ გაგიკვირდებათ და ამ მხრივ საჯარო სკოლებში მეტი კონტროლია. კერძოში კი გამკითხავი არავინაა. კერძო მეწარმედ ქცეული სკოლის მეპატრონეც გვატყუებს და ჩვენც თავს ვიტყუებთ“, - წერს გომართელი.

 

big_banner
არქივი