logo_geo
რამაზ ხოტივარი: სად წავიდა ქართული კინო, მისი შინაგანი ენერგეტიკა? რეფორმაა საჭიროა
- +

26 დეკემბერი. 2019. 23:32

 



კინორეჟისორი რამაზ ხოტივარი სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს, სადაც სწუხს ქართული კინოს დღევანდელ მდგომარეობაზე. 

ამ წუთას შემთხვევით წავაწყდი თენგიზ აბულაძის ასჯერ ნანახ ფილმს „ნატვრის ხე“. ისევ ვნახე ფრაგმენტი ფილმისა, სადაც გედია პირველად დაინახავს მარიტას... მარიტა ღიმილით შეხედავს გედიას, გედიას კი სახეზე ღიმილი გაეყინება... სრულყოფილებას დაინახავს, მომაჯადოვეელ სრულყოფილებას... მარიტას ცხენი ბურუსიდან გამოდის, გედიას პატარა ბიჭი ეჭიდავება. გედიას ის ცალი ხელით უჭირავს, ბავშვი ფართხალებს და კისკისებს, გედია კი ვეღარაფერს ვეღარ ხედავს... გედია მონუსხული დგას და უყურებს სასწაულს...

რა იყო ასეთი ეს ლიკა ქავჟარაძე, პირდაპირ წარმოუდგენელია! მართლაც ზეციური სილამაზე...

როგორი დამაჯერებელია სოსო ჯაჭვლიანი, როგორი გაოგნებული სახე აქვს, თითქოს არც კი იჯერებს, რომ მართლაც ანგელოზს უყურებს... სილამაზის დამნახავი გედია შექმნა სოსო ჯაჭვლიანმა. გედია, სავსე შინაგანი კეთილშობილი ენერგიით. ასე შესრულებას დიდი ოსტატობა უნდა - მართლა უნდა გრძნობდე სილამაზეს...

 

რა სცენაა! რა ფილმებს იღებდნენ ადრე! ...

ამის შემდეგ რატომღაც მომინდა ნოდარ მანაგაძის „ამაღლების“ იმ სცენის ნახვა, სადაც გურამ ფირცხალავამ და ისევ სოსო ჯაჭვლიანმა შექმნეს ქართული კინოს ერთ-ერთი საუკეთესო სცენა - აქ ორივენი ერთმანეთს ცხენის წართმევაში ეჯიბრებიან: ვინც შეახტება ამ ცხენს - ომში წავა. გამაოგნებელი ეპიზოდია - ორმა დიდმა მსახიობმა დიდი რეჟისორის, ნოდარ მანაგაძის ხელმძღვანელობით, შექმნეს შედევრი. ასეთი შინაგანი ენერგეტიკა ეკრანზე იშვიათია: გაიხსენეთ, როგორ შემოახტება ცხენს სოსოს გმირი და რა ბედნიერი სახით გააჭენებს იქით, სადაც სამშობლოსთვის კვდებიან...

 

მართლაც, რა ფილმებს იღებდნენ ადრე! სად წავიდა ეს ყველაფერი? სად წავიდა ქართული კინო? სად წავიდა მისი შინაგანი ენერგეტიკა?

 

არსადაც არ წასულა!

მოვრჩეთ წუწუნს!

 

ეს ენერგია ისევ ჩვენშია, ის ისევ ჩვენში დუღს, ოღონდ თითქოს შესვენება აიღოო.. გამოღვიძებაა საჭირო და ახალი ძალით ამოქმედება. ძველის გამოყენება და ახალისთვის გზის გაკვალვა...

ჩემს ნებაზე რომ იყოს, მე რომ ვიყო მთავრობა, „ძველებიდამ“ სოსოსნაირ პროფესიონალებს დავაბრუნებდი კინოსტუდიის სათავეებში, დავეხმარებოდი მართლაც ნიჭიერი ახაგაზრდების თავმოყრაში და მხარს დავუჭერდი პირველ რიგში სერიოზული რეფორმების გატარებაში - ქართული კინო ისევ დაუბრუნდებოდა საკუთარ იდეალებს და ისევ შექმნიდა იმას, რისი შექმნაც არასოდეს უჭირდა - შედევრებს...“, - წერს რეჟისორის ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

 

 

big_banner
არქივი