logo_geo
სოსო მანჯავიძე: საქართველო ეგზისტენციალური გამოწვევების წინაშე შეიძლება დადგეს
- +

6 მარტი. 2017. 14:42



თბილისის საკრებულოს დეპუტატი სოსო მანჯავიძე სოციალურ ქსელში წერს:


გემახსოვრებათ მაკ-კეინისა და კომპანიის საახალწლო ვოიაჟი.

მანამდე ის უკრაინას სტუმრობდა.

ის პოლიტიკური ფრთა, რომელსაც ეს სენატორები წარმოადგენენ, არ ეგუება ტრამპის გამარჯვებას ამერიკაში და ყველანაირი მეთოდით ებრძვის მას.

მის მთავარ მიზანს რუსეთისთვის პრობლემების შექმნა წარმოადგენს, რამაც ტრამპის საგარეო პოლიტიკური მიზნების განხორციელებას უნდა შეუშალოს ხელი.

ამისთვის უკრაინამ უნდა განაახლოს მასირებული შეტევა დონბასზე, რათა რუსეთმა არმია შეიყვანოს უკრაინაში.

ეს სცენარი დამღუპველი იქნება რუსეთისთვის და შეუძლებელს გახდის ამერიკა-რუსეთის მოლაპარაკებას.

საქართველოს ხელისუფლებას მაკ-კეინის ფრთა არასანდოდ და არაეფექტურად მიიჩნევს რუსეთისათვის პრობლემების შექმნის საკითხში, ისევე, როგორც ისლამისტი მებრძოლების სირიაში ტრანზიტის საქმეში.

ამიტომაც მათ აუცილებლად მიაჩნიათ მთავრობის ჩამოცილება ხელისუფლებიდან, რისთვისაც იყენებენ თავის მრავალრიცხოვან აგენტურას, რომელიც გამოზრდილია სოროსის ფულითა და გავლენით და ვისითაც ინფილტრირებულია აღმასრულებელი, საკანონმდებლო, სასამართლო და მედია ხელისუფლება, აღარაფერს ვიტყვი არასამთავრობო სექტორზე.

ამ ინფილტრაციამ, რომელიც კოჰაბიტაციის" დროშით ხორციელდებოდა, მთლიანად ქმედუუნარო გახადა სახელმწიფო და, რომ არა ხალხის სიძულვილი ნაციონალური მოძრაობის" მიმართ, რევოლუცია დიდი ხნის მომხდარი იქნებოდა,

ამ საერთაშორისო რვაფეხას საცეცების მოქმედება უნდა დავინახოთ სარიუშ ვოლსკისა და სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების ინსპირატორად, ვინაიდან რუსთავი 2"-ზე კონტროლის დაკარგვა შეუძლებელს ხდის მათი გეგმების განხორციელებას.

ამავე კონტექსტში განსახილველი NATO-ს ბაზისათვის ფოთის პორტის შეთავაზება და ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრის კუნცის წინადადება ლტოლვილებისათვის ბანაკების მშენებლობის შესახებ საქართველოში.

ნათელია, რომ გეოპოლიტიკური სიმშვიდის პერიოდი, რომელიც მცირე ხნით დამყარდა ჩვენს რეგიონში, მთავრდება.

საქართველო ეგზისტენციალური გამოწვევების წინაშე შეიძლება დადგეს, ამიტომაც არავითარ შემთხვევაში არ უნდა მივცეთ უსირცხვილო რენეგატებს ახალი პროვოკაციების მოწყობის საშუალება.

თუ საჭირო გახდა, ქუჩაშიც უნდა გავიდეთ და ვანახოთ, ვინაა უმრავლესობა ამ ქვეყანაში, თუ არც მაშინ მოისვენებენ, არსებობს სხვა, უფრო ეფექტური მეთოდებიც.

მთავრობა კი იმისთვის არსებობს, რომ საქმე აქამდე არ მიიყვანოს და თუ მიიყვანს, ვერც თვითონ გაექცევა პასუხისმგებლობას", - წერს მანჯავიძე.



 

big_banner
არქივი