logo_geo
გელა ჩარკვიანი: ეჰ, ვინაა ამქვეყნად „უნაკლო“...
- +

6 იანვარი. 2020. 13:11

 

დიპლომატი და მწერალი გელა ჩარკვიანი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

 

„როცა წარსულში დარჩენილი ნაცნობი სახეების გალერეას შევავლებ ხოლმე თვალს, კოლორიტულ ფიგურებს შორის ყველაზე გამოკვეთილად გუგული ყიფიანს ვიხსენებ. იგი საქართველოს ფილარმონიას ხელმძღვანელობდა და მასთან ერთად ამერიკაში გასტროლებზე სამი თვე დავყავი. არც საერთაშორისო პოლიტიკის კურსი ჰქონდა გავლილი რომელიმე პრესტიჟულ უნივერსიტეტში და არც ინგლისური იცოდა, მაგრამ ღმერთისგან ბოძებული ხიბლით, ზომიერი იმერული დიპლომატიითა და კიდევ რაღაცით, რასაც ენა ვერ აღწერს, გუგული ყიფიანი აჯადოებდა უცხოელ იმპრესარიოებს – არ მახსოვს მის რომელიმე თხოვნაზე უარი ეთქვათ. ყველა სხვა სიკეთესთან ერთად, გუგული ყიფიანი იყო ყველაზე დიდი ქართველი გურმე, ქართული სუფრისა და სამზარეულოს უზადო მცოდნე. ამერიკის პრერიებში ავტობუსით უსასრულო მგზავრობისას, მშობლიურ კერძებს მონატრებულ ანსამბლის წევრებს იგი ვირტუალურ ქართულ სუფრას გაუწყობდა ხოლმე.

 

„აბა დავიწყოთ,“ იტყოდა. „რა მოდის პირველი?“ „მჭადი და საირმის სულგუნი“. – უპასუხებდა მომღერალი ან მოცეკვავე. „არა ხარ შენ მართალი. არ ქვია მაგას საირმის სულგუნი. ეგ მუჯირის სულგუნია. რას ვდებთ სუფრაზე მჭადის და სულგუნის შემდეგ?“ იკითხავდა და თავადვე უპასუხებდა: „კიტრის და პამიდვრის სალათას ღოღნოშოს ტყემლით“. ასე თანდათან გაიშლებოდა მეფური სუფრა, მაგრამ ახალი კერძების შემოთავაზებას ბოლო იქამდე არ უჩანდა, სანამ ამერიკელი მასპინძლის ხმა არ დააბრუნებდა ზომაზე მეტად მოშიებულ და აღგზნებულ ქართველებს Fast food-ის შეზღუდულ რეალობაში. „რომელ რესტორანში გსურთ მიირთვათ ლანჩი – მაკდონალდსში თუ ქენტაკი ფრაიდ ჩიკენში?“ – შეგვეკითხებოდა იმპრესარიოს წარმომადგენელი. „ჩი-კენ! ჩი-კენ!“ გაისმოდა ქართველების ყოველთვის ერთი და იგივე გუნდური პასუხი. არ შეიძლება არ გავიხსენო, რომ დიდ ქართველ გურმეს თავდავიწყებით უყვარდა „კოკა-კოლა“. ამას არა­ვის უმხელდა. ნათესავ მოცეკვავე ბიჭს წაუჩურჩულებდა ხოლმე, ჩვენ რომ ვიცით, ის ამომიტანე ნომერში ერთი ყუთიო. ეჰ, ვინაა ამქვეყნად „უნაკლო“, - წერს ჩარკვიანი.

 

 

 

big_banner
არქივი