logo_geo
ბონდო მძინარაშვილი: რა უნდა ვაღიაროთ, - უკრაინის ეკლესიის ე.წ. ავტოკეფალია თუ მსოფლიო პატრიარქის უფლებები უკრაინის ე.წ. ავტოკეფალურ ეკლესიაზე?!
- +

13 იანვარი. 2020. 17:02

 

 

ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„იცით თუ არა, რომ:

 

  1. უკრაინის ე. წ. ავტოკეფალურ ეკლესიას მირონის ხარშვის უფლება არ აქვს და კონსტანტინოპოლიდან უნდა წაიღოს;

 

  1. უკრაინის ე. წ. ავტოკეფალურ ეკლესიაში შიდასაეკლესიო დავები უნდა გადაწყვიტოს არა უკრაინის ეკლესიის სინოდმა, არამედ მსოფლიო პატრიარქმა.

 

ეს წერია ტომოსში, რომლის თაობაზეც უმრავლესობამ მხოლოდ ის იცის, რომ ამ ტომოსით უკრაინის ეკლესიას ავტოკეფალია მიენიჭა, რეალურად კი მსოფლიო საპატრიარქომ უკრაინაში გახსნა თავისი... ეპარქია!

 

ჰოდა, მითხარით, ჩვენ რა უნდა ვაღიაროთ - უკრაინის ეკლესიის ე. წ. ავტოკეფალია თუ მსოფლიო პატრიარქის უფლებები უკრაინის ე. წ. ავტოკეფალურ ეკლესიაზე?!

 

შეგახსენებთ: საქართველოს ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია მირონსაც ხარშავს და შიდასაეკლესიო დავებიც წმინდა სინოდის სხდომაზე წყდება.

 

ჰოდა, რას ითხოვენ საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდისგან?!

 

იმასაც შეგახსენებთ, რომ მსოფლიო პატრიარქი არ არის მსოფლიოს ყველა მართლმადიდებლის პატრიარქი ისე, როგორც რომის პაპი არის მსოფლიოს ყველა კათოლიკეს პაპი!

 

ანუ რომის პაპი არის კათოლიკური ეკლესიის პირველი პირი, ხოლო მსოფლიო პატრიარქს აქვს თავისი საპატრიარქო საზღვრები, რომლის გაფართოებასაც თავგანწირული ცდილობს სხვა ეკლესიების მრევლის ხარჯზე!

 

მოკლედ რომ ვთქვა, მსოფლიო, ანუ კონსტანტინოპოლის პატრიარქი არ არის ყველა მართლმადიდებლის „დირექტორი“, თუმცა კი, ძალიან უნდა, რომ იყოს!

 

საქართველოს საპატრიარქო წინააღმდეგი არ არის, რომ უკრაინის ეკლესიას ავტოკეფალია ჰქონდეს, რადგან უკრაინა არის სახელმწიფო, რომლის ტერიტორიაზე მოციქულმა იქადაგა და, ამდენად, ეკუთვნის კიდეც! ოღონდ არა მსოფლიო პატრიარქის გამოცემული ტომოსის პირობებით, არამედ სრულფასოვანი ავტოკეფალია.

 

ახლა „ობიექტივის“ პირდაპირ ეთერში საუბრობდა მეუფე ნიკოლოზი და მოუსმინეთ, თუ ტომოსის წაკითხვა ან მისი შინაარსის გაგება გაგიჭირდებათ“, - წერს მძინარაშვილი და გადაცემის ჩანაწერს აქვეყნებს:

 

 

 

 

 

big_banner
არქივი