logo_geo
გია გაბრიჭიძე: მოძრაობა „შეცვალე“ და შალვა ნათელაშვილი რეალობას ზუსტად ისე არიან მოწყვეტილნი, როგორც...
- +

13 იანვარი. 2020. 19:28

 

 

ჟურნალისტი გია გაბრიჭიძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„ხშირად დამიწერია და მითქვამს, რომ საქართველო დეპრესიული რეგიონია.

 

ამ ჩემს მოსაზრებაზე ყოფილა სხვადასხვა სახის მსჯელობა, კამათი, ახსნა. იყო განმარტებები, სადაც მთავარი დარტყმა მედიასაშუალებებისკენ იყო მიმართული, რომელთა მთავარ არგუმენტსაც ე.წ. „სკანდალური“, არაადეკვატური ინფორმაციის გავრცელება და საზოგადოების სტრესში ჩაყენება წარმოადგენდა.

 

დღეს თამამად შემიძლია ვთქვა, რომ მედია არაფერ შუაშია.

 

დიახ, არაფერ შუაში და თვით ის პატარა გოგოშკები, თუ ბიჭუშკები, რომელთა ხელშიც სხვადასხვა მანქანებით მიკროფონი აღმოჩნდა, ძალიან დიდ და კარგ საქმეს აკეთებენ.

 

შეიძლება თავისდაუნებურად, მაგრამ მაინც დიდ საქმეს, საქმეს, რომელსაც საზოგადოების გამოფხიზლება და აზროვნების, შეფასების უნარის რეალურ კალაპოტში ჩაყენება ჰქვია.

 

ძველი ბერძნები მონებს ათრობდნენ და შემდეგ შვილებს მათს ქცევას აჩვენებდნენ, რათა ბავშვებს სცოდნოდათ, თუ რა შედეგი მოსდევს ზედმეტ სიმთვრალეს.

 

მედიამ დღეს სწორედაც იმ მონების ფუნქცია შეითავსა და პირდაპირ გვაჩვენებს იმ მოთხოვნას, რაც არა საინფორმაციოების ხელმძღვანელებს, არა ტელე, თუ ელექტრონული საინფორმაციო საშუალებების მფლობელებს, არამედ ხალხს, ე.წ. საზოგადოებას აქვს.

 

საზოგადოებას სურს იდიოტიზმის და მარაზმის მოსმენა.

 

საზოგადოებას სურს მაქარაშვილი.

 

საზოგადოებას სურს კესარია.

 

საზოგადოებას სურს ცხვრების მირეკვა პარლამენტთან.

 

საზოგადოებას სურს შალვა ნათელაშვილი.

 

საზოგადოებას სურს იცოდეს, მოწია, თუ არა სიგარეტი მავანმა „ვარსკვლავმა“.

 

საზოგადოებას სურს მთავარი არხი და ფორმულა.

 

საზოგადოებას სურს გირჩი ჯაფარას პერფომანსები.

 

საზოგადოებას სურს . . . სურს . . . სურს. .

 

და სანამ იმ ხალხს, ვისაც ეს „სურს“, აქ არც საზოგადოება იქნება და ქვეყანა მუდამ დეპრესიული რეგიონის ფლაგმანად დარჩება.

 

მაგალითად დღევანდელი ამბები:

 

მოძრაობა „შეცვალე“ ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრთან აქციას მართავს.

 

აქციის მონაწილეები საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართავენ და ივანიშვილის ქონების დაყადაღებას ითხოვენ.

 

„ეს ოლიგარქი, რომელიც გადააჯდა მთლიანად საქართველოს. დროულად უნდა იქნეს მისი ქონება დაყადაღებული. ჩვენ ვიცით რომ, ის არის ერთ-ერთი კანდიდატი „შავ სიაში“ შეყვანის, მაგრამ ეს უნდა დაჩქარდეს. აუცილებელია მისი ქონების დაყადაღება. ერთადერთი იარაღია რაც აიძულებს გაჩერდეს “, - ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.

 

და მეორე:

 

ნათელაშვილი: 2020 წელი ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის პოლიტიკურ ჯოჯოხეთში გასტუმრების ეტაპი იქნება

 

„2020 წელი იქნება ჟამი ჩვენი ხალხის და ჩვენი ქვეყნის თავისუფლების. 2020 წელი იქნება ეტაპი, „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის, ბიძინა ივნიშვილის რეჟიმის პოლიტიკურ ჯოჯოხეთში გასტუმრების. ეს აუცილებლად დადგება, იმ სტრატეგიით, რომელიც შემუშავებულია“, - ამბობს შალვა ნათელაშვილი.

 

მშრალი გონებით რომ შევხედოთ, ეს ხალხი, მოძრაობა „შეცვალე“ და შალვა ნათელაშვილი რეალობას ზუსტად ისე არიან მოწყვეტილნი, როგორც დაზიანებული კოსმოსური ხომალდის რაღაც დეტალი, მთავარ მატარებელს.

 

რა „შავი სია“, რა ივანიშვილის ამ ეფემერულ სიაში „შეყვანის დაჩქარება“. თქვენი არ არის ის „სია“? და რას ფოკუსნიკობთ, ვითომ რაღაც „სერიოზული განხილვები“ გაქვთ?

 

სრული სისულელე. იმაზე არაფერს ვიტყვი, რომ ივანიშვილის ქონების დაყადაღება, უუტვინოესი აბსურდია და ეს ამ „შემცვლელების“ უფროსებმაც და სავარაუდოდ მათმა დიდმა ნაწილმაც კარგად იციან, მაგრამ ცდილობენ მოსახლეობაში ე.წ. „უბურთოდ თამაშის“ განცდის შექმნას. ისეთი თამაშის, რომელიც სინამდვილეში რომელიღაც ფეხბურთელის ყოვლად უაზრო სირბილია, მაგრამ ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ რაღაცას აკეთებს.

 

იგივე „უბურთოდ თამაშის“ შეგრძნებას ქმნის ვინმე ნათელაშვილი. რა „ჟამი“ და რის „პოლიტიკური ჯოჯოხეთი“. ხალხმა ხომ იცის და თქვენს ხომ იცით, რეალურად ვინ არის „გასტუმრებული“, მაგრამ ფხაკური აუცილებელია.

 

უბედურება კი ისაა, რომ მოსახლეობა ამ ყველაფერს უყურებს, უსმენს და მიუხედავად იმისა, რომ არ სჯერა არც ერთი სიტყვის, გასაღების ბაზარს ქმნის.

 

ბაზარს, რომელიც ერთი-ერთში ჰგავს იმ ყველით მოვაჭრეთა დახლებს, სადაც ყველამ იცის რომ ანტისანიტარიაა, ჯანმრთელობისთვის საშიშია, მაგრამ მაინც მიდის და იქ ყიდულობს.

 

ყიდულობს იმიტომ რომ იაფია!

 

ყიდულობს იმიტომ, რომ დეპრესიულ რეგიონში ცხოვრობს.

 

გამოსავალი არ მკითხოთ. არ მკითხოთ, რადგანაც ჩემი პასუხი - მენტალური კონტრრევოლუციაა. ეს კი სავარაუდოდ არ მოგეწონებათ“, - წერს გაბრიჭიძე.

 

 

big_banner
არქივი