logo_geo
თამარ უჯმაჯურიძე: ამაღამ დიდი ამბებია გურიაში, კალანდა თენდება
- +

14 იანვარი. 2020. 01:48

 

 

ფილოლოგი თამარ უჯმაჯურიძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე, გურულ კალანდაზე წერს და ბავშვობის დროინდელ პირველ შთაბეჭდილებას გვიზიარებს.

"სულ ერთხელ შევხვდი კალანდას გურიაში, ბავშვობაში. არასოდეს დამავიწყდება ეზოში მორთული ნაძვი, რომელიც სახლში მორთულს ბევრად სჯობდა. მაგრამ მთავარი წინ მელოდა: დილა გათენდა თუ არა, ბავშვებს სახლში რა გაგვაჩერებდა და გარეთ გავცვივდით, უფროსებმა პალტოები და ქუდები უკვე ეზოში გასულებს დაგვადევნეს. დიდი თოვლი მოსულიყო იმ ღამით. საოცრება ის იყო, რომ თოვის შემდეგ გამოედარა და ფეხდაუდგმელი, ქათქათა თოვლი მზეზე ათასფრად ბრჭყვიალებდა. ასეთი თოვლი მხოლოდ ნახატ ფილმებში მენახა, სადაც ლამაზი ზღაპრები ცოცხლდებოდნენ, თავისი გმირებით, უფლისწულებითა და მეფის ასულებით. . . არ ვიცი რამდენი ხანი ვუყურებდი თოვლს, ბავშვებმა ითამაშეს და შემომეცალნენ, მე კი ამ საოცრებას თვალს ვერ ვაშორებდი... მაშინ დავიჯერე, რომ გურია საოცარი ადგილია დედამიწაზე, სადაც ზღაპარი ცოცხლდება, სადაც საოცრებები ხდება და სადაც მსოფლიოში ყველაზე ლამაზი ახალი წელი დგება... გავიზარდე, ცხოვრება გავიარე, მაგრამ ახლაც ასე მჯერა და ყოველ ახალ წელს ის კალანდა მახსენდება... ამაღამ დიდი ამბებია გურიაში - კალანდა თენდება. ვულოცავ გურიას და საქართველოს".

 

 

big_banner
არქივი