logo_geo
ირაკლი გოგავა: რუსეთის მოსახლეობაში პუტინის მხარდაჭერა 53%-დან 38%-ზე ჩამოვიდა
- +

15 იანვარი. 2020. 23:07

 

 

საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი, პოლიტოლოგი ირაკლი გოგავა რუსეთის ფედერაციაში მიმდინარე ცვლილებებს ეხმაურება და სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს.

 

მისი მოსაზრებით, სახელისუფლებო ცვლილებები განპირობებულია საზოგადოებრივი აზრის კვლევების საგანგაშო მონაცემებით. 

 

პუტინმა მედვედევი მთავრობიანად "დაითხოვა" და ის უშიშროების საბჭოში თავის მოადგილედ გადაჰყავს. რუსეთს "ტექნიკური" პრემიერი მიხაილ მიშუსტინი ეყოლება. ის რუსეთის საგადასახადო სამსახურის უფროსი იყო და კარგად იცის ვინ რითი "სუნთქავს".

 

სახელისუფლებო ცვლილებები განპირობებულია საზოგადოებრივი აზრის კვლევების საგანგაშო მონაცემებით: ქვეყნის მოსახლეობის 66% მთავრობაში ცვლილებებს ელოდა, 45% მასობრივ პროტესტებს, 49% ეკონომიკურ კრიზისს.

 

თავად პუტინის მხარდაჭერა 2016 წლის 53%-დან 38%-ზე ჩამოვიდა. მხოლოდ 49% თვლის, რომ რუსეთი სწორი გზით მიდის. პუტინის საქმიანობის "მოწონების რეიტინგი" კი 88%-დან 68%-ზე ჩამოქვეითდა.

 

რუსეთში საზოგადოებრივი აზრის ამგვარი ცვლილებები საპენსიო რეფორმამ, ციმბირის ტყეებში ხანძარმა, ირკუტსკში წყალდიდობამ, სანქციებმა და ზოგადად 2014 წლის შემდეგ სოციალურ-ეკონომიკური სიტუაციის გაუარესებამ განაპირობეს.

 

აღსანიშნავია, რომ რუსეთის მოსახლეობის 8% საქართველოსთან ავიამიმოსვლის შეწყვეტას მთავარ პრობლემად აღიქვამს.

 

2019 წელს ეკონომიკის 1,2%-იანი ზრდის ფონზე შექმნილი სიტუაცია ხელისუფლებას მოქმედებებისკენ უბიძგებს. მთავრობის გადახალისება კი ერთ-ერთ ეფექტურ ტექნოლოგიად ითვლება დროის მოსაგებად და მოლოდინების მომავალში გადაწევისთვის.

 

რუსეთში ასეულ ათასობით ჩვენი თანამემამულე ცხოვრობს, რომლებიც ქმნიან საქართველოსთან უწყვეტ ეკონომიკურ კავშირს. ამ ფაქტორის გამო რუსეთში ნებისმიერი ეკონომიკური რყევა ავტომატურად ნეგატიურად აისახება საქართველოს ეკონომიკაზე“, - წერს ირაკლი გოგავა.

 

 

big_banner
არქივი