logo_geo
ნაახალწლევს ჩიჩილაკებს, ნუ გადაყრით, თბილისის ზოოპარკის ბინადრებს მიუტანეთ
- +

17 იანვარი. 2020. 21:34

 

 

ნაახალწლევს, ვალმოხდილი ჩიჩილაკებისა და ნაძვის ხეების დასაბინავებლად თბილისის ზოოპარკი დედაქალაქის მოსახლეობას საუკეთესო იდეას სთავაზობს:

 

 

"ჩიჩილაკებისა და ნაძვის ხეების დაშლა-არმოშლის გზაგასაყარზე მეტად საჭირო პოსტს გთავაზობთ. ნაძვის ხეები მხოლოდ ჩვენ, ადამიანებს კი არ გვაქვს, ზოოპარკში ცხოველებსაც ვუხალისებთ დღესასწაულებს. აგერ, ბატონო, ასე შეხვდნენ ახალ წელს ჩვენი დათვები და მგლები. ხუმრობა საქმე კი არაა, იმგვარი ნაძვის ხე წამოვუჭიმეთ, ლამაზიც იყო და გემრიელიც. ფაქტობრივად, სუფრა გავუშალეთ, ოღონდ - ვერტიკალურად. რას აღარ ნახავდით ზედ ჩამოკონწიალებულს - ლოყაწითელი ვაშლები, ხრამუნა სტაფილოები, ქვეშ კოხტად შემოლაგებული გოგრები, თივის წვიმები, ხის სათამაშო ბურთები. ვარსკვლავიც კი დახვდათ, კენწეროში დაკოსებული. ამ ვარსკვლავს მხოლოდ იდეური და ესთეტიკური დატვირთვა კი არ ჰქონდა, სათამაშოც იყო. რომ ჩამოგლიჯეს, მშვენივრად აგორავეს, ფხოჭნეს და დორდლეს.

 

ეს ნაძვის ხე კი იყო გადასარევი, მაგრამ ნაახალწლარ ჩიჩილაკებს თუ არ გადაყრით და ჩვენ მოგვიტანთ, ძალიან გაგვახარებთ. ჩვენზე მეტად კი - ჩვენს ბინადრებს. ზოოპარკის ყოჩაღი მომვლელები ათასგვარ დანიშნულებას მოუფიქრებენ - სათამაშოებს დაამზადებენ, ზედ ახუნძლავენ რამეებს და ისე შეუტანენ ცხოველებს, გირლიანდებს დაწნავენ. მოკლედ, სადაც ამ ნაძვის ხეს დაამაგრეს ვარსკვლავი, ჩიჩილაკებსაც საინტერესო ფუნქციას მოუძებნიან.

 

თუ გემეტებათ და მაინცა და მაინც ჩიჩილაკის აბურბურების სურვილით არ იწვით, გაუხალისეთ ყოველდღიურობა ზოოპარკის ბინადრებს და გვაჩუქეთ თქვენი ვალმოხდილი ჩიჩილაკები", - ვკითხულობთ თბილისის ზოოპარკის ფეისბუქგვერდზე.

 

 

big_banner
არქივი