logo_geo
გიორგი კალანდია: ბორტის ყველა ქართველი მგზავრი უკვე ფეხზე იყო და გამალებით ეძებდა საკუთარ ბარგს...
- +

18 იანვარი. 2020. 14:33

 

ხელოვნების სასახლის დირექტორი გიორგი კალანდია სოციალურ ქსელში ერთი წლის წინ გამოქვეყნებულ პოსტს აზიარებს:

 

„მახსოვს, თვითმფრინავით მორიგი დაშვების დროს გამცილებელმა გამოაცხადა „ლაინერის სრულ გაჩერებამდე ნუ წამოდგებითო“, თუმცა, ვინ უსმინა, ბორტის ყველა ქართველი მგზავრი უკვე ფეხზე იყო და ზედა იარუსში გამალებით ეძებდა საკუთარ ბარგსა და ნივთებს... უცებ თვითმფრინავმა დაამუხრუჭა და საშინელებაც მოხდა, ადამიანები ერთმანეთში აიგლისნენ, ვის თავში მოხვდა, ვის ფეხზე, ზოგი იატაკზე ეგდო, ზოგიც წინა სალონში... საბედნეიროდ, ყველა გადარჩა, თუ მსუბუქად დაშავებულ წყვილს არ ჩავთვლით, რომლებმაც ფეხზე წამოდგომის შემდეგ ლაინერის პილოტებსა და ბორტგამცილებლებს საშინელი ისტერიკა მოუწყვეს, მგზავრების ნაწილიც აჰყვა, კომპენსაციას და ზიანის ანაზღაურებას ყოველი შემთხვევისათვის ითხოვდნენ... სულ ასე არ არის?! უბედურება რომ დატრიალდება, მერე ვიწყებთ მიზეზების და უფრო ხშირად კი დამნაშავეების ძებნას, არადა, დამნაშავეები ჩვენ ვართ, დიახ, ჩვენ! უფრო სწორად: - მე, შენ, შენი და ჩემი მშობლები, ნათესავები, მეზობლები, მეგობრები, ახლობლები, ნაცნობები და თანამშრომლები, დიახ, მე და შენ ავაშენეთ ეს ნაღმზე მჯდომი ქალაქი, სადაც სასუნთქი არეალი მოვსპეთ, რამეთუ ყველა ხე გავჩეხეთ და ყველა მინდორი მოვჯეგეთ. სამაგიეროდ ერთმანეთს თვალები ამოვუღამეთ ბეტონის ცათამჯენებით, ბლოკის მაღალი გალავნებით, დიახ, ეს ჩვენ ვართ, ვინც ჩვენი ქალაქი გამოვტენეთ ჯართით და მხრჩოლავი მანქანებით, რომელთა გამონაბოლქვი ყველაზე სანუკვარს - სუფთა ჰაერის ჩასუნთქვის უფლებასაც აღარ გვიტოვებს! დიახ, ეს მე და შენ ვართ, ვინც ქუჩებში გადასასვლელებზე არ გადავდივართ, შუქნიშანზე არ ვჩერდებით, გადამეტებული სიჩქარით დავქრივართ, ახლადჩარგულ ყვავილებსა და ხეებს ვპუტავთ, ბაღის სკამებს ვამტვრევთ, სამარშრუტო ტაქსებში ცხენებივით ფეხზე ვდგავართ, საცობებში მანქანებით რიგს ვარღვევთ და ერთმანეთს ვჭეჭყავთ, ტრანსპორტს იქ ვაჩერებთ, სადაც მოსულა. დიახ, ეს ჩემი და შენი სადარბაზოებია ნაგვით გამოვსებული, ჭუჭყით გამოღამებული, შარდის სუნით აყროლებული, სარდაფები ვირთხებით და სიბინძურით სავსე, ლიფტები კი ღილაკებდამწვარი და სარკეჩალეწილები! დიახ, ეს მე და შენ, ჩვენს ყველა ახლობელთან, ნაცნობთან თუ მეგობართან ერთად შევქმენით და განვავრცეთ. ჩვენ მივაშენეთ ამ კორპუსებს ლოჯიები, უკანონო აივნები, ჩვენ ვიყიდეთ ეს საშინელი და გაუმართავი შენობები, ჩვენ დავხუჭეთ თვალი ბევრ უკანონობაზე და უმეცრებაზე... ყოველ დილას უნივერსიტეტში ლექციაზე მიმავალი ვუყურებ იმ კორპუსს, რომლის კარკასიც ვერეს ხეობაში საშინელი ტრაგედიის დროს ნახევრად წყალში ჩაძირული იდგა... მისმა მფლობელმა კორპუსი მაინც დაასრულა და ბინებიც წარმატებით გაყიდა, არავის დაუკვნესია, არავის დაუჩივლია, სკანდალებს გამოდევნებულ ქართულ ჟურნალისტიკაშიც ეს საკითხი არავის წამოუჭრია... ხელმეორე წყალდიდობისაგან ღმერთმა დაგვიფაროს, მაგრამ იმ კორპუსში მცხოვრებლებმა ხომ განაჩენი საკუთარ თავს თავადვე გამოუტანეს?! ღმერთმა დაიფაროს ამ სეისმურად აქტიურ რეგიონში რაიმე მსგავსი, მაგრამ წარმოდგენაც კი მზარავს, რა შეიძლება დატრიალდეს ამ ბედრკულ თბილისში... ასეა, ასე, ჩემო ძვირფასებო, ამიტომ ცამდე მართალია ანა დოლიძე, როდესაც ამბობს, რომ ყველანი მოვკვდებით ასეთი საშინელი ყოფით.... რატომ?! იმიტომ, რომ ჩვენ ვართ სოციუმი, რომელმაც სახე დაკარგა, რომელიც მნიშვნელოვან პროტესტს მხოლოდ პოლიტიკურ საკითხებზე აწყობს (ისიც იმიტომ, რომ ყველაფერში დამნაშავე ყოველთვის მთავრობა ჰგონია), ჩვენ გავხდით ხალხი, რომელიც ხსნას მხოლოდ ღმერთისგან ელის („ხელი გაანძრიე და გიშველიო“ დიდი ხანია დაგვავიწყდა), ჩვენ ვართ საზოგადოება, რომელსაც გვინდა, ყველგან იაფად გამოვძვრეთ და ამ ძიებაში ყველაზე ძვირფასს - სიცოცხლეს ვკარგავთ.... ვუყურებ და ვხვდები:- ნელ-ნელა ამაზონის ტყეებში მცხოვრებ იმ ერთგვარ რეპტილიას ვემსგავსებით, რომელიც სიცოცხლის „გადასარჩენად“ ჯერ შვილების, შემდეგ კი საკუთარი სხეულის ჭამას იწყებს“, - წერს კალანდია.

 

 

big_banner
არქივი