logo_geo
კონსტანტინე გამსახურდია: არაფერს ვიტყვი იმ ადამიანზე, ვინც ახლახან გარდაიცვალა, მაგრამ ეს კადრები მთლიანად დადგმულია
- +

23 იანვარი. 2020. 18:24

 

 

 

საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას შვილი კონსტანტინე გამსახურდია ქვეყნის პირველი პრემიერ-მინისტრის თენგიზ სიგუას გარდაცვალებას სოციალური ქსელის საშუალებით ეხმიანება და აცხადებს, რომ ვიდეოკადრები, სადაც ჩანს, როგორ ემუქრება სიგუა პრეზიდენტ გამსახურდიას, არის სრული ფაბრიკაცია.

 

„მინდა გითხრათ, რომ ეს კადრები მთლიანად დადგმულია, მოდელირებულია. და ვისთან საუბრობს ის კაცი, ვინც პრეზიდენტ გამსახურდიას ემუქრება - ანუ ვინ არის ტელეფონის სასმენის მეორე მხარეს, - ეს დანამდვილებით არავინ იცის.

 

მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს რომელიღაც მტრული სპეცსამსახურის დატრენინგებული წარმომადგენელია, ან საერთოდ არავინაც არ არის. თუმცა, თავის დროზე ეს იყო ჩვეულებრივი პიარპროპაგანდა - აი, შეხედეთ, რა მაგარი და „მიმწოლი“ პრემიერი გვყავს, როგორი რიხით და გონორით ემუქრება, ვითომდაც, შიშისგან დაზაფრულ პრეზიდენტს! ამ დროს რუსთაველი უკვე იწვის.

 

ვინ მამაცი გამოდგა და ვინ მართალი, ვფიქრობ, ისტორიამაც და ხალხის არაბრბოდქცეულმა ნაწილმა ცხადად დაადასტურა და აჩვენა.

 

ვინც გამახსენდა, მიუხედავად სხვაგვარი ისტორიისა, ესენი არიან ნორვეგიის ნაცისტი კოლაბორაციონისტი ვიდკუნ აბრაჰამ ლაურიდს კვისლინგი („კვისლინგი“ თანამედროვე ევროპულ ენებში დამკვიდრებული ტერმინიცაა იმის აღმნიშვნელად, ვისაც ქვეყნის გარე მტერი და დამპყრობელი სახელმწიფოს სათავეში წამოასკუპებს) და ჰოლანდიელი ანტონ ადრიაან მუსერტი. ორივეს პასუხი აგებინეს.

 

მეტს არაფერს ვიტყვი იმ ადამიანზე, ვინც ახლახან გარდაიცვალა. გავიხსენებ მხოლოდ ფრიდრიხ შილერის ლექსს რომაულ დატირებაზე („ნენიე“), სადაც უდროოდ დაღუპულ ჭაბუკ ლინოსს ტირიან ღმერთებიც და მოკვდავნიც, რომ დიდებულია იქცე „სატრფოს მიერ ამონაკვნეს სიმღერად“. ლექსის ბოლო სტრიქონი კი ასეთია:

 

„უმსგავსს მიღმეთში მიაცილებს რადგან დუმილი“. და სავსებით ესადაგება“, - წერს გამსახურდია.

 

აქვე, პირველი პრეზიდენტის შვილი იმ საკითხზეც საუბრობს, რის გამოც ზვიად გამსახურდიამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრად თენგიზ სიგუა შეარჩია.

 

„ზვიად გამსახურდიამ თავიდან ის კი შეარჩია პრემიერად, მაგრამ რატომ? - იმიტომ, რომ სიგუა იყო რუსთაველის საზოგადოების თავმჯდომარის მოადგილე და მას გაუწია რეკომენდაცია რამდენიმე ინტელიგეტმა, მათ შორის აკაკი ბაქრაძემ. შემდეგ სიგუა აქტიურად იყო ჩართული საარჩევნო საკითხებში და იყო პირველი დამოუკიდებელი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, ირაკლი ჟორდანიას მოადგილე. რაც შეეხება პუტჩისტთა დღევანდელ არგუმენტს, რომ „კიტოვანიც და სიგუაც“ გამსახურდიას მოყვანილები არიან, და საბოლოო ჯამში ეს პუტჩიც „მრგვალი მაგიდის“ განხეთქილება იყო, ამაზე ერთ ამბავს მოვიტან: დიდ ბრიტანეთს 70-იან წლებში, როგორც აღმოჩნდა M-16-ს რიგებში ჰყავდა საბჭოთა КГБ-ს აგენტები, თავმჯდომარე - კიმ ფილბი და 3 მაღალჩინოსანი. ბრიტანეთმა ვერ დაიცვა სრულად თავი ამ შეჩვენებულებისგან და ახალფეხადგმულ სახელმწიფო ორგანიზმს საწყის სტადიაში ნეტავ რა უნდა ექნა?!“ - წერს კონსტანტინე გამსახურდია.

 

 

 

big_banner
არქივი