logo_geo
მუსლიმი გოგონას ემოციური ისტორია: ჯვარს და ნინიკოს ღმერთს მინდა ვემთხვიო
- +

25 იანვარი. 2020. 01:39

 

31 წლის  ასაკში გარდაცვლილი ჟურნალისტის, ნინი ჯაფარიძის შესახებ მისი მეგობრები, სოციალურ ქსელში ხშრად წერენ მოგონებებს მაზე. ერთ-ერთი ასეთი ემოციური ისტორიის შესახებ ნინის მეგობარი თინა ღლონტი წერს, სადაც გვიყვება იმის შესახებ, თუ ნინის სიყვარულით, როგორ მოისურვა მუსლიმა გოგომ ქრისტიანულ ტაძარში შესულიყო, სანთელი დაენთო და ჯვარს მთხვეოდა და ნინის სულის მოსახსენიებლად ელოცა. 


ეს სამყაროს მზე გოგო ჩემი ნინიკოა.

როგორ შეიძლება ადამიანი იყოს სამყაროს მზე?

მის თვალებს დააკვირდით. სამყაროს სულს დაინახავთ. ყველაფერი ნათქვამია.

ახლა კი, ერთი ისტორია მინდა გიამბოთ.

ჩემს ნინიკოს მოგზაურობა ძალიან უყვარდა... მოგზაურობიდან კი, ისე არასოდეს დაბრუნებულა, რომ ახალი სანაცნობო, სამეგობრო არ გაეჩინა უცხო ქვეყანაში. იქაც კი იზიდავდა მისი გულით ყველას... მერე სტუმრად იწვევდა საქართველოში. ჩამოდიოდნენ. ნინიკო კი სიამაყით აცნობდა უცხოელ მეგობრებს თავის ქვეყანას, კულტურას, ადათ-წესებს.

და.. როცა წავიდა... უსასრულო ჰორიზონტის გზას, რომ დაადგა ღმერთისკენ, მერე მე მწერდნენ, მეხმიანებოდნენ, მიყვებოდნენ ნინიკოს შესახებ, მის მიერ გაკეთებული სიკეთეზე... თუ, როგორი გაბრწყინებული თვალებით უყვებოდა მათ საქართველოს შესახებ..

ერთ დღესაც, საქართველოში, სპეციალურად ჩამოვიდა ნინიკოს მეგობარი, სარწმუნოებით მუსლიმი, უსაყვარლესი გოგო ვ.აჰმედი და მთხოვა ნინიკოს საფლავზე წამეყვანა.
წავიყვანე.
ჩაფიქრდა, იტირა. მე სანთლები დავუნთე ნინიკოს. მოკრძალებით მთხოვა, - მეც დავუნთებო.

მერე...მცხეთაში მივდიოდი წირვაზე სამთავროს დედათა მონასტერში. მეც წამოვალო.
წამოვიდა.
გვერდით რომ მომყვებოდა, ვგრძნობდი, ნინიკოს სიყვარული მოჰქონდა.

შევედით ტაძრის ეზოში. მაკვირდებოდა. ცდილობდა, ზუსტად ისე მოქცეულიყო, როგორც მე.

ის ხომ ჩემი რწმენის ტაძარში იყო და არა მეჩეთში.

შევედით ტაძარში. მოიხიბლა. გუმბათს ახედა და რამდენიმე წამი თვალი არ მოუშორებია. მერე, იქვე კუთხეში ჩამოჯდა. ოცი წუთიც არ იყო გასული, ვხედავ ჩემსკენ მოდის და დიდრონი, ლამაზი თვალები ცრემლით აქვს სავსე. ტირილით მეუბნება.

- თინა, მე მუსლიმი ვარ, მაგრამ შეიძლება სანთელი დავანთო?

- რა თქმა უნდა

- მე...მე...(თავს ხრის და ცრემლებს იწმენდს..ჩუმად ჩაილაპარაკა) მე ჯვარს და ხატს მინდა ვემთხვიო... შეიძლება?

გავუღიმე და ვკითხე, - რატომ? ეს ხომ შენი ღმერთი არ არის...

თავი ასწია. თვალებში, სულში და გულში ჩამხედა და მითხრა:

არა...ჩემი ღმერთი არ არის, მაგრამ მე ნინიკოს ღმერთს მინდა ვთხოვო მისი სულის უკვდავყოფა. მე აქ, მინდა ნინიკოსთვის ვილოცო.

ვ. აჰმედმა ჯვარს ემთხვია.

არასოდეს დამავიწყდება მისი თვალები და სიტყვები: "ნინიკოს ღმერთი"

მიყვარხარ ნი... მიყვარს შენი მეგობრები... მიყვარს ყველა, ვისაც შენ უყვარხარ.

ჩემო სიცოცხლე, - წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე თინა ღლონტი.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი