logo_geo
თამარ ჩიბურდანიძე: ხალხი იღებს დახმარებას, მაგრამ რაში? - სიღატაკეში, უმუშევრობაში თუ ტყუილში?!
- +

6 თებერვალი. 2020. 19:03

 

 

 

დემოგრაფიული აღორძინების ფონდის თავმჯდომარე, პოლიტიკური მკვლევარი თამარ ჩიბურდანიძე თვლის, რომ ქვეყანაში დღემდე არსებული სოციალური პროგრამა არაეფექტურია და მას ბევრი ხარვეზი აქვს. ამის შესახებ ჩიბურდანიძე სოციალურ ქსელში წერს და ალტერნატიულ პროგრამაზე საუბრობს. 

 

ვიცი, რასაც ახლა დავწერ, დიდ აჟიოტაჟს გამოიწვევს. საქმე ეხება სოციალურად დაუცველების სტატუსს და ამ პროგრამას. უკვე რამდენი წელია, ძირითადად, სოციალურ პოლიტიკაში მიწევს მუშაობა და კიდევ უფრო დავრწმუნდი იმაში, რაზეც მანამდეც ვფიქრობდი.

 

არ მომწონს ეს პროგრამა და ვთვლი, რომ სანამ ეს პროგრამა ამ სახით იარსებებს, მანამ საქართველო წინ ვერ წავა!

 

ხალხი იღებს დახმარებას, მაგრამ ვერ გავიგე, რაში? - სიღატაკეში? სიღარიბეში? უმუშევრობაში თუ ტყუილში? ( მათი უმრავლესობა ან მალავს რომ მუშაობს, ან მალავს ნივთებს, ფულად დახმარებებს, საქონელს და ..)

 

ვერ გავიგე, სად არის ზღვარი სიღატაკესა და სიღარიბეს შორის? სად არის ზღვარი სიმართლესა და ტყუილს შორის?

ამ პროგრამას ბევრი ნეგატივი აქვს:

მიუხედავად იმისა, რომ შეიცვალა კრიტერიუმები და ტელევიზორის ან კომპიუტერის გამო, სოციალურს აღარ უხსნიან ოჯახებს, მაინც ეშინიათ და ბავშვებს, ფაქტობრივად, გაუნათლებლებს ზრდიან. ყველაზე დიდი ნეგატივი არის ის, რომ ამ სტატუსმა ხალხი გააზარმაცა და მუშაობას სახელმწიფოს ხარჯზე უქმად ყოფნას ამჯობინებენ.

 

რაზეც ვსაუბრობ, ამის უამრავი მტკიცებულება მაქვს. ყოველწლიურად, რამდენჯერმე, ჯანდაცვის სამინისტრო აწყობს დასაქმების ფორუმს. რამდენიმე წელი მეც ვიარე ამ ფორუმზე, მაინტერესებდა ტენდენცია. თითქმის ყოველთვის შედეგები იდენტური იყო - ფორუმზე გამოჰქონდათ რამდენიმე ათასი ვაკანსია (ხელფასები 350 - 600) და საქმდებოდა მხოლოდ ათეულობით ადამიანი. ერთხელ, 17 000 ვაკანსია იყო წარმოდგენილი სოციალურად დაუცველებისთვის. მოვიდა 400-მდე პირი და დასაქმდა 168. ვიცი, ბევრი იტყვით, რომ ეს არ არის მყარი გარანტიები, მაგრამ ახლა ხომ შეიცვალა მიდგომა, ფორუმში მონაწილეთა რაოდენობა მაინც იგივეა.

 

ეს პროგრამა თავის დროზე სააკაშვილის ხელისუფლების მიერ ჩამოტანილი იქნა მხოლოდ პოლიტიკური მიზნებისთვის. სურდათ, ხალხთან პირდაპირ ევაჭრათ საარჩევნოდ. დიდხანს ეჭირათ ამ ძაფით მოსახლეობა, მაგრამ ესეც გაწყდა.

 

დღეს შედარებით დაიხვეწა კრიტერიუმები, სამართლიანი მინიჭების პროცედურა, შემცირდა ბენეფიციართა რაოდენობა, მაგრამ რეალობა უცვლელია - ვისაც სტატუსი აქვს, კმაყოფილი მაინც არ არის (ან როგორ უნდა იყოს) და ვისაც არა აქვს, მტრისას მათი აგრესია. რაც მთავარია, ეს ხალხი მუდმივად პოლიტიკოსების და დაინტერესებული პირების ბასრ იარაღად იქცნენ. დაახლოებით ნახევარი მილიონი ადამიანი იღებს ამ სტატუსს და ბევრად უფრო მეტს განაცხადი აქვს დაწერილი, რომ სოციალურად დაუცველის სტატუსი ეკუთვნის.

 

ფაქტია, ჩვენი სახელმწიფო ვერასოდეს შეძლებს ყველას დაკმაყოფილებას და ეს სიტუაცია მუდმივად ასე იქნება.

 

რა არის გამოსავალი? როგორ უნდა მოიქცეს სახელმწიფო, რომ ხალხიც კმაყოფილი იყოს და ბიუჯეტმაც სწორად ხარჯოს ეს კოლოსალური თანხა?

 

მე არა ვარ ამ დარგის ექსპერტი, თუმცა, გამოცდილებიდან გამომდინარე, ვფიქრობ, თუკი ეს პროგრამა კი არ გაუქმდება, არამედ, გადაეწყობა მიზნობრივ ბენეფიციარებზე, პრობლემა ყველა მხრივ შედარებით მოგვარდება.

 

ჩნდება კითხვა, რას ნიშნავს მიზნობრივი ბენეფიციარები? ისინი ხომ ისედაც იღებენ დახმარებებს?

 

დიახ, მაგრამ ყველა არა და ვინც იღებს, არ არის საკმარისი.

 

მაგალითად, შეუძლებელია პირველი ჯგუფის ინვალიდს, რომელიც თითქმის სრულიად პარალიზებულია, ეყოს ის დახმარება, რაც აქვს. ასეა სხვებზეც.

 

მთავარია, უპირველესად ყურადღება მიექცეთ ბავშვებს და მოხუცებს.

 

უხეშად რომ ვთქვათ, თუკი:

 

  1. ყველა ჯგუფის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირს გაეზრდება შემწეობა;

 

  1. ხანდაზმულებისთვის შემუშავდება შინ-მოვლის პროგრამები და გაიზრდება ჯანდაცვის პროგრამები, მედიკამენტები, გამოკვლევები და ..

 

  1. მრავალშვილიანებს მიეცემათ ფულადი დახმარებები;

 

  1. შობადობის წახალისების პროგრამა გაფართოვდება და გაიზრდება წლები, ფულად დახმარებას 2 წლის ნაცვლად მიიღებენ 6 წლამდე.

 

  1. შემუშავდება რეალური ინიციატივა ახლად დაქორწინებული ოჯახებისთვის, უპირველეს ყოვლისა, მთიან რეგიონებში (რაც უმეტეს ქვეყნებშია).

 

  1. დახმარება მიეცემათ მარტოხელა მშობლებს და მარტოხელა მოხუცებს.

 

  1. გაძლიერდება ახალგაზრდებისთვის პროექტების დაფინანსება ყველა მუნიციპალიტეტში (ყველა მერს აქვს ამის სურვილი, მაგრამ საშუალება არა.)

 

  1. აშენდება სახლები უსახლკაროებისთვის (სიმულაცია უნდა იყოს წინასწარ დაზღვეული).

 

  1. უმუშევრობის პროგრამის მიმართ, სკეპტიკურად ვარ განწყობილი მხოლოდ იმიტომ, რომ შესაძლოა ამან უმუშევრობა ისევ წაახალისოს. თუმცა, აქაც შეიძლება სწორი მიმართულების მოფიქრება.

 

  1. სოციალური დახმარება მიეცეთ მხოლოდ უკიდურეს სიღატაკეში მცხოვრებ ოჯახებს, რომლებზედავ აღარ გაჩნდება კითხვა, ეკუთვნის თუ არა დახმარება და რაც მთავარია, აღარავის მოუნდება ისეთ პირობებში ცხოვრება მხოლოდ იმიტომ, რომ სტატუსი მიიღოს (გადამალოს პირუტყვი, ნივთები, არ გაიუმჯობესოს სახლის პირობები...)

 

ეს ინიციატივები მხოლოდ ჩემი მოკრძალებული მოსაზრებაა, შესაძლებელია უკეთესის მოფიქრება. მთავარია, დახმარების მიმღებმა და ჩვენც ვიცოდეთ, თუ რატომ იღებს ესა თუ ის პირი დახმარებას.

 

კიდევ ერთხელ ვაფიქსირებ, რომ მე არა ვარ ამ დარგის ექსპერტი, მაგრამ აშკარად ვხედავ უდიდეს ხარვეზსს ამ პროგრამაში, ვხედავ იმას, რომ სახელმწიფო ხარჯავს კოლოსალურ თანხას და პრობლემა პრობლემად რჩება. ვხედავ იმასაც, რომ ნებისმიერი ხელისუფლებისთვის ამ პროგრამის ხელის ხლება დიდ ვნებათაღელვას გამოიწვევს, მაგრამ ეს ვიღაცაზე უნდა გადატყდეს.

 

მთელი ჩემი ცხოვრება დღედაღამ ვმუშაობ და სხვასავით ვიხდი გადასახადებს, რაც სწორედ სოციალურად დაუცველებთანაც მიდის.

 

ვინც მართლა გაჭირვებულია, მას უფალმა მოახმაროს, მაგრამ ზარმაცისთვის და მატყუარასთვის არც ერთი თეთრი არ მემეტება. უფრო მეტიც, უფლება მაქვს სახელმწიფოს მოვთხოვო, რომ ჩემი დაუღალავი შრომით გადახდილი გადასახადები მიზნობრივად დახარჯოს და ვიცოდე, ვინ რატომ იღებს დახმარებას.

 

უბრალოდ ღარიბია და სოციალური სტატუსი ეკუთვნის, ჩემთვის მიუღებელია. ბავშვებს, მოხუცებს, შშმ პირებს, მარტოხელებს, ობლებს და მრავალშვილიანებს შესაძლოა იმაზე მეტი გადავუხადო, ვიდრე ვიხდი. ეს არის სწორი მიდგომა და მხოლოდ ამ შემთხვევაში შეძლებს სახელმწიფო განვითარებას“, - წერს თამარ ჩიბურდანიძე.

big_banner
არქივი