logo_geo
ზურაბ შევარდნაძე: ოჯახის ერთად სადილის მოშლა რამეს, უფრო დიდს ხომ არ ნიშნავს?
- +

9 თებერვალი. 2020. 22:16

 

 

ცნობილი ბოტანიკოსი ზურაბ შევარდნაძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, სადაც საუბრობს თანამედროვე ოჯახების პრობლემაზე, როცა ოჯახის წევრები ერთად აღარ სადილობენ.


ბებია დიდ ხის გობზე, ნაშუადღევს იწყებდა ჭადის ზელვას.. ისე ებრძოდა ცომს თითქოს გაბრაზებულია და ჯავრს იყრისო. თავის ჭკუაზე მოიყვანდა, დიდ გახურებულ ქვის კეცზე შქერის ფოთოლს გაუფენდა და უშველებელ გუნდას ზედ გადააგორებდა, ღადარსაც უხვად დააყრიდა და სუფრას გაშლიდა.,

 

სადილად სულ იყო ერთი წველა ყველი, მწვანილი, მჟავე კეჟერა და რამე ერთი იჯრა ცხელი კერძი, ჩახანით ბუხარში ჯაჭვზე, ყოველ დღე სხვადასხვა.

თუნუქის კიდეს ხშირ ხშირად წამოწევდა და შეამოწმებდა, 4 თითის სისქე ჭადი თავს, რომ მოიშრობდა და მზისფრად შეწითლებას, დაიწყებდა ბავშვებს გამოგვძახებდა "არიქა ნენა, უხმეთ ბაბუათქვენსო.."

 

ბაბუა სულ ზურგზე დიდი გოდრით, ხელში წალდით, მხარზე თოხით ან ცელით მახსოვს.. სულ მუშაობდა, სულ..

მოვიყვანდით ბაბუას, შემოვეხვეოდით და თუნგში ნელ-თბილი წყლით გამოვეგებებოდით, მხარზე გახამებული ტილოთი. ბაბუა დინჯად დაიბანდა ხელებს, მკლავებს და კიდევ უფრო დინჯად გაიმშრალებდა სახეს. მაშინ მეჩვენებოდა, რომ განგებ ნელა ირჯება და ჩვენს ჯინაზე არ ჩქარობს. პერანგს შეიცვლიდა, ბოლო ღილამდე შეიკრავდა და მაგიდას შემოუსხდებოდით ყველანი. თვალს მოგვავლებდა, ვითომ პირველად გვხედავდა, სათითაოდ დაგვათვალერებდა , ძალიან ფრთხილად ჭიქაში ღვინოს დაისხამდა ყელწვრილი გრაფინიდან, ცაში აიხედავდა და ორ სიტყვას იტყოდა: "იცოცხლეთ შვილებო.

ეს იმას ნიშნავდა, რომ შეგვიძლია ვეცეთ და ბრდღვნა გავადინოთ ყველაფერს..

მწვანილს, კიტრს და მიდორს სხვა გემო და სურნელი ქონდა. კეცს რომ არეკავდა ბებია და ჭადს მაგიდის კიდეზე ჩამოტეხავდა ოხშივარი ასდიოდა.. ჩახანიდან თუხთუხებდა თხილიანი ქათამი.

 

მას შემდეგ, ასეთი უძლეველობის, ერთიანობის, დაცულობის, სიკეთის, ერთმანეთის პატივისცემის, თანაგრძნობის და თანამოაზრეობის განცდით ერთი დღეც აღარ მიცხოვრია.. ეს იყო შეუცვლელი ემოცია. ის სიმარტივე, სიჯანსაღე და გემო, რაც მაშინ , ხომ კარგა ხანია გაქრა და დაიკარგა.

 

30 წელი გავიდა.. ყველაფერი შეიცვალა.

ოჯახების უმრავლესობა ერთად აღარ სადილობს.

ერთ ჭერ ქვეშ ვცხოვრობთ და ცალცალკე ვიცმუცნებით, კაცმა აღარ იცის ვინ , რას, სად და როდის.

ამ ოჯახური, ერთად სადილის მოშლა რამეს უფრო დიდს ხომ არ ნიშნავს?

პასუხი მგონი ვიცი, მაგრამ არ მომწონს და არ მინდა, ძალიან არ მინდა ასე იყოს..“ - წერს ზურაბ შევარდნაძე.

 

 

big_banner
არქივი