logo_geo
ლევან თაქთაქიშვილი: ნუთუ მარტო მედალია ყველაფერი ? ბორია პაიჭაძის ხსოვნა იყოს
- +

11 თებერვალი. 2020. 13:51

 

 

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საბიბლიოთეკო რესურსების დეპარტამენტის დირექტორი ლევან თაქთაქიშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„ბორის პაიჭაძე, საქართველოს სპორტის ბერმუხა. დიდი ტკივილის მატარებელი (შვილი ავარიაში დაეღუპა), მამა გადასახლებაში. ამ ორ ტკივილს ღირსეულად ატარებდა. მეგობრისთვის უთქვამს: ჩემს თავს ვერ ვაპატიებ ერთ რამეს ვერასოდესო, ერთი თამაშის მეორე ტაიმის წინ გასახდელში ბერია ჩამოსულა და უთქვამს, ეს თამაში მოიგეთ და რაც გინდათ, ის მთხოვეთო, ორი გოლი გაუტანია ბორისს, მოუგიათ და ვერ გაუბედია, ეთხოვა ბერიასათვის მამის გამოშვება. მეორე ტკივილი შემდეგ წამოეწია. საბურთალოზე დაუმარხავს. ერთხელ რძალს უთქვამს, ჩემი მეუღლის საფლავზე გაზონის ბალახის თესლი მინდა წავიღოო, სტადიონზე მივალ და შენი სახელით ვითხოვო. არაო, ეს სტადიონისააო, რამდენიმე დღეში უყიდია და მიუტანია. მაშინ ის სტადიონის ხელმძღვანელი იყო. თბილისის „დინამო“ რომ გამოვიდა სსრკ ჩემპიონატიდან, უთქვამს, რომ დაიღუპება ქართული ფეხბურთი, მაგრამ ამაზე ლაპარაკი არ ღირს, საქართველოს თუ ასე უნდაო. ბორია პაიჭაძე - საქართველოს სახე, სინდისი. ბორია პაიჭაძე საბჭოთა სტადიონებზე დღესასწაულების მომწყობი. ქართული ფეხბურთის მამა. და ერთიც მინდა გავიხსენო: ერთი ლეგენდარული ფეხბურთელის გამოფენა იყო ეროვნულ ბიბლიოთეკაში. ამ ფეხბურთელის ნახატებისა. პირველ დღეს ბევრი ხალხი იყო და მეორე დღეს რომ შევედი დარბაზში, მარტო იდგა მხატვარი ფეხბურთელი. მივესალმე. ვუთხარი, რომ მისი ფანი ვიყავი. მერე ვკითხე: თქვენი აზრით, რომელი ფეხბურთელი არის საქართველოში ყველაზე პირველი, თქვენი აზრით-თქო? მოიღუშა, შენ ვის ფიქრობო. პაიჭაძეს-მეთქი. გაბრაზდა. პაიჭაძე იყო სსრკ ჩემპიონიო? სსრკ თასის მფლობელიო? მე ვარო. თასების თასზე მე გავიყვანე გუნდიო, მომიშორა ახალკაცმაო. ყიფიანი ცაში აიყვანესო. დაინგრა ჩემთვის ყველაფერი. ბორია უფრო დიდი გახდა ჩემთვის. კარგი-მეთქი. პირველი თქვენ ხართ. მეორე-მეთქი? მეტრეველი, იამანიძე, ბარქაიაო. მუშა ფეხბურთელები იყვნენო. შე დალოცვილო, ბორია რომ არ ყოფილიყო, თქვენ თუ იქნებოდით-მეთქი? გავიფიქრე... ნუთუ მარტო მედალია ყველაფერი? ბორია პაიჭაძის ხსოვნა იყოს. მამამისი სწერდა მას გადასახლებიდან: რადიოში ვუსმენ შენს თამაშს და ვხვდები, როცა შენ მიიღებ ბურთს, მაყურებელთა ჯერ სიჩუმით და მერე გუგუნითო. შენ გენაცვალე, შვილოო. ბოლოს დაავადებული გამოუშვიათ, გზაზე გარდაცვლილა“, - წერს ლევან თაქთაქიშვილი.

 

 

big_banner
არქივი