logo_geo
ემიგრანტი: მოვიდა დრო - ბავშვებმა იზრუნონ სახელმწიფოზე!
- +

13 თებერვალი. 2020. 16:41

 

 

ემიგრანტი, ექიმი და პუბლიცისტი ანა კოლი (შიმშილაშვილი) სოციალურ ქსელში ისრაელში არსებული განათლების სისტემის შესახებ შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„ერთხელ დავწერე, მხოლოდ ვიმეორებ, ისრაელის სკოლების მაგალითს, რომელიც მე თავად გავიარე... მე და ჩემმა გოგონამ.

 

ბავშვი სკოლაში 6 წლის ასაკში მივიყვანე, მანამდე 5 წლის ასაკში არის ეგრეთ წოდებული „გან ხოვა“ - სავალდებულო ბაღი.

აქ ბავშვებს ამზადებენ პირველი კლასისთვის.

 

ისრალში არ არის კერძო სკოლები, სულ რამდენიმე, მაგრამ ეს სულ სხვა ისტორიაა, იქ სწავლობენ უცხოელი ელჩების შვილები და კიდევ...

 

სკოლების 99,99% საჯაროა.

 

ბავშვები სკოლაში არ დადიან დედიკოების ჯიპებით!

 

ქალაქის მერია გავალდებულებს, რომ ბავშვი მიიყვანო უბნის სკოლაში, ჩემს სახლთან ახლოს სამი საშუალო სკოლაა და ამ სამიდან ერთი უნდა ამერჩია.

 

ანუ არ შემიძლია, თელ-ავივის ერთი უბნიდან ბავშვი ვატარო მეორე უბანში.

 

ამის გამო ბავშვებს ტრანსპორტი არ სჭირდებათ, ისინი ერთად მიდიან ფეხით ჟრიამულით და ბრუნდებიან ჟრიამულით.

 

სკოლის ფორმას წარმოადგენს უბრალო ტრიკოტაჟის მაისურები, „მაიკები“, ყველა სკოლას არჩეული აქვს 2-3 დაშვებული ფერი და სასკოლო ემბლემა ახატია.

 

უბრალოება!! სკოლის კედლებიდან დაწყებული პარლამენტის/ქნესეთის კედლებით დამთავრებული!

უბრალო მაისურები და არა ბრენდები!

 

3 შემოთავაზებული სკოლიდან ავირჩიე ერთი, მე არ ვიცნობ აქაურ სკოლებს, არც მრჩეველი არავინ არ მყავდა, ამ უბანში, სადაც მე ვცხოვრობ, ქართველები ძალიან ცოტაა და 12 წლის წინ ხომ საერთოდ არ იყვნენ.

 

პირველი კლასიდან ბავშვს ეკეთა „ცეპოჩკით“ ყელზე გასაღები სახლის, ასეთ ბავშვებს აქ „იალდათ მაფთეახს“ - გასაღებიან ბავშვებს ეძახიან.

 

ბავშვი მივიდა სკოლაში და დედამ კი გააგრძელა 12-საათიანი მუშაობის რეჟიმი.

 

გოგონა დილით სკოლაში ჩავწერე, შუადღიდან სკოლაში არსებულ გახანგრძლივებულში და საღამოს სკოლასთან არსებულ სხვადასხვა წრეებში, რომ ბავშვი დაკავებული ყოფილიყო და მეთვალყურეობის ქვეშ, რომ მე მშვიდად მემუშავა!

 

გახანგრძლივებული ფასიანია.

მე, როგორც მარტოხელა დედას, ძალიან დიდი შეღავათიანი ფასდაკლება მქონდა.

 

გოგონა აქ სადილობდა ყოველ დღე სხვადასხვა, ახალ-ახალი ცხელი ხორციანი კერძებით. ამზადებდა გაკვეთილებს, ეხმარებოდა სხვა ბავშვებს.

 

პირველ კლასში ვკითხე მის სპორტის მასწავლებელს, რომელიც საღამოს ტანვარჯიშს ასწავლიდათ: მირჩიე, თუ მჭირდება რეპეტიტორი მათმატიკაში?

მან მკითხა, ვინაა მასწავლებელი, ვუპასუხე - ლილი... გაეღიმა და მითხრა: ლილი მოსიარულე უნივერსიტეტია. კიდევ ბევრჯერ გამიხსენებო.

 

პირველ კლასში არ ჰქონდათ ნიშნები.

მხოლოდ სახალისო სიტყვები: კარგი, შესანიშნავი, ყოჩაღ და ფერად-ფერადი სმაილიკები.

 

ანუ ხვდებით, რომ დილის 8 საათის შემდეგ, აქ სკოლა 8 საათზე იწყება, მე და ჩემი გოგონა ერთმანეთს მხოლოდ საღამოს 7-8 საათზე ვხვდებოდით. პარასკევს 12-მდე და შაბათი დასვენება.

 

მეორე კლასის პირველი ნახევრის ბოლოს მივიღე წერილი განათლების სამინისტროდან, ისე, რომ დამრიგებლისთვის სულ ორჯერ მქონდა სალამი მიცემული და დანარჩენ პედაგოგებს არც ვიცნობდი!

 

წერილის შინაარსი: თქვენი გოგონა სკოლამ დაასახელა როგორც ნიჭიერი ბავშვი, თუ გაქვთ სურვილი, იგი გადაიყვანოთ ქალაქის ნიჭიერთა სკოლაში, ჩაეწერეთ ამ ლინკზე და გამოცხადდით გამოცდებზეო!

 

ვახ, ჩავეწერეთ, გავიარეთ გამოცდები და ჩავირიცხეთ, მაგრამ ბავშვმა იტირა, არ მინდაო, ჩემს ამხანაგებთან მინდაო, სკოლის მასწავლებელმაც: ნიჭიერი ყველგან ნიჭიერია და დაანებე თავი, ნუ ანერვიულებო... მეც დიდად არ მეხატებოდა სახლიდან ცოტა მოშორებით, 2 კილომეტრი და დარჩა სკოლაში გოგონა... მთავარია ბედნიერი.

 

მეოთხე კლასში ახალი წერილი მივიღეთ განათლების სამინისტროდან:

გოგონა დასახელდა როგორც ნიჭიერი მათემატიკაში, თუ გაქვთ სურვილი, ბარ ილანის უნივერსიტეტში გაატაროთ გამოცდები და ჩაირიცხოს უნივერსიტეტში კურსებზე: მათმატიკაში ნიჭიერ მოზარდთა კურსი, სადაც ლექციები ტარდება ამ ბავშვებისთვის თავად უნივერსიტეტის მათემატიკის ფაკულტეტის სტუდენტების მიერ.

 

მთავარი:

მე-8 კლასში ეს ბავშვები გადიან მისაღებ გამოცდებს და სკოლასთან პარალელურად ირიცხებიან, ვინც გაივლის გამოცდას, ბარ ილანის უნივერსიტეტის, ერთ-ერთი უძლიერესი უნივერსიტეტია ისრაელში, მათემატიკის ფაკულტეტზე და სკოლასთან პარალელურად 18 წლის ასაკში ისინი ამთავრებენ და არიან 18 წლის მათემატიკოსები! სკოლაში მათემატიკის გაკვეთილებიდან გათავისუფლებულები არიან!

 

ანუ ხვდებით, რას ვამბობ?

სკოლა, სახელმწიფო თავად ზრუნავს ამ ბავშვებზე, ვინ მათემატიკა, ვინ ფიზიკა, თავიდანვე ურჩევენ მიმართულებას მათი შესაძლებლობების მიხედვით!

 

გოგონამ მე-8 კლასის შემდეგ აღარ ისურვა გაგრძელება, მან ლამაზად ამიხსნა, ის, რომ ვარ ნიჭიერი, არ ნიშნავს რომ მიყვარს და კიდევ 4 წელი ამ ციფრებს და ფორმულებს რომ ვუყურო, ჭკუიდან გადავალო...

 

აქ ბავშვებს აძლევენ თავისუფალ არჩევანს, ჩვენ მხოლოდ შეგვიძლია ვურჩიოთ, გადაწყვეტილებას კი ისინი იღებენ.

ჩვენ ვაძლევთ მიმართულებას, მაგრამ ბოლო სიტყვა მათზეა!!!

 

დავუბრუნდეთ სკოლას!

 

სკოლა ისრაელის 90% ქალაქებში სამეტაპობრივია:

 

1-6 კლასები

7-9

10-12

 

10% კი 8 კლასამდე და შემდეგ 9-12.

 

ჩვენთან ზუსტად ეს მეორე ვარიანტია.

მგონი მხოლოდ ჩვენთან, ანუ თელ-ავივის რაიონის ორ უბანში:

რამათ გან და გივათაიიმ.

 

8 კლასის შემდეგ ხდება მოსწავლეთა გადანაწილება.

 

8 კლასის გამოცდების შემდეგ უმაღლესი კლასები, „ჰაი სკულ“. უკვე მიდის ბავშვების შესაძლებლობების და მონაცემების მიხედვით.

 

აქ 100-ბალიანი სისტემაა და ბავშვებს, რომლებსაც მთელი ბოლო ორი წელი 75-ზე მეტი არ მიუღიათ, უკვე ნათელია, ვერ გაქაჩავენ იმ პროგრამას, რომელიც 75-ის და 80-ის ზემოთ ნიშნიან ბავშვების სკოლაში ისწავლება, ამიტომ ბავშვები ნაწილდებიან უნარისა და შესაძლებლობების, მონაცემების და ასე შემდეგ.

 

ამიტომ მე-12 კლასის გამოცდების შემდეგ არ გვყავს ჩაჭრილი ბავშვები!!!

 

იმ ბავშვებს, რომლებიც 75-ბალიანზე დაბალ სისტემის სკოლაში მოხვდნენ, აქვთ 4 წლის მანძილზე ნიშნების გამოკეთების საშუალება და სკოლის შეცვლა შეუძლიათ!

 

8 კლასის ზემოთ ყოველი ბავშვი ვალდებულია, ვიმეორებ, ვალდებულია!!!- იყოს მოხალისე სხვადასხვა საქველმოქმედო ორგანიზაციაში და ეს არ ხდება გაკვეთილების და სკოლის ხარჯზე!

სკოლის შემდეგ და არის სავალდებულო საათების მინიმუმი:

 

ისინი მოხალისედ არიან მოხუცებთან, სასწრაფო დახმარებაზე, - ახალგაზრდა პარამედიკები, ვეტერინარებთან, ცხოველთა დაცვის საზოგადოებაში და ასე შემდეგ!

 

მანამდე კი, ანუ მერვე კლასამდე არის საზოგადოებრივი მოძრაობა „ცოფიმ“ - ნორჩი ბრიგადელები, ის ძალიან ჩამოჰგავს ჩვენთვის ცნობილ „თემური და მისი რაზმი“, სინამდვილეში კი ეს ორგანიზაცია მსოფლიო მასშტაბისაა და დაარსებულ იქნა 1907 წელს ბრიტანელი გენერლის რობერტ ბადენ პაველის მიერ. ეს ორგანიზაცია ასწავლის ბავშვებს საზოგადოებაში თვითდამკვიდრების წესებს, უფროს-უმცროსს, ბუნების სიყვარულს, სპორტს, დახმარება-გაცემას და რაც მთავარია: სამშობლოს სიყვარულს, პატრიოტიზმს!!...

 

დავუბრუნდეთ ჰაი სკულს, ეს სკოლები თავად შიგნითაც დანაწილებულია, ბავშვების პირადი მონაცემების და მიდრეკილების მიხედვით, ანუ განხრების მრავალფეროვნებაა: თეატრი და დრამა, კომპიუტერები, ბიოლოგია, ბიოტექნოლიგია, ფიზიკა , უცხო ენები და ასე შემდეგ.

ანუ ძირითადი საგნები ერთია და ბავშვები დამატებით ყოველი მისი მიდრეკილებით სწავლობს იმ საგნებს, რომელი განხრითაც თვლიან, რომ ისწავლიან უნივერსიტეტში.

 

ჰაი სკულები ჯარის დიდი დაკვირვების ქვეშ არიან.

 

ყოველი ბავშვი იციან, ზუსტად იციან, ვის რა მონაცემები აქვს და რითი შეიძლება ეს ბავშვები გამოიყენონ სახელმწიფოს სამსახურში....

 

იმის გარდა, რომ აქვთ უძლიერესი გამოცდები, ჯარი ცალკე გამოცდებს უტარებთ და ხდება ჯერ კიდევ სკოლაში, 11-12 კლასებში მათი გადანაწილება სამხედრო სამსახურში.

 

ანუ, სულ გამოცდები და საუკეთესოთა შორის საუკეთესოს ძებნა, რომ ეს ბავშვები არ დაკარგონ და სახელმწიფოს გამოადგნენ.

 

თუ აქამდე სახელმწიფო ზრუნავდა მათზე, დღეს მოვიდა დრო - ბავშვებმა იზრუნონ სახელმწიფოზე!

 

ისინი ბავშვები აღარ არიან!!!

 

ეს ყველაზე მოკლედ, რაც შემეძლო....

ძალიან მცირეა, მაგრამ სავარაუდოდ ხვდებით, რომ არც ვაშლებს არიგებენ და არც გამოცდებს აუქმებენ....

 

P.S. ისრაელის სკოლებში ისწავლება გადასარევი საგანი პირველივე კლასიდან მგონი, თუ სწორად მახსოვს, 8 კლასის ჩათვლით הבנת הנקרא- ჰავანათ ჰა ნიკრა- წაკითხულის გაგება, ბავშვებს ასოებს მიღმა ნაწერის კითხვას ასწავლიან!!!

 

აქაც ბევრი დავწერე! იმედია, გამგები გაიგებს!!!“ - წერს ანა კოლი.

 

 

big_banner
არქივი