logo_geo
„1910 წლის 12 მარტს თბილისში დაბადებულა მსოფლიო ბალეტის ჯადოქარი ვახტანგ ჭაბუკიანი...“
- +

12 მარტი. 2017. 15:13


 

თეა ფირცხალავა სოციალურ ქსელში ვახტანგ ჭაბუკიანის შესახებ სტატუსს აქვეყნებს:

 

„1910 წლის 12 მარტს თბილისში დაბადებულა მსოფლიო ბალეტის ჯადოქარი, უდიდესი ქართველი ბალეტის მოცეკვავე, ქორეოგრაფი, ბალეტმაისტერი და პედაგოგი ვახტანგ ჭაბუკიანი. იგი იყო ერთ-ერთი ქართული ლეგენდა, რომელსაც უნიკალური პირუეტების, არაჩვეულებრივი, ათლეტური ტანის და ფანტასტიური ნახტომების გამო „ბალეტის ბრილიანტი" და „ჰაერის მეფე" შეარქვეს... ერთგან ნიკოლოზ ცისკარიძე იხსენებს, რომ ჭაბუკიანი იყო ერთ-ერთი პირველი ვირტუოზი, რომელმაც ბალეტის ენით დაიწყო იმის კეთება, რასაც დღეს მთელი მსოფლიო აკეთებსო. მართლაც ასეა... ვისაც ერთხელ მაინც უნახავს ჭაბუკიანის ცეკვა „ოტელოში", „გორდაში", „დემონში" და რუსეთში მოღვაწეობის დროს შესრულებულ პარტიებში (ცოცხალი შესრულებით ან კინოფირზე) არასოდეს დაავიწყდება მისი შეუდარებელი ცეკვა, რაზეც აღფრთოვანებით წერდა მაია პლისეცკაიაც.

 

1941 წლიდან ვახტანგ ჭაბუკიანი თბილისში მოღვაწეობდა და უამრავი სპექტაკლი დადგა. ჭაბუკიანის მთავარი პრინციპი იყო, რომ ქართული კლასიკური ბალეტი ეროვნულ ფესვებზე ყოფილიყო დაფუძნებული. ასეც იყო, ამ უდიდესი კლასიკური მოცეკვავის განუმეორებელი ცეკვა მისი მშობლიური საქართველოს უმდიდრეს საცეკვაო ფოლკლორს ასახავდა.

 

ამასწინ გავიხსენე რაველის „ბოლერო". ჰოდა, 1962 წელს ვახტანგ ჭაბუკიანმა დადგა „ბოლეროს" სახუმარო ვარიანტი. მთელი სპექტაკლის განმავლობაში ქალბატონები და მათი კავალრები კიბეზე ადი-ჩადიოდნენ. მუსიკის ჰანგების შესაბამისად იზრდებოდა კუმირის მოლოდინიც, რომელიც არსად ჩანდა. როგორც იქნა ისიც გამოჩნდა - კიბის კენწეროზე, ოღონდ ბოლო აკორდებისას... შეასრულა რამდენიმე მოძრაობა და... ფარდაც დაეშვა. მოყოლილს, რასაკვირველია, ის ეფექტი არ ექნება, რაც დარბაზში იქნებოდა, ალბათ.

 

ვახტანგ ჭაბუკიანი გარდაიცვალა 1992 წელს. იგი დაკრძალულია მთაწმინდისა ქართველ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში", - წერს თეა ფირცხალავა.


 

big_banner
არქივი