logo_geo
ლადო ბურდული: ველოდებოდით, რომ დაძაბული თამაში იქნებოდა და ასეც მოხდა
- +

4 მარტი. 2020. 11:39

ფეხბურთელი ლადო ბურდული სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„დღეს პირველი შეხვედრა ჩავატარეთ - ლიგა 2-ში „არაგვის“ დებიუტი შედგა. ყველა ველოდებოდით, რომ დაძაბული თამაში იქნებოდა და ასეც მოხდა. აქ შეიძლება სანახაობრივი თამაში არ გამოგივიდეს, მაგრამ უფრო მეტი ბრძოლა და ემოციაა. ეს ვიცოდით და ასეც წარიმართა პირველი ტაიმი.

 

სამწუხაროდ, პირველივე ნახევარში მოგვიწია ტაქტიკის შეცვლა, რადგან ჩვენმა ფეხბურთელმა ტრავმა მიიღო და იმ ფორმაციის სხვა ფეხბურთელი არ გვყავდა. ასე რომ, 1-3-5-2-დან 1-4-3-3-ზე გადავეწყეთ. ეს ერთ-ერთი მიზეზი გახდა იმისა, რომ ვერ ვაჩვენეთ ის თამაში, რომელიც თავიდანვე ჩაფიქრებული გვქონდა.

 

მეორე ტაიმში უპირატესობას დავეუფლეთ, ბურთს უფრო მეტად ვაკონტროლებდით და შეტევაზე ვიყავით ორიენტირებული. ერთადერთი, რაც შეიძლება დასანანი იყოს, ის არის, რომ შეტევის წარმატებით დაბოლოება არ გამოგვდიოდა. პირველი თამაშის პირობაზე, ბიჭების მიერ ჩატარებულ მატჩს ნამდვილად დადებითად ვაფასებ. ვეცდებით, ყველა ის ხარვეზი, რომელმაც დღეს იჩინა თავი - ეს იყო პრესინგი თუ ზონიდან ზონაში გადასვლა - შემდეგ თამაშში გამოვასწოროთ. ამ 1-კვირიან შუალედსაც სწორედ ამ შეცდომების გამოსწორებაზე სამუშაოდ გამოვიყენებთ.

 

რაც შეეხება ჩაუთვლელი გოლის ეპიზოდს, გამეორებაზე კარგად გამოჩნდა, რომ მათი მეკარე თავისივე ფეხბურთელს შეეჯახა და ჩვენს ფეხბურთელთან კონტაქტი არ ჰქონია. შესაბამისად, ჯარიმა არ იყო და გოლი უნდა ჩათვლილიყო, თუმცა მსაჯი, როგორც ფეხბურთელი, ცოცხალი ადამიანია, რომელმაც შეიძლება შეცდომა დაუშვას. მართალია, ჩემი აზრით, ამ მომენტში შეცდა, თუმცა საერთო ჯამში, მან დღევანდელი მატჩი კარგად განსაჯა,“ – წერს ლადო ბურდული.

 

 

big_banner
არქივი