logo_geo
ვალერი კვარაცხელია: მას თავად სიყვარული აცილებდა იმქვეყნად...
- +

6 მარტი. 2020. 01:27

 

 

სოციოლოგი, ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ვალერი კვარაცხელია, სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

 

 

„მას თავად სიყვარული აცილებდა იმქვეყნად...

 

 

არიან თაობები ძირითადად მშვიდ ეპოქებში რომ უწევთ ცხოვრება, მაგრამ გამოერევა ისეთი თაობაც, რომელსაც მშფოთვარე ან სულაც სისხლიან ეპოქაში რომ უწევს ცხოვრება და მოღვაწეობა.

 

 

გენერალ შოთა გორგოძეს და მისი თაობას მძიმე პერიოდში მოუხდა საქვეყნო ტვირთის ზიდვა. გასული საუკუნის 80-იანი წლები ის პერიოდი იყო, როდესაც სახელმწიფო, რომელშიც გავიზარდეთ და ვცხოვრობდით, ინგრეოდა და, მასთან ერთად ინგრეოდა ცხოვრების წესი, ღირებულებები, ადამიანური ურთიერთობები. ასეთ ვითარებაში იყო შინაგან საქმეთა მინისტრი, ნიშნავს იმას, რომ ნებისმიერი შენი გადაწყვეტილება და ქმედება წინასწარ იყოს განწირული ყველა მხრიდან ლანძღვისთვის, სიძულვილისთვის, დაუნახავობისთვის, დაუფასებლობისთვის...

 

 

მინისტრ შოთა გორგოძისგან ყველა რაღაცას ითხოვდა, მასთან ყველას რაღაცა პრეტენზია ჰქონდა, მაგრამ თითქმის არავინ იყო ისეთი, ვინც მის მოღვაწეობას ობიექტურად შეაფასებდა, გაიგებდა იმ სირთულეებს, რაც იმ ქაოსის ვითარებაში მის თანამდებობრივ მდგომარეობას ახლდა. ცალკე - პოლიტიკური არეულობა, ცალკე - კრიმინალის აღზევება, ცალკე - სეპარატისტული რეგიონების გაჩენა, ცალკე - საკავშირო მთავრობის მოთხოვნები და კაპრიზები, ცალკე - ადგილობრივი მთავრობის დავალებები, ცალკე - ეროვნული მოძრაობის პრეტენზიები, ცალკე - მსოფლმხედველობრივად გახლეჩილი საზოგადოების თანამდევი პრობლემები, ცალკე - გართულებული ადამიანური ურთიერთობები... ეს ყველაფერი ერთ პიროვნებაში, შინაგან საქმეთა მინისტრ შოთა გორგოძეში უნდა გადაკვეთილიყო და იკვეთებოდა კიდეც.

 

 

2009 წლის 9 აპრილს დატრიალებული ტრაგედიის ნამდვილი შინაარსი, მაშინ კი არა, დღესაც არ ესმის ფართო საზოგადოებას. შეუძლებელი იყო შინაგან საქმეთა მინისტრის პოზიციებიდან ამის გაძლება, მაგრამ ბ-ნმა შოთამ გაუძლო. გაუძლო ისე, რომ იგი ჯერ ადამიანად რჩებოდა და მხოლოდ ამის შემდეგ იყო მაღალი თანამდებობის პირი, საზოგადო მოღვაწე, სახელმწიფო მოხელე.

 

 

მაშინაც მიკვირდა და დღესაც მიკვირს, - რაში იყო მისი ძალა?

 

 

ამ შეკითხვაზე რა პასუხიც მაშინ მქონდა, დღესაც ის პასუხი მაქვს, რომელიც, ერთი შეხედვით, შესაძლებელია ბანალურად ჟღერდეს, მაგრამ თუ დაუკვირდებით, მასში ბანალურობაზე მეტ ფილოსოფიას აღმოაჩენთ: შოთა გორგოძეს სამშობლო უყვარდა, ხალხი უყვარდა და ადამიანი უყვარდა. როგორი საკვირველიც არ უნდა გეჩვენოთ, მის გადაწყვეტილებებს და მის ქმედებებს ორი რამ განაპირობებდა, - კანონი და მისთვის თანდაყოლილი ადამიანური ჰუმანიზმი. მას არასოდეს უღალატია მისი შინაგანი ხმისთვის, რომელსაც სინდისსა და ნამუსს ვეძახით.

 

 

ასეთი კაცი იყო, ასეთი პიროვნება იყო, ასეთი ქართველი იყო გენერალი შოთა გორგოძე, რომელიც, დღეს, 2020 წლის 5 მარტს მიიბარა მშობლიურმა მიწამ. ადამიანზე, ხალხსა და სამშობლოზე შეყვარებულ კაცს ადამიანების, ხალხისა და სამშობლოს სიყვარული აცილებდა იმქვეყნად.

 

 

ადამიანის ცხოვრებას აქვს დასაწყისი და დასასრული, ადამიანის მიერ დატოვებულ კვალს, მის ხსოვნას დასაწყისი აქვს, მაგრამ დასასრული შესაძლებელია არც ჰქონდეს, თუკი ისეთი დიდი, ისეთი თბილი და ისეთი ადამიანურია იგი.

 

 

მინდა, რომ მარადიული იყოს ამ სამაგალითო პიროვნების ხსოვნა...“ - წერს ვალერი კვარაცხელია

 

 

 

big_banner
არქივი