logo_geo
ანა გიგუაშვილი: ბავშვებში კორონავირუსი გაცილებით იოლად მიმდინარეობს
- +

10 მარტი. 2020. 16:04

 

დაავადებათა კონტროლის ცენტრის თანამშრომელი ანა გიგუაშვილი, კორონავირუსთან დაკავშირებით, ფეისბუქ-გვერდზე სტატუსს აქვეყნებს:

 

„მინდა, კორონავირუსთან დაკავშირებით რამდენიმე საკითხი გაგაცნოთ:

 

პირველ რიგში, უმნიშვნელოვანესია, თუ იცით, რომ კონტაქტი გქონდათ ინფექციის მქონე ადამიანთ, დაიწყოთ თვითიზოლაცია, მოერიდოთ ხალხს, და ბაღის, სკოლის, სამსახურის, ფუნქციონირების გაგრძელების შემთხვევაში, მოერიდოთ ამათაც.

 

უნდა დავიბანოთ ხელები ხშირად, 20-30 წამის ხანგრძლივობით და ასევე გამოვიყენოთ სპირტზე (60% და მეტი) დამზადებული ხელის სადეზინფექციო საშუალებები.

 

არ მოისვათ ხელები სახეზე არავითარ შემთხვევაში. ბავშვებსაც აუხსენით, და გაიგებენ აუცილებლად.

 

საბედნიეროდ, რაც ვიცით, არის ის, რომ ბავშვებში შემთხვევები იოლად და შეიძლება უსიმპტომოდაც კი განვითარდეს.

 

10 მარტის მონაცემებით, მესამეული გადაცემა არ გვაქვს ქვეყანაში, ეს ნიშნავს, რომ ყველა შემთხვევა დაკავშირებულია იტალიიდან ჩამოსულ ადამიანებთან. ესპანეთიდან ჩამოსულ ადამიანთან, რომელსაც იტალიელთან ჰქონდა კონტაქტი და ასე შემდეგ.

 

03.10.2020-სთვის, დაავადებათა კონტროლის ცენტრში, ყველა დადასტურებული შემთხვევა, ვიცით, ვისგან გადაედო.

 

მომდევნო დღეებში, კვირებში, ზუსტად არ ვიცით, როდის, ველოდებით, რომ დადასტურდება ადგილობრივი გადაცემის შემთხვევებიც, რაც ნიშნავს, რომ უკვე ძალიან გაძნელდება და ნაკლებეფექტური იქნება კონტაქტებზე მიყოლა და გამოძიება და უკვე საზოგადო სიფრთხილის ზომებზე გადასვლა მოგვიწევს. სწორედ ამ დროს არის მიზანშეწონილი სახლში იზოლაცია მაქსიმალურად. ამ ეტაპზე ასეთი საჭიროება ნაკლებადაა (გამონაკლისი, როგორც ვთქვი, დადასტურებულ შემთხვევის მქონე ადამიანთან კონტაქტია).

 

გაითვალისწინეთ, რომ ეს პროცესი რამდენი ხანი გაგრძელდება, არ ვიცით. ვირუსი არის სრულიად უცნობი, ახლა ხდება კვლევა და რა მახასიათებლები აქვს სეზონურად თუ იმუნიტეტის მხრივ, ჯერ კიდევ არ ვიცით. არც ის ვიცით, საქართველოში რა რაოდენობის შემთხვევები გვექნება და რა სიმძიმის.

 

ამიტომ, ყველამ უნდა გავითვალისწინოთ, როგორ ვიმოქმედოთ ერთობლივად. ერთობლივად უნდა მოვიფიქროთ, როგორ მოვიქცევით თუ პროცესები გაიწელა დროში.

 

ჯანმრთელობას გისურვებთ“.

 

 

 

big_banner
არქივი