logo_geo
სიმონ კილაძე: იქნებ დროებით მაინც შეწყვიტოთ საეჭვო ინფორმაციების გამოქვეყნება კორონავირუსთან დაკავშირებით?
- +

18 მარტი. 2020. 13:38

 

 

„რა სიამოვნებას იღებთ „მოსალოდნელი და გარდაუვალი კატაკლიზმის“ შესახებ „ცხელი და მწვავე“ მასალების „ფეისბუქში“ გამოქვეყნებით?“ - ამის შესახებ ანალიტიკოსი სიმონ კილაძე სოციალურ ქსელში წერს.

 

„ვთხოვ მასმედიის წარმომადგენლებს და ფეისბუქ-მეგობრებს:

 

იქნებ დროებით მაინც შეწყვიტოთ გადაუმოწმებელი და საეჭვო ინფორმაციების გამოქვეყნება კორონავირუსთან დაკავშირებით?

 

ნუ დავზაფრავთ მოსახლეობას ისეთი მასალების ტირაჟირებით, რომლებიც ისედაც არასასიამოვნო სიტუაციის კიდევ უფრო მეტად დაძაბვას გამოიწვევს.

 

გახსოვდეთ, რომ ერთი შეხედვით თითქოსდა უბრალო ინფორმაციას ხშირად ძალიან ცუდი შედეგების გამოწვევა შეუძლია.

 

მე პირადად აღარ გავაგრძელებ ურთიერთობას „მეგობრებთან“, რომლებიც სიტუაციის კონტროლიდან გამოსვლის შესახებ ინფორმაციებს გაავრცელებენ - რომელიღაც ქვეყანაში ხალხი უკვე იარაღდება, მაღაზიებს ანგრევს...

 

განა ეს ჩვენ დღეს რაიმეში გვეხმარება? ან რაიმე იმედს გვაძლევს? პირიქით.

 

ვეკითხები ამგვარი მასალების მოყვარულებს: განა რა სიამოვნებას იღებთ „მოსალოდნელი და გარდაუვალი კატაკლიზმის“ შესახებ „ცხელი და მწვავე“ მასალების „ფეისბუქში“ გამოქვეყნებით? რა, ვინმეს გააკვირვებთ თუ პირველობა გსურთ? ყველამ უკვე იცის, რომ სიტუაცია ექსტრემალურია, დამატებითი „ცეცხლით“ კი საქმე უარესდება.

 

ახლა საჭიროა ხელისუფლების ორგანოების მითითებების ზედმიწევნით შესრულება, აჟიოტაჟისა და პანიკის აღკვეთა და იმის გაცნობიერება, რომ გაუაზრებელი, უპასუხისმგებლო მოქმედებით ვითარებას უფრო გავაუარესებთ.

 

ადრეც ვთქვი და გავიმეორებ: უფალმა დაგვიფაროს და თუ წინ რაღაც დიდი უბედურება გველოდება, უმჯობესია, ღირსეულად შევხვდეთ.

 

მე ასე ვფიქრობ“, - წერს სიმონ კილაძე.

 

 

big_banner
არქივი