logo_geo
შალვა ამონაშვილი: მოდით, ერთად ჩავაბაროთ სიყვარულისა და მოთმინების გამოცდა! ყველაფერი კარგად იქნება!
- +

20 მარტი. 2020. 19:08

 

 

ფსიქოლოგმა შალვა ამონაშვილმა ჩაწერა მიმართვა და რამდენიმე რჩევა მოგვცა მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით

 

 

,,კორონავირუსმა სრულიად შეცვალა ჩვენი ცხოვრება. არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში. ისევე როგორც ბევრ თქვენგანს, მეც შემეხო შეზღუდვები – ხანდახან ისე ვგძნობ თავს, თითქოს შინაპატიმრობაში ვიყო, მაგრამ შემდეგ ვიხსენებ, რომ ეს დროებითია.

 

 

ახლა ჩვენ ჩვენს სახლებში ვართ. ვერ დავდივართ სტუმრად, ვერ დავდივართ სხვა ქვეყნებში, ჩაკეტილია საზღვრები. თუმცა ყველა ჩვენგანს გამოუჩნდა თავისუფალი დრო და შეგვიძლია ეს დრო გამოვიყენოთ იმისთვის, რომ ვიმუშაოთ ჩვენს თავზე. დავუთმოთ მეტი დრო თვითგანვითარებას, ასევე ჩვენს შვილებს, ჩვენი ოჯახის წევრებს, უფრო მეტად მოვეფეროთ ერთმანეთს.

 

 

ეს ვირუსი გაივლის, მაგრამ ჩვენ დავრჩებით და სწორედ ამაზე უნდა ვიფიქროთ, ჩვენ გვაქვს პასუხისმგებლობა ჩვენი შვილების, შვილიშვილების წინაშე.

 

 

რას გვიშველის წუწუნი? რას გვიშველის ნერვიულობა? არაფერს.

 

 

იქნებ სხვა რამეზე ფიქრი ჯობია? მაგალითად იმაზე, რომ როცა ეს ყველაფერი დასრულდება, ახალი ადამიანები გავხდეთ? იქნებ ვცადოთ დავინახოთ ის, რასაც აქამდე ვერ ვხედავდით?

 

 

პირადად მე უფრო მეტად დავუახლოვდი ჩემს შვილიშვილებს, უფრო მეტი გავიგე მათზე.. ვფიქრობ, ჩვენ ერთგავრი გამოცდის წინაშე ვართ, ეს არის გამოცდა იმედში, რწმენაში და ერთმანეთის დახმარებაში.

 

 

მეკითხებიან, როგორ მოვიქცეთ ბავშვებთან მიმართებაში, როგორ დავაკავოთ ისინი? ბავშვებს დაკავება არ უნდათ, ჩვენ უნდა დავკავდეთ ბავშვებით. გამოსავალი არ არის ბავშვისათვის ტელევიზორის ჩართვა და თავის მინებება. ეს არ არის აღზრდა. ჯობია ისარგებლოთ შემთხვევით და მეტი დრო გაატაროთ შვილებთან, ელაპარაკოთ, ასწავლოთ.

 

მათთან ერთად იფიქროთ და იმსჯელოთ. ესაუბრეთ იმაზე, თუ რა არის ცხოვრებაში მთავარი, რა არის ცხოვრების აზრი? წაიკითხეთ წიგნები ბავშვებთან ერთად, ითამაშეთ ბავშვებთან ერთად. ამით ბავშვი ბევრ რამეს შეიძენს და მშობლებთან მეტი ურთიერთგაგება ჩამოუყალიბდება.

 

 

გამოჭედეთ საკუთარი ბედნიერება, გამოიყენეთ ეს დრო იმისათვის, რომ გახდეთ უკეთესები, ვიდრე იყავით. ერთად ჩავაბაროთ მოთმინების და სიყვარულის გამოცდა და ბოლოს ყველაფერი კარგად იქნება.”

 

 

 

 

 

big_banner
არქივი