logo_geo
პაატა ნაცვლიშვილი: ჩვენ ყველანი, დედამიწელები, ქართველები თუ სხვები, იტალიელებიც ვართ
- +

27 მარტი. 2020. 01:46

 

 

ჟურნალისტი პაატა ნაცვლიშვილი, სოციალურ ქსელში, მის მიერ ნათარგმნ მასალას აქვეყნებს:

 

 

„Italiano vero – იტალიელი ვარო!

 

 

ჩვენ ყველანი, დედამიწელები, ქართველები თუ სხვები, იტალიელებიც ვართ – ზოგი მეტად, ზოგი ნაკლებად. იტალიისა და იტალიელების გარეშე, ჩვენი ცივილიზაცია, ჩვენი კულტურა არა მარტო სხვანაირი, არამედ დიდად ნაკლულიც იქნებოდა. უცხოელის კვალობაზე კარგად ვიცნობ ამ ქვეყანას – წაკითხვით ხომ უამრავი რამ წამიკითხავს, ფილმი ხომ მრავალი მინახავს, სიმღერები ხომ მომისმენია და მომისმენია... ამას გარდა არაერთხელ ვარ იტალიაში ნამყოფი, თუ როგორც ტურისტი, თუ როგორც ჟურნალისტი, თუ როგორც მეზღვაური, თუ როგორც სულხან-საბა ორბელიანის კვალს ადევნებული მოგზაური.

 

 

მახსოვს, ბავშვობაში ფილმების ტიტრებიდან იტალიურ გვარ-სახელებს ცალკე ბლოკნოტში ვიწერდი ხოლმე, ზუსტად ისე, როგორც საყვარელ ლექსებს. რაღა ბავშვობაში, სტუდენტობამდე გამომყვა ეს ჩვევა. ჩემს საყვარელ გვარ-სახელებს შორის ტოტო კუტუნიო არასოდეს ყოფილა. არც სახელი მომწონდა მისი და არც გვარი. სიმღერა – კი, ბატონო! ან როგორ შეიძლება იტალიური სიმღერა არ მოგწონდეს! მაგრამ ახლა, როცა პანდემიის სასტიკი ტალღით მოცული მთელი იტალია ტოტო კუტუნიოს იმ ცნობილ სიმღერას მღერის, „იტალიელი“ რომ ჰქვია და სულ პირველი შესრულებისთანავე მსოფლიოს ესტრადა თუ ტელევიზიები რომ დაიპყრო, მისი გვარი და სახელი სულ უფრო მესიმპათიურება.

 

 

დღეს დილას, თავადაც შინ გამოკეტილი, სახლებში გამოკეტილ იტალიელთა შესრულებულ ამ სიმღერას რომ ვისმენდი დიანა ტრაპაიძის გადაცემაში, ვგრძნობდი, როგორ მატულობდა ჩემში იტალიელობის წილი. ამდილანდელ ვიდეორგოლში ერთი ქართველიც მონაწილეობდა – ხათუნა თურქაძე. მას რგოლის მომზადებაშიც მიუღია მონაწილეობა და ფეისბუქზეც დაუდევს. თავიდან ვიფიქრე, მოდი, გავაზიარებ-მეთქი, მაგრამ მერე ქსელში სიმღერის ტექსტი მოვძებნე და – უკეთესი რა უნდა მექნა! – ავდექი და, ქართულად ვთარგმნე. იტალიური არ ვიცი, მაგრამ გუგლის რესურსი და ორი ჩემთვის ნაცნობი შუალედური ენა მოვიშველიე. ვერ ვიტყვი, როგორი თარგმანი გამომივიდა, მაგრამ შევეცადე, შემენარჩუნებინა დედნის ის სულისკვეთება, რის გამოც დათრგუნულმა იტალიელებმა ფოლკლორულ კილოზე გაწყობილი ეს სიმღერა ოპტიმისტურ საბრძოლო ყიჟინად აქციეს. ამავე დროს, დღევანდელი სიტუაციის გათვალისწინებით, ორიგინალის შინაარსის შეუცვლელად ცოტა ორაზროვნებაც შევაპარე. ვთქვათ, ორიგინალისეული ავტომანქანის მაგნიტოფონი, რაც მაშინდელ იტალიაში ერთგვარად სტატუსური რამ სიმბოლო იყო, მიკროფონით ჩავანაცვლე, „ბონჯორნო“ – „ავე“-თი, ზოლიანი პიჟამო – სახლში დარჩენით, ტანსაცმლის მაღაზია – წმინდა შესამოსლით, ხოლო ღვთისმშობლის მელანქოლიას შეცვლა ფაქტობრივად არ დასჭირვებია. როგორც დროის ნიშანი უცვლელი დარჩა აგრეთვე გაპრეზიდენტებული პარტიჯანოც. აქ იგულისხმება ალესანდრო პერტინი, ომისშემდგომი იტალიის ყველაზე სახელოვანი პოლიტიკური მოღვაწე, რომელიც ახალგაზრდობაში ფაშიზმის წინააღმდეგ მებრძოლი პარტიზანული რაზმის წევრი იყო, 1978 წელს კი იტალიის პრეზიდენტი გახდა და 1985 წელს ვადაზე ადრე გადადგა ასაკის გამო. 1982 წლის ფეხბურთელთა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალური მატჩის წინ, როცა მასპინძლებმა იტალიის ჰიმნი დროულად ვერ მოძებნეს თუ ვერ ჩართეს, პერტინი წამოდგა და საპატიო სტუმართა ლოჟიდან იტალიის ჰიმნი დააგუგუნა! რაკი ფეხბურთზე ჩამოვარდა სიტყვა, იმასაც დავძენ, რომ თუმცა ტოტო კუტუნიოს სიმღერაში ფეხბურთი ნახსენები არ არის, ტექსტისეული moviola აქ იტალიის ტელევიზიის საკვირაო საფეხბურთო მიმოხილვას გულისხმობს, რომელიც მთელი დღის განმავლობაში ტელეკრანს მიაჯაჭვავდა ხოლმე გულშემატკივარს. იმ ერთდღიან შინ დარჩენაში ახლანდელი კარანტინი თუ თვითიზოლაციაც შეიძლება გამოსჭვიოდეს. სწორედ ამგვარი პარალელებისა და ამგვარი მინიშნებების გამოც იქცა ალბათ ეს სიმღერა დღევანდელი იტალიის ანტიკორონავირუსულ სახალხო ჰიტად. სიმღერის იდეა რომ ვთარგმნოთ, „რაც-კარგები-ვართ-იტალიელები-ვართ“ გამოვა, „რაც-კარგები-ვართ-ქართველები-ვართ“-ის ანალოგიით.

 

 

მეტ-ნაკლებ შინაარსობრივ თანხვედრასთან ერთად, იმასაც შევეცადე, ზომა ზუსტად დამეცვა, რომ თუ ვინმე მოინდომებს, თარგმანმა სასიმღეროდაც ივარგოს, თუმცა, გულწრფელი რომ ვიყო, სულაც არ მომწონს, როცა სიმღერებს თარგმნიან და სხვა ენაზე მღერიან. ასე იყო თუ ისე, მოვკიდე თარგმნას ხელი და სულ პირველად სიმღერის ბოლო ფრაზა ვთარგმნე – „ნამდვილი იტალიელი“, „ნაღდი იტალიელი“ – Italiano vero, რაც ასე გადმოვაქართულე: იტალიელი ვარო! და მერე ყველაფერი დანარჩენი ამ ფრაზას მოვარგე. ქართულ თარგმანში ნახსენებ „მომრავლებულ ამერიკისტებში“ შევეცადე ჩამეტია ტექსტისეული კრიტიკული დამოკიდებულება ყოველივე ამერიკულისადმი, რაც მაშინ უაღრესად აქტუალური ყოფილა იტალიაში და რაც ორიგინალში გამოიხატა ფრაზით – „ბლომად ამერიკა პოსტერებზე“.

 

 

სიმღერის ორიგინალური ტექსტის ავტორია კრისტიანო (პოპი) მინელონო, მუსიკა კი თავად ტოტო კუტუნიოს ეკუთვნის. ერთგან ეწერა, რომ თითქოს „იტალიელი“ თავიდან ადრიანო ჩელენტანოს უნდა ემღერა, მაგრამ მას უარი განაცხადებია. კუტუნიომ კი ამ სიმღერით მეხუთე ადგილი დაიკავა სან-რემოს ფესტივალზე, თუმცა „იტალიელი“ ბევრ ჩემპიონ სიმღერაზე უფრო პოპულარული და სიცოცხლისუნარიანი აღმოჩნდა. ამის მიზეზად მისი ტრადიციული ფოლკლორული ფესვები მიაჩნიათ.

 

 

თავის დროზე პოლიტიკური თუ სოციალური ქვეტექსტებით დამუხტული და იტალიელობის სიამაყით აღსავსე ეს სიმღერა დღეს რამდენადმე ნოსტალგიურად ჟღერს. მგონი, ასეა თარგმანშიც. ყოველ შემთხვევაში, მე როგორც შევძელი, ისე გავაკეთე. დაე, სხვამ უკეთ გააკეთოს.

 

 

თუმცა დღეს ყველა ქვეყანას თავისი გასჭირვებია, იტალიის გასაჭირის შემხედვარენი, ჩვენ ყველანი, დედამიწელები, უფრო იტალიელები ვხდებით, ვიდრე აქამდე ვიყავით. ჩემი დღევანდელი დრო, შრომა და შემართება მთლიანად იტალიას ეძღვნება. მე დღეს იტალიელი ვარ!

 

 

არ არის გამორიცხული, ერთი დღით ესპანელიც გავხდე! ღმერთმა იტალიელთა, ესპანელთა თუ სხვა კეთილისმსურველთა ქართველობა არ დაგვაჭირვოს!

 

 

ახლა კი ტოტო კუტუნიოსა და პოპი მინელონოს სიმღერა ქართულად.

 

 

ი ტ ა ლ ი ე ლ ი

 

თუკი გიტარაც მღერის,

მე რომ ვიმღერო, რა რო,

თუკი გიტარაც მღერის,

იტალიელი ვარო.

 

 

ავე, იტალია! მზადაა სპაგეტი,

პარტიჯანოა ჩვენი პრეზიდენტი,

ხელში რომ მიჭირავს, ეს მიკროფონია

და კანარის ჩიტის მესმის სიმფონია.

 

 

ავე, იტალია, შენი არტისტებით,

მაგ მომრავლებული ამერიკისტებით,

ამღერებულ გულით, სიყვარულის ზვრებით,

ბევრი ქალებით და ცოტა მონაზვნებით.

 

 

ავე იტალია,

დედაო მარიამ,

ეს ყველაფერი ხომ არც შენ გიხარია!

სალამი, უფალო!

ნუ დამივიწყებ, შენ სახელს ვუგალობ!

 

 

თუკი გიტარაც მღერის,

მეც რომ ვიმღერო რა რო,

ყველას რომ შევუყვარდე,

ყველა რომ შევიყვარო.

სიამაყითაც ვხარობ,

და თავს ზემოთაც ავხტი,

იტალიელი ვარო,

იტალიელი ნაღდი!

 

 

ავე იტალია, შენ არ გეშინია,

რომ სამართებელი ეხება შინიონს,

არ გახვალ შინიდან, ეკრანთან დარჩები,

თავს გაგახსენებენ ფეხბურთის მატჩები.

 

 

ავე, იტალია! ყავისთვის გიჟდები,

უჯრიდან ახალი გააძრე წინდები,

ტანთ შემოიხვიე ალამი გრძნეული,

ფიატ-600-ია დღეს წმინდა სხეული.

 

 

ავე, იტალია!

დედაო მარიამ,

ეს ყველაფერი ხომ არც შენ გიხარია!

სალამი, უფალო!

არ დამივიწყო, შენ სახელს ვუგალობ!

 

 

თუკი გიტარა მღერის,

მეც რომ ვიმღერო რა რო,

ყველას რომ შევუყვარდე,

ყველა რომ შევიყვარო.

სიამაყითაც ვხარობ,

და თავს ზემოთაც ავხტი,

იტალიელი ვარო,

იტალიელი ნაღდი!

 

 

რაკი გიტარა მღერის,

მეც რომ ვიმღერო რა რო,

სიმღერით გაგახაროთ,

სიმღერით გავიხარო.

გიტარა მისწრებს წინ და,

მეც რომ ვიმღერო, რა რო,

ყველამ გაიგოს მინდა, –

იტალიელი ვარო!“

 

 

big_banner
არქივი