logo_geo
„ამაზონმა“ შესაძლოა, COVID-19-ის ტესტების გლობალური მიწოდება დაიწყოს
- +

28 მარტი. 2020. 19:33

 

 

„ამაზონის“ აღმასრულებელი დირექტორი ჯეფ ბეზოსი ინსტაგრამზე წერს, რომ რამდენიმე დღის წინ ვიდეოზარით ესაუბრა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ დირექტორს, ტედროს ადანომ გებრეისუსს.

 

 

ბეზოსის განცხადებით, ამაზონი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას ვებ-მხარდაჭერით უკვე უზრუნველყოფს.

 

 

„ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან ჩვენი ამჟამინდელი თანამშრომლობა მოიცავს: მისი ვებგვერდის მოცულობისა და უსაფრთხოების ზრდას; მანქანური სწავლებითა და ხელოვნური ინტელექტით დახმარებას; მისი ცოდნის კატალოგის თარგმნასა და ტრანსკრიფციაში დახმარებას; ლოჯისტიკურ დახმარებას“, — წერს ბეზოსი.

 

 

 

რას გულისხმობს „ლოჯისტიკური დახმარება“, ბოლომდე ცნობილი არ არის, მაგრამ სავარაუდოა, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დასახმარებლად ამაზონის მიწოდების სერვისის ფლოტი მიმართონ.

 

 

 

ბეზოსი ასევე მიანიშნებს, რომ ამაზონი შესაძლოა, ტესტების მიწოდებაშიც ჩაერთოს.

 

 

 

„ჩვენ ასევე განვიხილეთ, რომ დაუყოვნებლივი ერთობლივი მოქმედებაა საჭირო COVID-19-ის ტესტების გასავრცელებლად. დიდი ოდენობით სწრაფი, ეფექტიანი, ადვილად ხელმისაწვდომი ტესტები მრუდს გააბრტყელებს და მთელ მსოფლიოში დაიცავს ხალხს. დოქტორ ტედროსს ვუთხარი, რომ უახლოეს კვირებსა და თვეებში გავაგრძელებთ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დახმარებას ყველა იმ გზით, რითაც შეგვიძლია“, — წერს ბეზოსი.

 

 

 

ამაზონმა გაერთიანებულ სამეფოსთან უკვე გააფორმა ხელშეკრულება COVID-19-ის სახლის პირობებში ჩასატარებელი ტესტების გავრცელების შესახებ. მიწოდების პირველი ეტაპი სამედიცინო პერსონალით დაიწყება.

 

 

 

სილიკონის ველის სხვა მრავალი მილიარდერისგან განსხვავებით, ბეზოსს ჯერ არ გაუკეთებია საჯარო განცხადება იმის შესახებ, აპირებს თუ არა რაიმე თანხის გაღებას კორონავირუსთან საბრძოლველად. ჯეფ ბეზოსი ამჟამად მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანია — მისი ქონება 120 მილიარდ დოლარს შეადგენს.

 

 

 

ბეზოსის ერთ-ერთი ბოლო საჯარო კომუნიკაცია ვირუსის შესახებ იყო ამაზონის საწყობების თანამშრომლებისთვის გაგზავნილი წერილი; ბევრი მუშა კომპანიის მხრიდან მათი უსაფრთხოებისთვის გარკვეული ნაბიჯების გადადგმას ითხოვდა.

 

 

 

„მთელი ჩემი დრო და ფიქრი ახლა COVID-19-ისკენ არის მიმართული; ვაკეთებ ყველაფერს, რათა ამ საქმეში ამაზონმა საუკეთესო როლი ითამაშოს“, — წერდა ბეზოსი წერილში.

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი