logo_geo
გელა ზედელაშვილი: ვუყურებ ბათუმის ტრაგედიის შემდგომ გარჩევებს ტელევიზორში და გული მიკვდება...
- +

15 მარტი. 2017. 19:56


 

„ვუყურებ ბათუმის ტრაგედიის შემდგომ გარჩევებს ტელევიზორში და გული მიკვდება - ქართული საზოგადოების აზროვნება ერთი ნაბიჯითაც არ გასცილებია 1990-იანი წლების აზროვნებას. დარწმუნებული ვარ, ზვიად გამსახურდია რომ გაცოცხლდეს, ხელახლა დაამხობენ, ხელახლა გააძევებენ და ხელახლა ჩაკლავენ სამეგრელოს მივარდნილ სოფელში!", - ამ სიტყვებით ჟირნალისტი გელა ზედელაშვილი სოციალურ ქსელში ბათუმის მოვლენებს ეხმაურება.


„ისევ ის სახეები, ისევ ის „შპანები", ისევ ის უჯიშოები. რაც მთავარია, იგივე ხელწერა, იგივე მეთოდები, ამ მხრივაც კი ვერ დაიხვეწნენ! ისევ იმათ ეკითხებიან ჭკუას, რომლებიც 1991 წლის 2 სექტემბრიდან მოყოლებული, პროვოკაციებს უწყობენ საქართველოს!

 

ესენიც ისევ ყელყელაობენ, ისევ ლაქლაქებენ, ისევ ამტკიცებენ რაღაც სისულელეებს გენიოსური გამომეტყველებით, დიდაქტიკური ტონით და ქართველებიც ისევ ძველებურად უქნევენ თავებს!

 

სად იყო პრემიერ-მინისტრი, როცა ბათუმს თავზე გვანგრევდნენ აჭარლებს, თქვე უნიათოებოო? სასაცილოა პირდაპირ, ამ ზამთარს დიდთოვლობა იყო აჭარაში და იძახდნენ, სად არის პრემიერ-მინისტრი, კარმიდამოს რატომ არ გადაგვითოვლავსო? 100 ჩასული ნაძირალა ანგრევდა ბათუმს და სად არის თბილისი, რატომ არ აქრობს ხანძარსო? არავინ ამბობს, სად ვიყავით აჭარლები, რატომ ვუყურებდით ამ ყველაფერს ტელევიზორშიო? არავის ვაყენებ შეურაცხყოფას, უბრალოდ ჩემსას ვლაპარაკობ მას შემდეგ, რაც ტელევიზორში მიცხადებენ, „მავნები" ბათუმიდან სპეციალურად ჩამოვიდნენ თბილისში, რათა ექსკლუზიური ინტერვიუები მოგვცენო!

 

„რუსთავი 2"-ის „არჩევანში" ვინმე ჯემალ ქიქავა ხტოდა გახეული ბურთივით, მე აფხაზი დედა მყავს და აჭარელი მამა, ორი ავტონომიის შვილი ვარ, საქართველოსი მეშინიაო... ეს ბოლო ავტონომიააო. ვაი, შენ, ვინმე ჯემალ, თუ ორი ავტონომიის შვილი ხარ და საქართველოსი კიდევ გეშინია! სადაც გინდა, იქ მიჩივლე, თახსირი ხარ და მეტი არაფერი!!!

 

ჩამოვიდნენ ეს "მავნები" თბილისში, მიქანდნენ "რუსთავი 2"-ის სტუდიაში მედეა ვასაძის ("ოცნების" ყოფილი წევრის) თამადობით და მისცეს ექსკლუზივები იმის თაობაზე, თუ რატომ არ ჰყავს აჭარას პატრონი. მაშ, თქვენ ვინ ხართ, არ ხართ აჭარის პატრონები? დავუშვათ, პრემიერ-მინისტრი გაგიჟდა, აღარ გამოჩნდა, გაიქცა, დაიმალა, 100 ნაბიჭვარს ვერ უნდა გაუწიოთ წინააღმდეგობა? თავი რომ მოგაქვთ ავტორიტეტებად, ინტელიგენციად, მოაზროვნეებად, აღიარეთ მაინც შეცდომა, ვის ედავებით და რატომ ედავებით?!

როგორც ვიცი, აჭარას ყოველთვის ჰყავდნენ ავტორიტეტები და უხუცესები, სად არიან, რატომ არ შეიკრიბებიან და არ იმსჯელებენ, რა მოხდა და რატომ მოხდა?

 

ჩემო ძვირფასო აჭარლებო, ვიმეორებ: მეთოდი იგივეა, მაგრამ რატომღაც არ ძველდება და ისევ აქვს ეფექტი. 1991-1992 წლების ტრაგედიის დღეებში სპეციალურად ვრცელდებოდა ჭორი, თითქოს ზვიად გამსახურდია კახელებს "შაჰ-აბასის ნაბიჭვრებს" გვეძახდა. ამ ყველაფერს სათავეში ედგა იგივე სარიშვილი, რომელსაც დღესაც აყეფებენ ტელევიზიებით. მსგავსი არაფერი ყოფილა, მსგავსი არაფერი უთქვამს ზვიად გამსახურდიას, მაგრამ კახელების ნაწილი მაინც წამოეგო პროვოკაციაზე. ზუსტად იგივე ხდება თქვენს თავს - წამოგაგეს და გაგაბრიყვეს. როგორც ჩვენ ვართ შაჰ-აბასის ნაბიჭვრები, ისე თქვენ ხართ "თათრები". ამაზე კი არ უნდა დაიბოღმოთ და საკუთარი ქალაქი გადააწვევინოთ მანქურთებს, უნდა იცინოთ!

 

ჰო, კიდევ ერთი... შეიძლება ამ ზაფხულს დაცხეს და როგორ გვიბრძანებთ, პრემიერი გამოგიგზავნოთ, მარაოთი რომ დაგინიავოთ თუ დეპუტატებს მივანდოთ ეს საქმე?!", - წერს ზედელაშვილი. 


 

big_banner
არქივი