logo_geo
ქეთი ხოსიტაშვილი: კარგი შანსი მოგვცა სამყარომ
- +

21 აპრილი. 2020. 14:11

 

 

სოციალურ ქსელში მედიაჰოლდინგ „კვირას“ მთავარი რედაქტორი ქეთი ხოსიტაშვილი წერს:

 

 

„რაღაცნაირი მეზობელი მყავს ერთი, ვერასდროს ვიმახსოვრებ სახელს - ჩუმია. ძალიან ხშირად, ჩვენს ეზოში ძაღლს ასეირნებს. თვითონაც სულ ჩუმად დადის, ნელი ნაბიჯებით. შუახნის კაცია, შავგვრემანი.

 

 

დაბალბეწვიანი პატარა ძაღლი ჰყავს, ისიც შუახნის, შავი.

 

 

ამასწინათ გამოველაპარაკე, აღდგომა მივულოცე.

 

 

მივხვდი, ესიამოვნა.

 

 

მე ჩემი მეუღლე და ძაღლი ერთად ვცხოვრობთო, შვილი გათხოვილია და 2 შვილიშვილი მყავსო...თავის ამბებს ძაღლის ამბები მოაყოლა, მივხვდი, ძალიან უყვარს ცხოველები და მივხვდი, ეს შავგვრემანი ძაღლიც მისი ზრუნვის მთავარი ობიექტია.

 

 

ვკითხე, რატომ უვლი ძაღლს-თქო.

 

 

მიყვარსო, ჭკვიანიაო, მეფერებაო...საწოლზე ამოდის და ფეხსაცმელებით თამაში უყვარსო.

 

 

არაფერი განსაკუთრებული, ჯანმრთელობა ვუსურვე და დავიშალეთ.

 

 

ამ კაცს კი რას ვერჩი, მაგრამ, მერე ჩემთვის ვფიქრობდი, რანაირია ადამიანის ბუნება-თქო. 

 

 

ხშირად ვიღაც ან რაღაც მხოლოდ ჩვენი სიამოვნებისთვის გვიყვარს, ისევ ჩვენი თავი მოგვწონს ამ "სიყვარულში".

 

 

ბევრ შემთხვევაში, ყველა და ყველაფერი რაც გვიყვარს და თვითონ სიყვარულიც, მხოლოდ ჩვენთვის გვინდა... ასე, სახლში წასაღებად, მოსაგროვებლად, თვითტკობისთვის....ეს ხანდახან თვითრეალიზაციის ან კომპლექსების გადაფარვის შესაძლებლობაც ხდება ხოლმე.

 

 

ამ ყველაფერს ეგოიზმი ჰქვია.

 

 

ვუყურებდი დღეს ჩემს შავგვრემან მეზობელს, შავი ძაღლით და ვფიქრობდი, მნიშვნელოვან გზას გავდივართ დღეს ადამიანები. კარგი შანსი მოგვცა სამყარომ.

 

 

მგონია, რომ ეს არის დრო: თვითგამორკვევის; განვითარების; ანალიზის; ღირებულებების გადაფასების; დეკორაციების ჩამოხსნის; გაშიშვლების....

 

 

მაქვს მოლოდინი, რომ სოციალური დისტანცია ადამიანებს კიდევ უფრო დაგვაახლოვებს;

 

 

მაქვს მოლოდინი, რომ თვითიზოლაცია, პირველ რიგში, ჩვენი ეგოისტური იდეებისგან იზოლაციას გვასწავლის;

 

 

მგონია, რომ სამყარო დღეს გვასწავლის, რომ არავინ და არაფერი არ უნდა გვიყვარდეს მხოლოდ "ჩვენთვის":

 

 

ძაღლი, რომელსაც ვუვლით და ეს მზრუნველობა ისევ ჩვენ გვსიამოვნებს;

 

 

ხე, რომელსაც ვრგავთ და ვფიქრობთ, რომ ის ჩვენი ეზოს ან აივნის ხედს გაალამაზებს;

 

 

შვილებს, რომლებსაც ვზრდით და გვინდა გახდნენ ისინი, ვინც ჩვენ ვერ მოვახერხეთ გავმხდარიყავით;

 

 

სახელწიფო, სადაც ვცხოვრობთ და ხშირად მის სამსახურში იმიტომ ვართ და ვშრომობთ, რომ ამაგი უკან, ხელფასისა და ჩვენივე კეთილდღეობის სახით დაგვიბრუნდეს;

 

 

ტაძრები და ღმერთები, სადაც და ვისთვისაც ვლოცულობთ და ასე საკუთარი სულის გადარჩენას ვცდილობთ....გარანტიებს ვეძებთ, რომ სამოთხეშიც არ დაგვერღვევა კომფორტის ზონა;

 

 

სიკეთე, რომელსაც ჩავდივართ და გვჭირდება აპლოდისმენტები - ხან ჩვენივე თავისგან, ხან სხვისგან;

 

 

საყვარელი ადამიანი, რომელიც გვიყვარს და ამ დროს, გამალებით ვექაჩებით ჩვენს სამყაროში, გვინდა შევცვალოთ,  გადავაკეთოთ,  გამოვძერწოთ, მოვირგოთ...ხშირად აღარ ვუტოვებთ თავისუფალ სივრცეს და ასე, ამ დროს, ვიღაცას ვიღაცის გზაზე უწევს სიარული...სხვის გზაზე სიარულით კი, რომელიმე თავის თავისუფლებას აუცილებლად დაკარგავს...საბოლოოდ, ასეთი ადამიანები ბედნიერები ვერ იქნებიან...

 

 

რა მოხდება, თუკი უბრალოდ გვეყვარება ის  რაც ჩვენგან დამოუკიდებლად, ჩვენს გარემოცვასა და სამყაროშია?

 

 

რა მოხდება, თუკი ასე, საკუთარი ინტერესების მიღმა ვიზრუნებთ მასზე?

 

 

​ასე, უბრალოდ გვეყვარება, ასე, უბრალოდ გავუფრთხილდებით, მოვუვლით...აღარ მოგვინდება ყველაფერი, რაც ხელმისაწვდომია სახლში წავიღოთ, მოვიხვეჭოთ, მოვინადიროთ...

 

 

მგონია, რომ ჩვენ ჩვენი ეგოისტური იდეებისგან იზოლაცია დღეს ყველაზე მეტად გვჭირდება და პირველ რიგში, იმის მიხვედრა, რომ ზუსტად ეს არის ახლა საჭირო!

 

 

მნიშვნელოვან გზას გავდივართ დღეს ადამიანები...კარგი შანსი მოგვცა სამყარომ დღეს, ძალიან კარგი,“ - წერს ქეთი ხოსიტაშვილი

 

 

big_banner
არქივი