logo_geo
გიორგი კეკელიძე: ამ სამი ბავშვის სიხარულზე დიდია ჩემი სიხარული...
- +

17 მარტი. 2017. 20:49



ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:


„ჩემს დღევანდელ და დიდ სიხარულზე მოგიყვებით. ცოტა შორიდან. ოთხმოცდაათიანები წლები იდგა. გვიჭირდა, მართლა გვიჭირდა. არ ვიცი, რატომ მაგრამ მე ლექსების წერა დავიწყე. სანამ შუქი მოვიდოდა, ვწერდი გაუთავებლად. მერე მეზობელთან ტელევიზორის საყურებლად გადავდიოდი. ჩვენ არ გვქონდა - მინდოდა კი. ერთ დღესაც ამბავი მოვიდა, პრეზიდენტის სტიპენდია გამოცხადდა ახალგაზრდებისთვო. პედაგოგთა კაშირმა აიღო და წარმადგინა. დედაჩემმა რკინის ქალამანი ჩაიცვა და წავიდა ჩემი ლექსებით თბილისში - რეკომენდაციები იყო საჭირო. ანა კალანდაძემ დამიწერა...

 

სხვებმაც. და ასე, სრულიად მოულოდნელად, მომანიჭეს ეს სტიპენდია. ცოტა ფული როდი იყო - თვეში 100 ლარი. ცოტა დააგვიანა და 900 ლარი ჩაირიცხა. წავედით მე და მამაჩემი ოზურგეთიდან ლილოში და ტელევიზორი ჩამოვიტანეთ. არ არსებობს ამ ტელევიზორზე ძვირფასი ნივთი - ყველა გადაცემა, ყველაზე მოსაწყენიც კი, რაც იქ მინახავს, ჯადოსნურია. ჯადოსნური და წარმატების ფერებით სავსე.

 

მაშინ, მერვე კლასელი ბიჭი ძნელად წარმოვიდგენდი, დღეს ოზურგეთში ჩემი დაწერილი წიგნის სახელობის სტიპენდიას გავცემდი. ვწერ, ვხვდები, ამაოდ - ვერ მოგიყევით. ამ სამი ბავშვის სიხარულზე დიდია ჩემი სიხარული. ორი მათგან, ლია და ნია გეგიაძე - პატარები - დროებით სოციალურად დაუცველი ოჯახიდან არიან, ერთიც, ცოტა უფროსი, წარჩინებული მოსწავლე ქეთი ქობულაძე. მადლობა გურული დღიურების ფონდში ჩემს თანამოაზრეებს, მადლობა ყველა შემომწირველს და მადლობა შენ, მკითხველო! რომ არა შენ - არაფერი გამოვიდოდა. სულ საათით ჩავედი დაჯილდოებაზე და ახლა უკან ვბურნდები, დილით თბილისში კონფერენციაზე უნდა ვიყო. გზა გრძელია, მაგრამ მე უფრო ძლიერი ვარ, ვიდრე შუადღისას ვიყავი. ამ სამი ბავშვის სიხარულის ძალა.მომყვება #გურულიდღიურები", - წერს კეკელიძე. 


 

big_banner
არქივი