logo_geo
ვახტანგ-გოჩა ხუნდაძე: 6 მაისი ილია ვეკუას დაბადების დღეა
- +

6 მაისი. 2020. 16:20

 

 

ჟურნალისტი ვახტანგ-გოჩა ხუნდაძე აკადემიკოს ილია ვეკუას დაბადების დღესთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

 

„ილია ვეკუა ჩემი რექტორი იყო. იმ უბრალო მიზეზის გამო ვიჩემებ ამ უდიდეს პიროვნებას, მსოფლიოში სახელგანთქმულ მეცნიერს, რომ მისი რექტორობის ჟამს ჩავირიცხე დედა უნივერსიტეტში და მისივე ხელმძღვანელობით დავამთავრე. მოხდა ისე, რომ ჩემი წყალობით მამაჩემმაც გაიცნო ბატონი ილია. აი, როგორ მოხდა ეს ამბავი. 1969 წლის შემოდგომის ერთ მშვენიერ დღეს, ორ მეგობართან ერთად, პრაქტიკული მეცადინეობა ჩავატარეთ „ველიამინოვზე“, ცნობილ სახინკლეში. არყითა და ლუდით დაბანგულებმა, უნივერსიტეტს მივაშურეთ, ზოგმა მონატრებული შეყვარებულის სანახავად, ზოგმაც ახალი „თავგადასავლის“ საძიებლად. პირველ და მეორე კორპუსებს შორის გვირაბში რაღაც არ მოგვეწონა და თავზე დავიმხეთ ჭერზე დამაგრებული განათების პლაფონები. ნათურების ბათქა-ბუთქის ხმას გვირაბი კიდევ უფრო აძლიერებდა. პირველი კორპუსის ვესტიბიულში დამფრთხალი სტუდენტები იდგნენ და გვირაბში ჩასვლას ვერ ბედავდნენ. ცოტა გამოვფხიზლდი და მივხვდი, რომ რაღაც ამაზრზენი ჩავიდინეთ. გულშემატკივრებმა იქაურობას გაგვარიდეს, „გულშემატკივრებმა“ კი დეკანატს შეატყობინეს, ასე და ასე მოხდაო. კარგი არაფერი გველოდა, მაგრამ დამსახურებული სასჯელის მოლოდინი არაფერი იყო ჩვენი უსაქციელობის განცდასთან შედარებით. მეორე თუ მესამე დღეს, დეკანის მოადგილემ, ახალგაზრდების დიდმა ქომაგმა და აღმზრდელმა, პროფესორმა გოგი შალამბერიძემ შემომითვალა, ბატონ ილიას მამაშენთან შეხვედრა უნდაო. რა მექნა, მშობლის მაგივრად სხვა ადამიანის მიყვანას ვერ ვაკადრებდი და აი, დათქმულ დროს, მამაჩემი რექტორის კაბინეტში შევიდა. ორმოც წუთს ველოდი ვარაზისხევში, კიბეებთან მამაჩემს. თან იმას განვიცდიდი, რომ რისხვას ვერ ავცდებოდი. ჩემდა გასაოცრად, მამაჩემი კარგ ხასიათზე გამოვიდა შეხვედრიდან. გაორებული ვარო, მითხრა. რაც თქვენ გააკეთეთ, ძალიან ცუდი საქციელია და მეც მეცხვენია, მაგრამ ამ თქვენი უსაქციელობის წყალობით, ეს ღმერთივით კაცი გავიცანი და თავს ამით ვინუგეშებო. რექტორმა დიდსულოვნად გვაპატია. ამის შემდეგ დაიწყო ფორმალობები: დაგვაწერინეს ახსნა-განმარტებითი ბარათები, დიდ აუდიტორიაში ჩაატარეს კრება, სადაც მსუყედ გვლანძღეს და გვთათხეს, რამდენიმე მეგობარი ჩვენს „გათეთრებას“ შეეცადა და ძალიან ემოციურადაც გამოვიდა. კრებამ პირობითი სასჯელი დაგვადო, უნივერსიტეტის გაზეთმა კარგა მოზრდილი წერილი „მოგვიძღვნა“ და ამით ამოიწურა ეს ძალიან არასასიამოვნო ისტორია. რომ არა ილია ვეკუას დიდბუნებოვნება, მე და ჩემს „თანამებრძოლებს“ უნივერსიტეტიდან დაგვითხოვდნენ. შემდეგ რა მოხდებოდა, ძნელი განსასაზღვრია - ქუჩა ხომ სავსე იყო მოულოდნელობებით. ჰოდა, ამ საოცარი კაცის წყალობით, საგვირაბო ეპოპეის ერთი მონაწილე საქართველოს დამსახურებული ჟურნალისტი, ქვეყნის მთავარი გაზეთის განყოფილების გამგე და, რაც მთავარია, ჩინებული პოეტი გახლდათ - დიდებული ლექსი უძღვნა უნივერსიტეტს; მეორე - პროფესორია და ახალგაზრდებს ენათმეცნიერებას ასწავლის; თქვენი მონა-მორჩილიც არ გამოდგა წყალწაღებული... აი, ასე შევახვედრე მამაჩემი დიდ ილია ვეკუას.

 

1989 წელს, ადრე გაზაფხულის ერთ წვიმიან დღეს, შეშელეთში, ილია ვეკუას სახლ-მუზეუმში მოვხვდი. სითბოთი, სიყვარულით, მადლიერებით შევცქეროდი იქ გამოფენილ ექსპონატებს და ვლოცავდი ადგილის დედას, ასეთი ბუმბერაზი რომ მოუვლინა საქართველოს!“ - წერს გოჩა ხუნდაძე.

 

უნივერსიტეტს

 

როგორ ბრძანდებით, თეთრო ბატონო,

ჩემო მეუფევ, როგორ ბრძანდებით;

ისევ ქართული სჯულით გვარტომობ,

თუ უღელ-მეღელთ უძიძავდები.

 

ხომ არ დაგიშრა ძუძუ - რძიანი

და აგიხავდა ნუკრი - მშიერი...

ხომ მხნედა მყავხარ, ხელცარციანი,

ქუდბედასავით სვებედნიერი?!

 

ფაზისს ვერ ვწვდები,

ვერც შორ მონათ დროს...

შენებრ არც გენათს უქათქათია!

მოწაფე სადაც უნდა მონათლონ,

შენ შემოგნატრის -

მოძღვარ-ნათლიად.

 

ვწუხვარ, რომ ხელზე ვერ გემსახურე,

ხმელზე გავცურე უტევ - სრუტეთი;

ეს რა მირონი გადმომასხურე -

ცალფეხსაფლავაც რომ ვარ სტუდენტი!

 

შენ შემიწამლე ლერწი პწკარები,

ცაც გადამისვი - დედის ხელივით

და სტამბა-სტამბა დავწანწკარებდი -

„პირველი სხივით“ ლექსგამხელილი.

 

აქ დავეშურხე საბაქართულს და

მუზაც ვიუღლე - ნიას იებით.

რა კარგი იყო თავგაპარსულთა

ჰოპლა! - მესამესემესტრიები!...

 

არ ვიღეღავდი პერანგს ჭიპამდი,

მხარზე გკოცნიდი მორდუს - მორდილი

თუმნიან ლენინს რომ მიჯიბავდი -

იმ სტიპენდიით ვარ გამოზრდილი.

 

ვერც სტუდქალაქის მადლს დაგივიწყებ:

უფასოდ მეგო თბილი ლოგინი;

შენი ჭადრების ფოთლები მეწყო

თავქვეშ - იმ მოგვი ფილოლოგივით.

 

ისევ შენს ბაღში ვზივარ, მშიერი -

შენი ნისია-კაფეს შემყურე -

იმ ვაჟას სულის სულნაშიერი,

გულისკოვზით რომ აცაზეპურე!...

 

შენ მარიდებდი ჭანგას და ჭინჭარს,

შიშივით მხდიდი დღეებს - ნისლიანს.

სამოცდაშვიდში, სოფლელმა ბიჭმა,

აქ შემოვაღე კარი - ნისიად...

 

ვალი ვერც ლექსით გადამიხდია -

საბას „ძღვენს“ ურცხვად გადავემალე!

 

ხომ არ დაგღალე, ჩემო ბიბლიავ,

ჩემი საფლავის ქვამდე მევალე.

 

 

 

big_banner
არქივი