logo_geo
„საქართველოში ავტოკეფალია აღარავის აღარ გაახსენდება“ -მთავარეპისკოპოსი დიმიტრი“
- +

18 მარტი. 2017. 23:22




ისტორიკოსი სერგო ვარდოსანიძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:


XIX საუკუნის საქართველოს ისტორია თავის თავში იტევს როგორც საქართველოს სახელმწიფოებრივი და ეკლესიური თავისუფლებისათვის მებრძოლ დიდ წინაპართა სახეებს, ასევე სამშობლოსაგან გაუცხოებულ თანამემამულეებსაც, რომელნიც ემსახურებოდნენ რა რუსეთის იმპერიას საერთოდ არ ფიქრებოდნენ იმ სამშობლოზე, სადაც დაიბადნენ, სადაც მათ წინაპართ სისხლი უნთხევიათ თითოეული გოჯი ქართული მიწის დასაცავად. მთავარეპისკოპოსი დიმიტრი დღეს რუსეთშია დაფასებული, თავისი სამშობლო მას ვერ პატიობს ქართველობის უარყოფას, სამშობლოს ინტერესების უგულებელყოფას.

 

მთავარეპისკოპოსი დიმიტრი, ერისკაცობაში დავით ილიას ძე აბაშიძე დაიბადა 1867 წლის 12 ოქტომბერს თბილისის გუბერნიის სიღნაღის მაზრის სოფელ ვეჯინში. მისი წინაპრები XVIII საუკუნეში იმერეთიდან გადმოსულან კახეთში. ოჯახში პირველდაწყებითი განათლების მიღების შემდეგ სწავლის გასაგრძელებლად გაეშურა ოდესაში, ჩაირიცხა უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე, რომელიც წარჩინებით დაამთავრა 1891 წელს, 1892 წელს სწავლა განაგრძო კიევის სასულიერო აკადემიაში, იმავე წელს აღიკვეცა ბერად დიმიტრი როსტოველის ხსენების დღეს (21 ოქტტომბერს) და უწოდეს სახელად დიმიტრი. 1896 წელს კიევის სასულიერო აკადემიის დამთავრების შემდეგ დაბრუნდა სამშობლოში. მას სხვა ქართველი სასულიერო პირებისაგან განსხვავებით ენდობოდა რუსეთის საერო და სასულიერო ხელისუფლება, როგორც იმპერიის იდეოლოგიის ერთგულ დამცველს და სამშობლოს მიმართ ინდიფერენტულად განწყობილ კაცს. ამიტომ 1879 წელს იგი დანიშნეს ქუთაისის სემინარიის, 1898 წელს კი თბილისის სემინარიის ინსპექტორად. დაუზუსტებელი ინფორმაციით, იგი ერთხანს მფარველობდა სემინარიელ იოსებ ჯუღაშვილს და ცდილობდა იგი რუსეთის თვითმპყრობელობის ერთგულების სულით აღეზარდა. სემინარიაში ებრძოდა ქართულ ენას და ეროვნული სულისკვეთების უმცირეს გამოვლინებასაც. 1900 წელს მიენიჭა არქიმანდრიტის ხარისხი და დაინიშნა თბილისის სასულიერო სემინარიის რექტორად. იმ დროს, როდესაც სემინარიიდან აძევებდნენ ქართველ მასწავლებლებს, დევნიდნენ ქართველ სტუდენტებს, ქართული წარმომავლობის სასულიერო პირის რექტორად დანიშვნა მრავლისმეტყველი ფაქტი იყო. 1902 წლის 16 მარტს რუსეთის წმიდა სინოდის გადაწყვეტილებით და იმპერატორ ნიკოლოზ II-ის თანხმობით არქიმანდრიტი დიმიტრი გამორჩეულ იქნა ეპისკოპოსად. მისი ეპისკოპოსად კურთხევის წესი შეასრულა საქართველოს ეგზარქოსმა ალექსიმ (ოპოცკი) 1902 წლის 23 აპრილს თბილისის ალექსანდრე ნეველის სახელობის ეკლესიაში. ეპისკოპოსმა დიმიტრიმ ვრცელი სიტყვით მიმართა შეკრებილ საზოგადოებას. „ის ფაქტი, რომ არა თუ ვეძიებდი ეპისკოპოსობის პატივს, არამედ განზრახვა მქონდა გავქცეოდი მას, - აღნიშნა მან, - გულთამხილმა ღმერთმა და ჩემმა ამომრჩეველმა ეკლესიის წარმომადგენელმაც იციან... უფალმა საშიში და საპასუხისმგებლო მსახურება დამაკისრა, მე უნდა გავხდე სულიწმიდის ცოცხალი იარაღი ქრისტეს სხეულის შესაქმნელად, ყოველ წამს მზად უნდა ვიყო წარვსდგე მის წინაშე. მიუკერძოებელი უნდა ვიყო ღვთის მიმართ, მარად უცვლელი ჭეშმარიტების მიმართ, პასუხი ვაგო ჩემზე მონდობილი ხალხის სულების გამო. მისივე ძალით უნდა შევიმოსო სიწმინდით და სისპეტაკით, თამამად ვუთხრა ჩემს ძმებს: ჩემი მსგავსი იყავით, რადგან ქრისტეში ყოფნა ყოველმხრივ მაგალითი უნდა იყოს მართლმადიდებელი ხალხისათვის, ქრისტეს სხეულისათვის. ზნეობრივი კანონიდან სულ მცირე გადახვევაც კი სამუდამო წარსაწყმედელში ჩამითრევს, რადგან საშიშია ცხოველი ღმერთის ხელში ჩავარდნა. მე უძლურმა და ცოდვილმა როგორ ვზიდო მხსნელის სისხლით გაბრწყინებული წმიდა ჯვარი? ჩემს პირველივე გზაზე ხომ არ დავეცემი. მის წინაშე? იდუმალი ხმა, წმიდა პავლე მოციქულის ხმა, მიმშვიდებს გულს და მისი სიტყვები ჩამესმის - სარწმუნოა ღმერთი, იგი არ დაუშვებს თქვენს შეცოდებებზე მეტად ცდუნდეთ. ჩემნაირ ცოდვილში ხომ ყოვლადძლიერი ღვთიური მადლი მოქმედებს, ახლაც მისით ვარ, თუ ვარ. ამ მადლმა დამიხსნა ცოდვით უფსკრულისაგან, განწმინდა, გამაბრწყინა, მასწავლა რწმენისა და ღვთისმოსაობის ჭეშმარიტებანი, დამნიშნა ღვთის ეკლესიის პრესვიტერად. ეს მადლი, ვსასოებ მაცხოვარ იესოს, ჩემი მამების ღმერთს, არ დამტოვებს, რადგან ვსასოებ, მე აქ ჩემი ნებით არ მოვსულვარ, არამედ მოვედი მხოლოდ ყოვლისშემოქმედის ბრძანებით... საეპისკოპოსო კათედრაზე ასვლა ნიშნავს გოლგოთასთან მიახლოებას, მაგრამ ქრისტიანს გოლგოთა ვერ დააშინებს. ჩვენ მისთვის ვართ დაბადებულნი, რადგან გოლგოთის გარეშე არ არსებობს აღდგომა, ვნების გარეშე სიხარული. ეს კანონია არა მარტო ქრისტიანისათვის, არამედ რწმენაში გაუნათლებლისათვისაც."

 

ეპისკოპოსი დიმიტრი ერთგულად იცავდა რუსეთის იმპერიულ ინტერესებს კავკასიაში. მას ქართული საქმის არაფერი არ სწამდა. ამიტომ თანამემამულეთა მხრიდან გაკიცხვასა და გმობას იმკიდა. რუსეთის ხელისუფლება ცდილობდა ქართველი ერის დენაციონალიზაციის პოლიტიკის გატარებას. 1902 წლის 4 ივლისს რუსეთის სინოდმა გამოიტანა დადგენილება, რომ საეკლესიო-სამრევლო სკოლებში ადგილობრივი ენა ისწავლებოდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, უკეთუ მოსახლეობა მართლაც ლაპარაკობს ამ ენაზე, ხოლო რადგანაც სამეგრელოში სალაპარაკო ენად მეგრული იყო, ამიტომ საქართველოს საეგზარქოსოს საოლქო სასწავლო საბჭომ გამოიტანა დადგენილება სამეგრელოს სკოლებში აეკრძალათ ქართული ენისა და ლიტერატურის სწავლება. ამის შესახებ 1902 წლის 20 აგვისტოს დეკანოზმა ი. ვოსტორგოვმა აცნობა გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსს ალექსანდრეს (ოქროპირიძე), რომელმაც არ შეასრულა საეგზარქოსოს ეს უკანონო, ანტიქართული გადაწყვეტილება. განრისხებულმა ვოსტორგოვმა დასმენის წერილი აფრინა პეტერბურგში ეპისკოპოს ალექსანდრეს წინააღმდეგ, რომელმაც თითქოს ვერ გამოიჩინა უნარი სახელმწიფო იდეების გასატარებლად. იმპერატორმა ნიკოლოზ II-მ ღვაწლმოსილი მღვდელმთავარი გადააყენა გურია-ოდიშის ეპარქიის წინამძღოლობიდან და საყვედური გამოუცხადა მას. ეპისკოპოსი დიმიტრი (აბაშიძე) დაინიშნა გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსად და ენერგიულად შეუდგა სამეგრელოს სკოლებიდან ქართული ენის გამოდევნას. ამას მოჰყვა სერიოზული დაპირისპირებანი. 1904 წლის 23 ივლისს ამ კუთხის 113 თავადაზნაურის ხელმოწერით რუსეთის სინოდში გაიგზავნა საპროტესტო წერილი ქართული ენისა და ლიტერატურის აკრძალვის გამო. 1904 წლის 28 ივლისს ეპისკოპოსმა დიმიტრიმ "პეტერბურგში სინოდის სასწავლო კომიტეტში გაგზავნა საპასუხო განცხადება, რომ არათუ სამეგრელოში, არამედ მთელ საქართველოში საეკლესიო სკოლებში ქართული ენის სწავლება უნდა აღკვეცილ იქნას, რადგან ქართული ლიტერატურა სავსეა ღვთის მგმობელი და სეპარატისტული აზრებითო... იგი სთხოვდა სინოდის სასწავლო კომიტეტს ეს მისი განცხადება დაეცვა საიდუმლოდ, რადგან თუ მისი შინაარსი გამომჟღავნდება აქ აღარ დამედგომებაო."

 

ეპისკოპოს დიმიტრის წერილის შინაარსი მაინც გამჟღავნდა, რამაც კიდევ უფრო გაზარდა მისადმი უარყოფითი დამოკიდებულება. იგი 1905 წელს იძულებული გახდა ჩოხაში გადაცმული გასცლოდა მისგანვე უარყოფილ სამშობლოს. ეხებოდა რა ეპისკოპოს დიმიტრის ანტიქართულ საქმიანობას გურია-სამეგრელოს ეპარქიაში, არქიმანდრიტი ამბროსი ხელაია შენიშნავდა: „მე არასოდეს არ თანავუგრძნობდი იმ სამღვდელო პირთ, რომლებიც ხალხის გარუსებას ცდილობდნენ. ხალხი დარწმუნდა, რომ ის სამღვდელნო პირნი, რომელნიც ებრძოდნენ მკვიდრთა სამშობლო ენას, ვერ გაუძღვებოდნენ ბავშვების აღზრდას. ხალხი აღსდგა მათ წინააღმდეგ. ეპისკოპოსი დიმიტრი აბაშიძე თავისი პოლიტიკის გამო შეიჯავრა გურია-სამეგრელოს მოსახლეობამ და თუ არა მისი გაქცევა სამწყსოდან, ყველაფერი ცუდად დამთავრდებოდა." (49, 158) საქართველოდ გადახვეწილი ეპისკოპოსი დიმიტრი რუსეთის სინოდმა ბალტიის ეპისკოპოსად განაწესა, სადაც მხოლოდ ერთი წელი დაჰყო, 1906 წლის იანვრიდან თურქმენეთისა და ტაშკენტის ეპისკოპოსია, სადაც ნაყოფიერ მისიონერულ საქმიანობას ეწეოდა.

 

1905-1906 წლებში ქართველმა სამღვდელოებამ მტკიცედ მოითხოვა რუსეთის საერო და სასულიერო ხელისუფლებისაგან საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენა. რუსეთის ხელისუფლება ცდილობდა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხი მეცნიერული პოლემიკას არ გასცლებოდა. 1906 წელს პეტერბურგში დაინიშნა რუსეთის სინოდის სხდომა, სადაც განსახილველად გატანილ იქნა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის მიზანშეწონილების საკითხი. სხდომაზე საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის აუცილებლობაზე მსჯელობდნენ ეპისკოპოსები: კირიონი (საძაგლიშვილი), ლეონიდე (ოქროპირიძე), პროფესორები: ნიკო მარი, ალექსანდრე ცაგარელი, ალექსანდრე ხახანაშვილი. რუსეთის სინოდის წევრები არ იზიარებდნენ საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის აზრს. სხდომაზე სიტყვა ითხოვა თურქმენეთისა და ტაშკენტის ეპისკოპოსმა დიმიტრიმ, რომელმაც დაგმო ქართველ ავტოკეფალისტთა მოთხოვნა და მათ ნაციონალისტები და სეპარატისტები უწოდა. დაიჭირეთ ეპისკოპოსები კირიონი და ლეონიდე საქართველოში ეკლესიის ავტოკეფალია აღარავის არ გაახსენდებაო, - ასე დაასრულა თავისი გამოსვლა მან. ქართული არისტოკრატიული გვარის წარმომავლობის ეპისკოპოსისაგან ასეთი მოწოდება იყო დასანანი და სამწუხარო მოვლენა. ეპისკოპოსი დიმიტრი ვერც ტაშკენტში გრძნობდა თავს კარგად იქაც ორჯერ იყო მასზე თავდასხმა.

 

1912 წლის 25 ივნისიდან იგი იმპერატორის ბრძანებით დაინიშნა ტავრიისა და სიმფეროპოლის ეპარქიის მმართველად, სადაც ჩვეული ენერგიით შეუდგა საქმიანობას, აქ მან განსაკუთრებით თავი გამოიჩინა სექტანტებთან ბრძოლაში. 1913 წლის 13 მაისს რუსეთის იმპერატორმა ნიკოლოზ II-მ ეპისკოპოსი დიმიტრი ძვირფას თვლებიანი პანაღიით დააჯილდოვა და აიყვანა მთავარეპისკოპოსის ხარისხში.

 

პირველი მსოფლიო ომის დროს თავისი სურვილით შავი ზღვის ფლოტის ერთ-ერთ ხომალდზე საშტატო მღვდლის მოვალეობას ასრულებდა. იმპერატორ ნიკოლოზ II-ის ტახტიდან გადადგომამ, რუსეთში შექმნილმა რთულმა პოლიტიკურმა პროცესებმა მძიმედ იმოქმედა მთავარეპისკოპოს დიმიტრიზე. იგი ერთგული იყო რუსეთის თვითმპყრობელური იმპერიისა და საიმპერატორო ხელისუფლებისა. 1917 წლის აგვისტოში მოსკოვში კრემლის მიძინების ტაძარში გაიხსნა რუსეთის საეკლესიო კრება, რომელსაც უნდა გადაეწყვიტა საპატრიარქო მმართველობის აღდგენა. ეპისკოპოსი დიმიტრი აქტიურად მონაწილეობდა კრების მუშაობაში და მხარს უჭერდა რუსეთის ეკლესიაში პატრიარქობის აღდგენას. საეკლესიო კრებამ დაგმო საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენა და მცხეთაში მიღებულ დამოკიდებულების აქტს უკანონო უწოდა. მთავარეპისკოპოსი დიმიტრი, როგორც საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის მოწინააღმდეგე, დაინიშნა „კავკასიაში მართლმადიდებელი ეკლესიის მოწყობის შესახებ საეკლესიო კომისიი" თავმჯდომარედ. 1919 წელს იგი მცირე ხნით განერიდა სამოქალაქო ომით გაწამებულ რუსეთს. უკან დაბრუნებული საბჭოთა ხელისუფლებამ არასაიმედო სასულიერო იერარქად მიიჩნია, რამდენჯერმე დააპატიმრა კიდეც. იყო მისი დახვრეტის საშიშროებაც, მაგრამ როგორც ფიქრობენ, იოსებ სტალინმა შეიწყალა თავისი ყოფილი სემინარიელი მასწავლებელი. 1923 წლიდან კიევ-პეჩორის ლავრაში იყო, 1928 წელს შეიმოსა დიდი სქემა და ეწოდა ანტონი. მას დიდ პატივს სცემდნენ რუსეთში, რასაც სამწუხაროდ ვერ ვიტყვით მის სამშობლოზე. საქართველოსთან მხოლოდ ნათესავები აკავშირებდა, რომელთაც თბილი წერილებით მოიკითხავდა. აღესრულა 1942 წლის 19 ოქტომბერს. დაკრძალეს კიევ-პეჩორის ლავრაში. საფლავის ქვას ასეთი წარწერა ჰქონდა: „მამაო, ცად მიმართ და წინაშე შენისა, არღარა ღირს ვარ წოდებად ძედ შენდა, არამედ მყავ მე ვითარცა ერთი მუშაკთაგანი", - წერს სერგო ვარდოსანიძე.


 

big_banner
არქივი