logo_geo
გიორგი კალანდია: ბევრს სურდა რომ ჟანა რეხვიაშვილს თავისი უდიდესი ტკივილი უთქმელად სამარეში წაეღო...
- +

14 მაისი. 2020. 00:06

 

 

„ერთი მძიმე ამბავი შევიტყვე და კიდევ ერთხელ დამეუფლა საშინელი უსამართლობის გრძნობა... 29 აპრილს მოულოდნელად გარდაცვლილა შესანიშნავი ქალბატონი ჟანა რეხვიაშვილი. შესანიშნავი და საოცრად ტრაგიკული ადამიანი, ეს იყო დედა იმ 21 წლის გივიკო რეხვიაშვილისა, რომელიც 1992 წლის 3 იანვარს დიდუბის მეტროსთან მშვიდობიან მიტინგზე დგომისათვის სიცოცხლეს გამოასალმეს, შვილის სიკვდილს მამამ ვერ გაუძლო და ერთ წელიწადში ისიც სამარეში წავიდა, ამით ეს ტრაგედია არ დამთავრებულა, ქალბატონ ჟანას მეორე ვაჟიც გარდაეცვალა... “- ამის შესახებ გიორგი კალანდია სოიალურ ქსელში წერს და საზოგადოებას მოუწოდებს, მის მიერ მომზადებული ფილმი აუცილებლად იხილონ.   

 

 

მიუხედავად ამ უდიდესი ტკივილისა არასოდეს დაუკარგავს საკუთარ თავზე კონტროლი, არასოდეს შეუწუხებია საკუთარი დარდით ვინმე.... გასულ წელს როცა ფილმი "დახვრეტილი საქართველო" მოვამზადე მასთან ვრცელი ინტერვიუ ჩავწერე, თვალცრემლიანმა გაიხსენა ყველაფერი, დოკუმენტური სიზუსტით მოყვა იმ დანაშაულის ქრონიკას, რაც მაშინ ჩვენს ქვეყანას გადახდა! ბედნიერი ვარ რომ ეს გავაკეთეე, რადგან ჟანა რეხვიაშვილის მონათხრობი ის საბრალდებო დასკვნაა რომელსაც ხანგრძლივობის ვადა არასოდეს დაუდგება!

 

ბევრს სურდა რომ ამ ადამიანს თავისი უდიდესი ტკივილი უთქმელად სამარეში წაეღო... ფილმის ეთერში გასვლისა და დიდი საზოგადოებრივი გამოხმაურების შემდეგ თითქოს იმედი ჩაესახა, გაუღვიდა ნაპერწკალი იმისა, რომ საქმეს გამოიძიებდნენ და მისი 21 წლის ანგელოზივით შვილის მკვლელებს დასჯიდნენ.... თუმცა ამისათვის არც პროკურატურას ეცალა, არც პოლიტიკოსთა კოჰორტას და არც "ბედნიერ ერს" ... ქალბატონი ჟანასთვის გარდაცვალება და წასვლა იქ "სადაც მართალნი განისვენებენ" ალბათ შვებაცაა და ბედნიერებაც.... აი ჩვენ რა გვეშველებაა, ჩვენ- უსამართლო და ძირმომპალ საძირკველზე ვითომ ახალ და თან დემოკრატიულ ქვეყანას რომ ვაშენებთ.... შეხვედრამდე ქალბატონო ჟანა, შეხვედრამდე იმ იმედით რომ საიქიოში სააქაოდან ოდესღაც შენთვის სასიხარულო ამბავს მოგიტან, ამბავს რომ შენმა საქმემ გაიმარჯვა, შენი შვილის მკვლელები კი ისტორიამ და ქვეყანამ უკანონო ბარბაროსობად აღიარა.

 

 ვისაც ჟანა რეხვიაშვილის ტრაგედიის ნახვა მოგინდებათ ამ ბმულზე შეგიძლიათ უყუროთ ფილმს "დახვრეტილი საქართველო".

 

 

 

 

 

big_banner
არქივი