logo_geo
მაია კახიძე: რა ხანია აღარ მინახავს ძია საიათა, არც სალონ „ფრენჩზე“გამიგია არაფერი
- +

30 მაისი. 2020. 10:46

 

 

ჟურნალისტი და პოეტი მაია კახიძე, თბილისელის თერძისის საიათ ჯალილ ხოჯას იხსენებს და სოციალურ ქსელში წერს:

 

 

საბედნიეროდ, მე ვიცნობდი ერთ თბილისელ თერძს, რომელიც თითქმის 60 წლის განმავლობაში უცნობილეს ქართველ მწერლებს და პოეტებს უკერავდა და აცმევდა ტანისამოსს. ეს უთბილესი ადამიანი, ძია საითა გახლდათ, საიათ ჯალილ ხოჯა, თბილისელი აზერბაიჯანელი, რომელიც ვერაზე, პეტრიაშვილის ქუჩაზე დაიბადა და გაიზარდა. მამამისი გზის მშენებელი იყო და სწორედ მისი ნახელავი ქვაფენილით დამშვენდა და მოიკირწყლა მაშინდელ თბილისში ელბაქიძის დაღმართი, კრწანისის აღმართი და ბევრი სხვა ქუჩა. მერე მამა დაუპატიმრეს, გაუციმბირეს, დაუხვრიტეს, ამის მერე ექვს შვილიანი ოჯახი გადაასახლეს, მაგრამ საიათას ისე უყვარდა თბილისი, აქ დაბადებულმა აზიაში როგორ გავძლოო და მატარებლიდან ჩამოხტა, მარჯვენა ფეხი მოიტეხა და მთელი ცხოვრება ინვალიდი დარჩა. ცის და ღვთის ანაბარა დარჩენილი ბიჭი კი გივი სამონიძემ წაიყვანა და სუფსაში გადამალა. იქ ტარიელ ჭანტურიას მამის, პროკოფის ოჯახმა შეიკედლა, საკუთარი შვილივით მოუარეს. მერე ხრუშჩოვმა ამნისტია გამოაცხადა და საიათასაც ეშველა. თანდათან თავი დაანებეს. მალე ოჯახის წევრებიც დაბრუნდნენ თბილისში...

 

 

ძია საიათას ნაამბობი

 

 

...ვერის ბაზარში ვატარებდი დროს. რა გამეკეთებინა პატარა ბიჭს? ერთ დღეს, ვერელმა დათიკო გველესიანმა მითხრა: რას დგახრ უსაქმოდ?- წამოდი, ხელობა ისწავლეო. მანვე მიმაბარა ოსტატს - ბესო ყამარაულს. იცი, რა კაცი იყო ჩემი ოსტატი? ნაღდი მოხევე, სამართლიანი, მკაცრი... მისმა სიმკაცრემ მაქცია სწორედ კაცად. თბილისი კაცობის ქალაქი იყო. რა თქმა უნდა, თბილისელი, ჩვენი უბნელი გოგო შემიყვარდა და დავქორწინდით, მაგრამ ერთი შვილი გაგვიჩნდა მხოლოდ. ჩემმა ქალიშვილმა თბილისის უნივერსიტეტის ფილოლოგიური ფაკულტეტი დაამთავრა, თარჯიმანია და წიგნიც გამოსცა საქართველო - აზერბაიჯანის ურთიერთობის შესახებ. სამაგიეროდ მას ჰყავს სამი ძალიან კარგი შვილი, ენაცვალოთ, პაპა.

 

 

ჰო, მე მართლა მაქვს უფლება, მეგობრები ვუწოდო და ვამაყობ ჩემი მეგობრებით - თამაზ და ოთარ ჭილაძეებით, ჯანსუღ ჩარკვიანით, გიზო ნიშნიანიძით, ნიაზ დიასამიძით... დიდი კონსტანტინე გამსახურდიას მეზობლად გავიზარდე, 37 ნომერში. მე ზვიადზე უფროსი ვიყავი, თან სხვა წრის ბიჭი იყო, მაინცდამაინც კონტაქტში არ შემოდიოდა ჩვენთან, მაგრამ სალამს ვერ დაასწრებდი. თუ მიხვიდოდი და შენს გასაჭირს ეტყოდი, რაც შეეძლო, დაგეხმარებოდა, უბნის ბიჭების თხოვნას უყურადღებოდ არ დატოვებდა... „ბირჟაზეც“ გამოდიოდა, მაგრამ უფრო მოსმენა უყვარდა.

 

 

პირადად მე, დიდ კონსტანტინეს სალამსაც ვერ ვუბედავდი. ერთ მშვენიერ დღეს კი, გავიხედე და ატელიეში მოვიდა მძღოლთან ერთად. ვაჰ, თვალები ლამის ამომცვივდა გაოცებისგან:

 

 

- ირაკლი აბაშიძეს შენ უკერავ კოსტიუმს? - მკითხა.

 

 

- დიახ.

 

 

- მეც შემიკერეო. ამის თქმა იყო და სასწრაფოდ დავტრიალდი და შესანიშნავი პიჯაკი და შარვალი „გამოვუწყვე“. წასაღებად რომ მოვიდა - რამდენი გადაგიხადოო? - ვიუარე.

 

 

- ირაკლი აბაშიძე რას გაძლევს?  

 

 

- არ ვიცი, კონვერტით მაძლევს - მეთქი, - ვიცრუე. რა უნდა მექნა? ამხელა მწერლისთვის რა უნდა მეპასუხა?!

 

 

- 800 მანეთს მოგცემო, - თვითონვე „დაადო ფასი“ ჩემს ნახელავს. ხუთი დღის მერე, ვხედავ, ისევ მოვიდა: ძალიან მომეწონა და კიდევ შემიკერეო... აი, ასე დაიწყო ჩვენი სიახლოვე. უამრავი კოსტიუმი შემიკერავს კონსტანტინე ბატონისთვის. ავად რომ იყო სახლში მივდიოდი. ძალიან უყვარდა ჩემთან საუბარი, მეც დიდი გულისყურით ვუსმენდი ამ ბრძენკაცს...

 

 

ერთ დილას კი ზვიადი მოვიდა. ისეთ ცუდ გუნებაზე იყო...საიათჯან, მამა დამეღუპაო, - მითხრა. ისეთი ელდა მეცა, როგორც მაშინ, პირველად რომ ვნახე ატელიეში კონსტანტინე გამსახურდია. ახალ კოსტიუმში მინდა დავასაფლავო და რა ვქნათო? - მკითხა.

 

 

- ნუ შეწუხდები, არხეინად იყავი, მე ვიცი და ჩემმა კაცობამ - მეთქი. მისივე მანქანით გავიქეცი მაღაზიაში, შავი ქსოვილი ვიყიდე, ბიჭებიც დავიხმარე და საღამოს 5 საათზე კოსტიუმი მივიტანე კიდეც. ზვიადმა რომ დამინახა, გაგიჟდა - უკვე მზად არისო?!. მერე დაკრძალვაზეც მივედი, ჩემი ადამიანური ვალი მოვიხადე ამ დიდებული ქართველის წინაშე. იმ დღეს განსაკუთრებულად ვიყავი გულაჩუყებული. ჯერ ერთი, გული ძალიან დამწყდა, რომ გარდაიცვალა, მაგრამ ჩემი შეკერილი კოსტიუმით რომ დაკრძალეს, კიდევ იმიტომ. მერე ზვიადის ამბებმაც ხომ თვალები ამიწყლიანა. იმ პერიოდში ჩვენ ბავშვობაზე და ახალგაზრდობაზე ბევრს ვფიქრობდი, ვიხსენებდი..ზვიადი ხომ ჩემ თვალწინ გაიზარდა და...

 

 

რაღაცნაირად ისე წავიდა ჩემი ცხოვრება, სულ მწერლებს, პოეტებს, ინტელიგენციას ვუკერავდი: ირაკლი აბაშიძეს, იოსებ ნონეშვილს, მორის ფოცხიშვილს, ნოდარ დუმბაძეს, გიზო ნიშნიანიძეს. ჩემს საყვარელ ძმებს - ჭილაძეებს, ჯანსუღ ჩარკვიანს, როინ მეტრეველს... ჯანსუღი მაინც განსაკუთრებით იწონებდა თავს - საიათას შეკერიალიაო.

 

 

აი, ყველაზე მომთხოვნი თამაზ ჭილაძე იყო და მეც სულ „სმირნაზე“ ვიყავი ეგ რომ მოვიდოდა „პრიმერკაზე“. იცი, როგორ ძმობა გვქონდა? ჰო, ადრე ჯუმბერ პატიაშვილსაც ვუკერავდი. ჩემი საყვარელი კლიენტი იცი, ვინ არის? გენერალი ავთანდილ იოსელიანი. საყვარელი - მეთქი რომ ვამბობ, პროფესიული თვალით ვამბობ: ბატონი გენერალი ძალიან კარგი „რაზმერების“ კაცია და ადვილად იკერება მისი ტანსაცმელი.

 

 

ერთხანობას, ცოტა საფიქრალში ჩავვარდი, ჩემი გოგო ბაქოში გადასვლას მეუბნებოდა. საშინლად ვდარდობდი, ვერ გადამეწყვიტა - წავსულიყავი თუ არა. ასეთ დღეში რომ ვიყავი, ბატონმა ავთომ დამაწყნარა, კეთილი სიტყვა მითხრა და ძალიან დამეხმარა საკუთარ თავში გავრკვეულიყავი. მერე იყო და ჩემმა თამაზ ჭილაძემ წამიკითხა ნოტაცია. შავ დღეში ჩამაგდო: გიჟი ხომ არ ხარ, უთბილისოდ მაინც ვერ გაძლებ, დაჯექი და შენი საქმე გააგრძელეო.

 

 

მე ძალიან მიყვარს ჩემი თბილისი, ჩემი საქართველო, შინაც ქართულად ვლაპარაკობთ, ქართულ საჭმელებს აკეთებს ჩემი კნეინა... ნიგვზიანი ლობიო მიყვარს მწნილთან ერთად, კიდევ საცივი, მჭადი და ყველი... რემონტი მინდა ატელიეში გავაკეთო, ერთბაშად არ გამომდის, სიძვირეა. ისე, სახელიც შევარჩიე და ეგეთი რამე მინდა დავარქვა: „სალონი „ფრენჩი“ - ვერელი საიათა“... ხო არაუშავს, მაიკოჯან?

 

 

...ჰო, აქა ვარ და აქ უნდა მოვკვდე, ოღონდ, ჯერ არ მინდა! ვინც გინდა მოიყვანე, „ჩვენებურსკი“ ხარ შენა, შემოგევლოს ძია საიათა. შენ მოიყვანე და ნახავ როგორ ჩავაცმევ, შენმა და ჩემი გოგოს მზემ!..

 

 

p.s. რა ხანია აღარ მინახავს ძია საიათა. არც სალონი „ფრენჩზე“გამიგია არაფერი. ბოლოს რომ ვნახე, 72 წლის ყოჩაღი მოხუცი იყო. ჟურნალისტებს ზოგიერთი რესპონდენტი გამორჩეულად ამახსოვრდებათ. სწორედ ასეთი იყო ჩემთვის ძია საიათა, ჩემი თბილისის ლეგენდარული თერძი...

 

 

/ამონარიდი ჩემი წიგნიდან „რაც არასოდეს მითქვამს,“ - წერს მაია კახიძე

 

 

 

big_banner
არქივი