logo_geo
პაატა ნაცვლიშვილი: ბონდო ქურდაძე 60 წლისა გამხდარა!
- +

26 ივნისი. 2020. 11:22

 

 

 

 

ჟურნალისტი პაატა ნაცვლიშვილი, სოციალურ ქსელში, ბონდო ქურდაძეს დაბადების დღეს ულოცავს და წერს:

 

„ბონდო ქურდაძე 60 წლისა გამხდარა!

 

მრავალი საუკეთესო სურვილით გილოცავ, ჩემო ბონდო, მე-60 დაბადების დღეს და ამ თარიღით შთაგონებულმა 6 წლის წინანდელი ამბები მინდა გავიხსენო. გავიხსენო კი არა, არც არასოდეს დამავიწყდება ჩვენი მოგზაურობა იტალიაში, სულხან-საბა ორბელიანის ნაკვალევზე, 2014 წელს. არასოდეს დამავიწყდება, როგორ აღვნიშნეთ ჩვენ, ორმა კუნძულ ელბაზე ნაპოლეონის მე-200 და შენი 54-ე წლისთავი!

 

ის სახალისო წარწერაც გემახსოვრება, ნაპოლეონის გამოსახულების გვერდით, იქ გადაღებულ შენს ფოტოს რომ ერთვოდა იმდღევანდელ პოსტში:

 

ბონდო (მარცხნივ) და ნაპოლეონი (მარჯვნივ).

 

მეორე ფოტოც მინდა გავიხსენოთ, რომელზეც უკვე ნაპოლეონი კი არა, მე გიმშვენებ მხარს ელბისაკენ მიმავალ ბორანზე.

 

მოდი, მაშინდელი ჩემი პოსტის რამდენიმე სტრიქონიც გადავიკითხოთ და ჩვენს მრავალრიცხოვან მეგობრებსაც გავახსენოთ:

 

„25 ივნისს, ბონდო ქურდაძე, რომელსაც მისი ასაკის გამო სებორგაში სულ ბამბინო ეძახეს, 54 წლისა მოიყარა. მთელი დღე არ შეწყვეტილა მის ტელეფონ(ებ)ზე რეკვა და მესიჯები. დაბადების დღე მე პიომბინოშივე მივულოცე დილაადრიანად და საჩუქრად რა მოგართვა-მეთქი, ვკითხე. ამაზე მეტი რა უნდა მომართვა, ელბაზე მივდივართო. ბონდოს ნაპოლეონი ჰყვარებია და ბორნიდან მოყოლებული, მთელი დღე მადლიერებით ახსენებდა სულხან-საბა ორბელიანს, რომელმაც 300 წლის წინათ ერთი დღით ელბაზეც შეიარა. ამას როგორ ვიფიქრებდი, რომ ოდესმე, თანაც სწორედ ჩემს დაბადების დღეზე იმ კუნძულზე აღმოვჩნდებოდი, სადაც ნაპოლეონი გადაასახლესო! არათუ ელბაზე აღმოჩნდა, ბონდომ იმ დღეს ნაპოლეონის ორივე მუზეუმი დაათვალიერა პორტოფერაიოში და მისი პორტრეტების გვერდითაც იღო და იღო სურათები. საღამოს სასტუმროში ბონდოს დაბადების დღესთან დაკავშირებით თავს ცოტაოდენი სილაღის უფლება მივეცით და თითო ბოთლი ტოსკანური ღვინო გეახელით“...

 

ჰოდა, სულ რაღაც 8 წლით უმცროსო ჩემო მეგობარო, დღეს რომ პარიზში შენი ოჯახის წევრებთან და ჩემთვისაც ნაცნობ შენს მანდაურ მეგობრებთან ერთად ფრანგული ღვინით სავსე ჭიქებს აათამაშებთ, მეც მიგულისხმეთ, თუ ძმა ხარ!

 

ვინ იცის, კიდევ რამდენი რამ გვაქვს, ჩემო ბონდო, გასახსენებელი – „ახკომში“ შენი პირველი მოსვლიდან მოყოლებული, დღემდე... დარწმუნებული ვარ, გახსენებითაც ბევრს გავიხსენებთ და მომავალში გასახსენებელიც კიდევ ბევრი რამ გადაგვხდება თავს!

 

დღეს ამ ვირტუალურ მოლოცვას დამჯერდი და, 70 წლისა რომ გახდები, ელბა და ნაპოლეონი რა ბედენაა, ძაააალიან მაგგგგარი საჩუქარი უნდა მოგართვა!

 

მიდი, ჩამოასხი!“- წერს პაატა ნაცვლიშვილი.

 

 

 

 

big_banner
არქივი