logo_geo
მირიან ყარაულაშვილი: კიდევ ერთხელ შემიგინეს თაობა!
- +

10 ივლისი. 2020. 20:07

 

 

 

„ყველა თაობაში გამოერევა როგორც ნეგატივი, ასევე უდიდესი პოზიტივი , მაგრამ ამის გამო არ შეიძლება მთლიანად თაობას ან ნეგატიური უწოდო, ან პოზიტიური!“ - ამის შესახებ ექსპერტი მირიან ყარაულაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

 

,,დღეს დილას კიდევ ერთხელ შემიგინეს აქ ჩემი თაობა; სასწრაფო საქმეზე გავდიოდი და ვერ დავწერე მაშინ რისი თქმაც მინდოდა:

 

ნუ აპირისპირებთ თაობებს და თაობების წარმომადგენლებს ნურც ერთი საბაბით თუ მიზეზით!

 

ნურც შეადარებთ ნურასოდეს ერთმანეთს სხვადასხვა თაობას და მის წარმომადგენლებს;

 

ნუ შეაფასებთ,  რომელიმე თაობას მთლიანად , თუკი ამ თაობის რაღაც ნაწილმა სხვადასხვა სახით თავი გამოიჩინა;

 

არც ტიციანის თაობა ყოფილა მთლიანად ცისფერყანწელი და რომანტიკოსი პოეტი, არც მოჭიდავე ნამგალაურის მთლიანი თაობა ყოფილა ნათესავ გოგონაზე მოძალადე და გამაუპატიურებელი!

 

არც ნიკოლოზ მუსხელიშვილის მთელი თაობა გამხდარა აკადემიკოსი და მის გარდა სხვას არ შეუქმნია მეცნიერებაში მთელი ეპოქა...

 

დღესაც, თითქმის საუკუნენახევრის შემდეგაც ძალიან ცუდად გამოჩნდება ხოლმე მე-19 საუკუნეში არამხოლოდ ვერბალურად, არამედ ეპისტოლარულად დაფიქსირებული ე.წ. "მამათა და შვილთა ბრძოლა" ქართულად ...

 

 თანაც, რომ გაიფიქრებ, ვინ მოჰყვა ამ "ბრძოლაში" მამების თაობაში და ვინ-შვილების, უნებურად გინდება, რომ თვალები დახუჭო და აღარ გააგრძელო ამ თემაზე არც ფიქრი და არც საუბარი.

 

ყველა თაობაში გამოერევა როგორც ნეგატივი, ასევე უდიდესი პოზიტივი , მაგრამ ამის გამო არ შეიძლება მთლიანად თაობას ან ნეგატიური უწოდო, ან პოზიტიური!

 

კიდევ ბევრის თქმა შეიძლებოდა ამ თემაზე, მაგრამ მგონი საკმარისია ესეც.

 

ყველა თაობა კაცობრიობისა უმნიშვნელოვანესია და ყოველმა თაობამ დადო საკუთარი აგური კაცობრიობის მიერ აშენებულ კიბეზე.

 

"მიეცით კეისარს კეისრისა და ღმერთს ღმრთისა"...  (ლუკა),“ - წერს მირიან ყარაულაშვილი.

 

 

 

big_banner
არქივი