logo_geo
ამირან ბუთურიშვილი: მთელი ოცი წელი გასულა ოთარ იოსელიანის გარდაცვალებიდან...
- +

10 ივლისი. 2020. 23:41

 

 

ჟურნალისტი ამირან ბუთურიშვილი, კოლეგას, ოთარ ოსელიანს იხსენებს და სოციალურ ქსელში წერს:

 

„მთელი ოცი წელი გასულა მისი გარდაცვალებიდან. უაღრესად თბილი, ყურადღებიანი ადამიანი იყო. ვერაფრით მიხვდებოდი, რომ გაზეთის რედაქტორი იყო, თავმდაბალი, მორიდებული. მიხვდით, ალბათ, საქართველოს დამსახურებულ ჟურნალისტზე, ღირსების ორდენის კავალერზე, ბატონ ოთარ იოსელიანზე გესაუბრებით.

 

ოთარ იოსელიანი 1924 წლის 1 აგვისტოს დაიბადა. 1946 წელს დაამთავრა მოსკოვის უმაღლესი პარტიული სკოლის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი. იმავე წელს დანიშნეს გაზეთ „ლელოს“ პასუხისმგებელ მდივნად; 1958 წელს მუშაობა დაიწყო გაზეთ „თბილისში“, იყო პასუხისმგებელი მდივანი, რედაქტორის მოადგილე, 1981-1985 წლებში კი -  რედაქტორი. 1989 წელს რედაქტორობდა ჟურნალ „კვალს“ და 1992 წელს გაზეთ „სოფლის ცხოვრებას“. 1994 წლიდან გაზეთ „ბანკ +“-ის პ/მგ რედაქტორია. ამ რედაქციაში რამდენიმე წელს დაჰყო. შემდეგ იყო უმუშევრობა და ბოლოს გარდაცვალება - 2000 წელს, ოთარ იოსელიანი 76 წლისა იყო...

 

ოთარ იოსელიანმა, ჯერ კიდევ „ლელოში“ მუშაობის დროს  დააარსა ჟურნალისტებისგან შემდგარი საფეხბურთო გუნდი „ჟურნალისტი“ და იყო ამ გუნდის უფროსი. გუნდის კაპიტანი ოთარ გაგუა იყო, მის რიგებში კი კოტე მახარაძე, გურამ ფანჯიკიძე, ზურაბ რცხილაძე, გიგლა ფირცხალავა, ვანდი ხანდამიშვილი, ზაზა გომართელი, გია და ზურაბ გაგუები, ვახტანგ კოპალეიშვილი გამოდიოდნენ. „ჟურნალისტს“ დამარცხებული ჰყავს „იზვესტია“, კიევის ჟურნალისტთა გუნდი (უკრაინელთა რიგებში იოჟეფ საბო თამაშობდა), როსტოვის ჟურნალისტთა საფეხბურთო გუნდი (მის რიგებს ცნობილი ფეხბურთელი ვიკტორ პონედელნიკი იცავდა). ოთარ იოსელიანმა დააარსა პრიზი, რომელიც საკავშირო პირველობის ერთ მატჩში 5 გოლის ავტორს გადაეცემოდა. ეს ჯილდო ილია დათუნაშვილმა და გოჩა გავაშელმა მოიპოვეს.

 

ფოტოზე - ოთარ იოსელიანი, შოთა იამანიძე და ზაურ კალოევია,“ - წერს ამირან ბუთურიშვილი.

 

 

big_banner
არქივი