logo_geo
თეიმურაზ ქორიძე: პრეზიდენტს შენგელიას წინაშე ბოდიშის მოხდა მოუწევს!
- +

11 ივლისი. 2020. 00:54

 

 

ჟურნალისტი თეიმურაზ ქორიძე, სოციალურ ქსელში, თორნიკე შენგელიას მოსკოვის ცსკა-ში გადასვლაზე წერს და სალომე ზურაბიშვილის მიერ, გაკეთებულ განცხადებას ეხმიანება:

 

„თორნიკე შენგელიას მოსკოვის ცსკა-ში გადასვლა სამწუხარო და აღმაშფოთებელი ფაქტიაო, ბრძანა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა.  ქალბატონი სალომე არ არის ერთადერთი, ვინც თანამედროვე ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო კალათბურთელს ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდში გადასვლა დაუწუნა, მაგრამ საუბარი საქართველოს პრეზიდენტს ეხება, საქართველოს პრეზიდენტს! რჩება სრული შთაბეჭდილება, რომ საქართველოს პირველი პოლიტიკოსი ჯერ ხომ სპორტს და პოლიტიკას ერთმანეთში ურევს, მეორეც, ადამიანის,  ერთ-ერთი უპოპულარესი  ქართველი სპორტსმენის პირად საქმეში უაპელაციოდ ერევა.

 

ასეთი რამ პოლიტიკოსმა არ უნდა იკადროს. ნათელაშვილის ფანჩატურიდან გამოსულ ყველაფრის მკადრებლებს კი არა, სერიოზულ პოლიტიკოსებს ვგულისხმობ. ვწუხვარ, მაგრამ თავისი ამ მართლაც სამწუხარო და აღმაშფოთებელი განცხადების გამო, პრეზიდენტს მოაზროვნე თანამოქალაქეების და პირადად შენგელიას წინაშე ბოდიშის მოხდა მოუწევს. ვფიქრობ, ეს შექმნილი ვითარებიდან საუკეთესო გამოსავალი იქნება.

 

და კიდევ, უკვე მერამდენედ ვიმეორებ, დაუნიშნეთ პრეზიდენტს ვინმე ცივი გონების მრჩეველი - საქართველოში, ღვთის მადლით, არიან ასეთი ადამიანები.

 

არა ვარ, ბატონო, ოპოზიციონერი, ყველგან და ყველაფერში საშინელს რომ ხედავს. ამას პრეზიდენტისადმი თანაგრძნობა და თანადგომა მალაპარაკებს,“ - წერს თეიმურაზ ქორიძე.

 

 

 

big_banner
არქივი