logo_geo
ედმონდ მინაშვილი: ძალიან მიყვარს ჩემი წინაპრები, ისინი დიდი ადამიანები იყვნენ და არასოდეს შეურაცხვყოფ მათ სახელებს!
- +

16 ივლისი. 2020. 16:25

 

 

 

მსახიობი ედმონდ მინაშვილი, თავისი წინაპრების ფოტოს სოციალურ ქსელში აქვეყნებს და წერს:

 

„ეს სახლი 1889 წელს ჩემმა დიდმა ბაბუამ, ბაბუაჩემის მამამ, დომენტი მინაშვილმა ააშენა, რომელიც ამ ფოტოზე ეზოში ზის ღრმად მოხუცებული და ისევ მუშაობს.  ფოტო 1953 წელს არის გადაღებული.

 

 დიდი ბაბუა დომენტი, ძალიან მშრომელი კაცი იყო, ურმის თვლების ცნობილი ოსტატი, - ეს მისი  შემოსავლის ძირითადი წყარო იყო და საკმაოდ დიდი დოვლათის პატრონიც გახლდათ. სიმინდიც უხვად მოჰყავდა. დილით ადრე, უთენია  წავიდოდა, თურმე, სათოხარში, მზის ამოსვლისას შესვენებას გამოაცხადებდა და სადილს მიუჯდებოდა, რამდენიმე ჭიქა წითელ ღვინოს გეახლებოდათ და მოსასვენებლად, თუთის ძირას, მინდორში ჭილოფს გაშლიდა და შუადღის ძილს მიეცემოდა. თურმე, არ არსებოდა მის ცხოვრებაში ისეთი სექტემბერი, დასასვენებლად ბათუმში რომ არ წასულიყო, ორი კვირით. 88 წლის ასაკში, „ბარხატნი“ სეზონზე გაციებულა და ფილტვების ანთებით გარდაიცვალა. ქალბატონები უყვარდაო და ზუსტად ამის გამო მეუღლესთან, ქალბატონ ამინადართან ხშირად მოსდიოდა უთანხმოება. დიდი ბებო - ამინადარი ამაყი და მამალი ქალი ყოფილა და თვეობით ხმას არ სცემდა. იცით, როგორ გამოიჭერდა, თურმე? ბატონი დომენტი განსაკუთრებით ერთ ქალბატონთან იყო შეჩვეული, ხშირად სტუმრობდა. წარმოიდგინეთ, თურმე 80 წლის ასაკშიც კი...                                           

 

ჰოდა, ის ქალბატონი ერთი „დედალის“ სანაცვლოდ უთმობდა საკუთარ სხეულს, ბატონი დომენტი დროდადრო მეუღლეს პარავდა  კარგად ჩასუქებულ დედალს და გაიპარებოდა გასართობად მეზობელ სოფელში. მეორე დღეს ქალბატონი ამინადარი ქათმების დაპურების დროს, საგულდაგულოდ გადათვლიდა დედლებს და როგორც კი ერთი გამოაკლდებოდა სათვალავს, აი, მერე იწყებოდა ბატონი დომენტის ძალიან რთული სადამსჯელო დღეები. როგორც ჰყვებიან, ძალიან საყვარლები ყოფილან კამათის დროს. სიამაყით გაბუტული ამინადარი არც სადილზე და არც ვახშამზე არ მიიპატიჟებდა თურმე, ხმის გაცემაზე ლაპარაკი ზედმეტი იყო. შვილების და შვილიშვილების დახმარებით  ხერხდებოდა მათ შორის კომუნიკაცია, ისიც მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მნიშვნელოვანი საოჯახო საკითხი იყო გადასაწყვეტი. დასჯილი დომენტი, ბოლოს მაინც, ბოდიშების მოხდით თუ შემოირიგებდა მეუღლეს, ისიც რამდენიმე თვის მერე...

 

აივანზე მარჯვნიდან პირველი, ქალბატონი ანგელინა გახლავთ, უსაზღვროდ  პატივსაცემი მეზობელი, რომელსაც მეუღლე ფრონტზე დაეღუპა - გმირი რაჟდენ მინაშვილი. ქალბატონი ანგელინა ფეხმძიმედ დარჩა და 1941 წელს გაუჩნდა ბიჭი, სახელად გურამი დაარქვა, რომელიც ფოტოზე მარცხნივ, ბავშვიანი ქალბატონის გვერდით დგას. 12 წლის ობოლი ბიჭი. ქალბატონ ანგელინას ექვსი თვის გურამი ფრონტზე წაუყვანია და მონატრებულ მეუღლეს პირველად და უკანასკნელად ჰოსპიტალში ანახა უცნობი შვილი. მამა ოჯახს ვეღარ დაუბრუნდა... ფოტოზეც ჩანს შავებით შემოსილი, მგლოვიარე ანგელინა ბებო.

 

ღრმად მოხუცებული გარდაიცვალა. მე კარგად მახსოვს მისი სიბერე. სასოებით ინახავდა ბალიშის ქვეშ, რაჟდენის სამკუთხა წერილებს, ფრონტიდან მოწერილს, სათაურით: „ჩემს ძვირფას ანგელინას“.

 

საუკეთესო კაცად აღზარდა ერთადერთი შვილი - გურამი...

 

ფოტოზე მარჯვნიდან  მეორე ბაბუაჩემია,  დომენტის უფროსი ვაჟი - ემილიანე მინაშვილი, რომელიც ფრონტიდან 1947 წელს ჩამოვიდა - ომის დამთავრებიდან ორი წლის მერე. ტყვედ ჰყავდათ აყვანილი გერმანელებს და შემთხვევით გადაურჩა დახვრეტას.

 

ბაბუა ფრონტზე უმცროს ძმასთან ერთად წავიდა, - გმირი ვასილ მინაშვილი, როგორც ბაბუა იტყოდა „ვასოდიე“  ამაყი კაცი იყო, ის დახვრეტილი იქნებაო, თავს არ დაუხრიდა  ფაშისტებს და თავს შეაკლავდაო...

 

რამდენიმე თვის წინ მე აღმოვაჩინე არქივში ვასილის (ვასოდის) დახვრეტის ოქმი. ქერჩში აუყვანიათ  ტყვედ, 1942 წლის 18 მაისს. დახვრიტეს 1942 წლის 2 დეკემბერს, ტყვეთა ბანაკში ბუნტის და დაუმორჩილებლობის გამო.

 

ბაბუაჩემი ჰყვებოდა: მე შემთხვევით  გადავურჩი დახვრეტას, მეც ჩემი საცოდავი ძმის გზას ვადექიო; დილით დასახვრეტად უნდა გავეყვანეთ და იმ საღამოს ვერ ვიძინებდიო, სულ ჩემს სახლს ვხედავდი და მოხუცი მშობლები მელანდებოდაო, ვლოცულობდი, რომ ჩემი ძმა მაინც გადაერჩინა ღმერთს, მოხუც დედას და მამას უმცროსი შვილი მაინც ეხილათ ცოცხალიო. გვერდით ერთი პოლონელი ტყვე მომიჯდა, ჩემი ბანაკის მცხოვრები, სახელიც  კი არ ვიცოდით ერთმანეთისო, - არ ვიცი, საიდან და როგორ, უბიდან ერთი ბოთლი „რომი“ ამოაძრო და დალევა შემომთავაზაო... ბოლომდე  შევსვით, წვეთიც არ დაგვიტოვებიაო... მერე, არ მახსოვს, რა მოხდა, ან როგორ აღმოვჩნდი დახვრეტილი ბიჭების გვერდით, სამარედ გამზადებულ დიდ ორმოშიო... ამოვხოხდი და გავიქეციო.

 

მოკლედ, ბევრი წვალებისა და თავგადასავლების შემდეგ  საფრანგეთში ამოყო თავი. საფრანგეთში წაუკითხავს პირველად,  დიუმას „გრაფი მონტე კრისტო“  და სიკვდილამდე მისი სამაგიდო წიგნი იყო, ჰოდა, მეც ედმონდი დამარქვა, იმდენად უყვარდა ეს მართლაც  საოცარი რომანი. საფრანგეთში ორი წელი მუშად მუშაობდა და როგორც კი საშუალება გაუჩნდა, საკუთარ ქვეყანს და ოჯახს დაუბრუნდა, - 1947 წელს.

 

პირველი უკითხავს დედისთვის - ვასოდიე ხომ არ დაბრუნებულაო, - მაშინ, როცა მისი ძმა უკვე დიდი ხნის დახვრეტილი იყო...

 

მალე ცოლი შეირთო, ოჯახში ხალისი და ბედნიერება რომ შეეტანა, ცოტათი მაინც შეემსუბუქებინა დედისთვის და მოხუცი მამისთვის უმცროსი შვილის  ტრაგედია... შეუღლდა ბებიაჩემთან,  ქალბატონ ქეთევან ძაგნიძესთან, რომელიც ამ ფოტოზე გვერდს უმშვენებს ომგამოვლილ, ტყვეობაში ნამყოფ მეუღლეს, ბაბუა ემელიანე  რაიონში ცნობილი კაცი იყო, დიდი ავტორიტეტით და პატივისცემით გამოირჩეოდა, მახსოვს, ჩვენთან სტუმარი სტუმარზე მოდიოდა,  სოფლის თავკაცი იყო, მის სახელს უკავშირდება სოფელში წყლის შემოყვანა, ტელეფონის ხაზის გაყვანა,  საავტომობილო  გზის გაჭრა, უჭკვიანესი და უგანათლებულესი კაცი იყო,  ბებია ქეთო  მოუსვენრად  მშრომელი და სტუმართმოყვარე ქალი გახლდათ, გაუჩენელს გააჩენდა, ოღონდ სტუმრისთვის ესიმოვნებინა, დაუცხრომელი ცეცხლი იყო... ეჰ, როგორ მენატრებიან....

 

ფოტოზე ბაბუაჩემს ხელში ერთი წლის ბიძაჩემი უჭირავს, ხოლო ბებოს გვერდით ორი წლის მამაჩემი დგას, ძალიან ახალგაზრდა გარდაიცვალა მამა, მე სამი წლის დავრჩი...

 

მამაჩემის გვერდით ამაყად დგას ზემოთ ხსენებული ჩემი დიდი ბებია, ქალბატონი ამინადარ თევზაძე, საოცარი ქალბატონი ყოფილა, - დღესაც იხსენებენ ჩემი სოფლის მცხოვრებლები მისი ოჯახის ქალობას. ზედმეტად სუფთა ქალი ყოფილა, უცნაური - სხვის გაკეთებულ საჭმელს არ მიირთმევდა თურმე, ჭაზე წყლის ამოსაღებად კოკას არავის გაატანდა, მხოლოდ მას უნდა გამოერეცხა საგულდაგულოდ და წყლით მერე აევსო, საკუთარი ქალიშვილის გაკეთებულსაც არ ენდობდა, თავზე დაადგებოდა და ეჭვის თვალით უცქერდა, თუ როგორ ამზადებდა სადილს, მეტიც, ქვევრთანაც არავის უშვებდა, მხოლოდ მას უნდა მოეხადა  აყალო მიწა, მერე კარგად უნდა მოესუფთავებინა ქვევრის ყელი და ამ რიტუალის დროს არავინ არ უნდა მიახლოვებულიყო ქვევრს, თორემ საოცარ დღეში ჩააგდებდა.

 

იტყოდა თურმე, ქვევრში  ერთი მისხალი მტვერიც რომ ჩავარდეს, ღვინო წაბილწულიაო. საოცრად ძლიერი და ამაყი ქალბატონი ყოფილა. ბაბუა ჰყვებოდა, მე და ჩემს ძმას - ვასოდის, ომში გაწვევის ბარათი რომ გადმოგვცეს კანტორაში, სახლში მივირბინეთ, მშობლებს რომ გამოვმშვიდობებოდით; დედა კეცზე მჭადებს აცხობდა და ცომის გუნდას ხელში აბურთავებდა, როცა მოვახსენეთ გაწვევის ამბავიო. არც კი შეტოკებულა, ისევ აცეკვებდა ხელში ცომს და გავარვარებულ კეცებზე ნეშოთი აფორმებდაო. მხოლოდ კარების ზღურბლამდე გამოგვაცილა, ამაყი მზერით და დინჯი ხმით მოგვაძახა: „მშვიდობით დაბრუნდით, შვილებო, ღმერთი გფარავდეთო!“.

 

დიდი ქალბატონი ყოფილა, ვენაცვალე მის სულს.

 

ფოტოზე მარცხნივ, ქალიშვილი უდგას, ბუთულა ბებო. მე ძალიან  კარგად მახსოვს. გვერდით სოფელში იყო გათხოვილი, ჩვენთან ხშირად გადმოდიოდა, მაგრამ მარიამობას არასოდეს გააცდენდა. მოდიოდა თავის სახლს. საოცრად თბილი მოფერება იცოდა, გულით დალოცვა. ღრმად მოხუცებული გარდაიცვალა. ძალიან დამწყვიტა გული, ძალიან...                   

 

ფოტოზე შემდეგი, როგორც გითხარით, ობოლი გურამი დგას, გმირი მამის შვილი.

 

ფოტოზე, მარცხნიდან პირველი, როგორც იტყვიან, კარის ტკბილი მეზობელი  დგას, - ფაცია ბებო და ხელში ერთი წლის შვილი უჭირავს, დოდო მამიდა. ფაცია ბებოს შვილიშვილები ჩემი ბავშვობის მეგობრები და ოჯახის წევრები არიან, ისევე როგორც დოდო მამიდას შვილები...                          

 

ჩემთვის საოცარი ფოტოა, გუშინ შემთხვევით აღმოვაჩინეთ და ცრემლები ვერ შევიკავე... ძალიან მიყვარს ჩემი წინაპრები, მადლიერი ვარ მათი, ისინი დიდი ადამიანები იყვნენ და ზუსტად ვიცი, არასოდეს შეურაცხვყოფ მათ სახელებს. რატომღაც ბოლო დროს, წარსულზე უფრო ბევრს ვფიქრობ, ვიდრე მომავალზე...

 

დღეს ეს სახლი ისევ ასეთი დგას, როგორიც ფოტოზე, ისევ ამაყად იღებს სტუმრებს და აგრძელებს ისტორიის წერას, ულამაზეს ეზოში ისევ ჟივილ-ხივილი ისმის, მომავალი თაობის. ჩემი ბიძა - მამაჩემის ძმა, მისი შვილები და შვილიშვილები ცხოვრობენ, დიდი წარსულის მქონე, უთბილეს კედლებში...“ - წერს ედმონდ მინაშვილი.

 

 

 

 

big_banner
არქივი