logo_geo
ზაზა სიამაშვილი: ქვეყანამ დაკარგა მოსიყვარულე, ნამდვილი ჭირისუფალი, მე კი - ახლობელი ადამიანი!
- +

29 ივლისი. 2020. 15:12

 

 

„შენი საქმის ღმერთი იყავი! კაცობის, ადამიანობის ეტალონი და საწყაო!“ - ასე ემშვიდობება სოციალურ ქსელში რეიგანის ფონდის წევრი და სოხუმის უნივერსიტეტის ლექტორი, ზაზა სიამაშვილი ექიმ გელა მუხაშავრიას.

 

„ქვეყანამ დაკარგა  მოსიყვარულე, ნამდვილი ჭირისუფალი, მე კი - ახლობელი ადამიანი! ღმერთს შენობით არ მიმართავენ, არც მე მოგმართავ, გელა-ბატონო, დღეს თქვენობით!  შენი საქმის ღმერთი იყავი! კაცობის, ადამიანობის ეტალონი და საწყაო!

 

კურნავდი სიტყვით, კურნავდი უსაზღვრო იუმორით, კურნავდი შენი არაჩვეულებრივი აფორიზმებით! კურნავდი უანგაროდაც, კურნავდი სულსაც... იყავი და დარჩები უიშვიათესი გულის და გუმანის დასტაქარი (ეს სიტყვა გიყვარდა!) და ამიტომ უშიშრად აუყვები საუფლო გზას, იქ, სადაც მართალნი განისვენებენ! გულში ჩამწყდა რაღაც დიდი, ძალიან დიდი სიმი....

 

ყველაზე დიდ ტკივილსაც მსუბუქად, იოლად შეახედებდი პაციენტს, ბეწვის ხიდზე გივლია, რადგან უფლის იმედად იყავი! ვეძებ სიტყვებს და ყველა უფერულდება! მაგრამ შენ ნუ შეგეშინდება, ღმერთ-კაცო! შენია სასუფეველი! თუ მეორედ მოსვლა ვინმეს უწერია, მაშინ შენც გაიგონებ ამ სიტყვებს - „ლაზარე, გამოვედ გარე!“ გიხაროდენ, ზეციურო სასუფეველო, გელა მუხაშავრია დღეიდან შენი ბინადარია! ჩემს გიას და კახას უსაზღვროდ დიდი თანაგრძნობა გადაეცით!“- წერს ზაზა სიამაშვილი.

 

 

big_banner
არქივი