logo_geo
მამუკა კვარაცხელია: ამბროლაურიდან პირდაპირ გელათს მივადექი და ღმერთს მადლობა გადავუხადე ჩვენი გადარჩენისთვის...
- +

31 ივლისი. 2020. 14:28

 

 

ცნობილი სპორტული ჟურნალისტი, უეფა-ს მედიაოფიცერი მამუკა კვარაცხელია რაჭაში, სტიქიის ზონაში თავსგადახდილ ამბავზე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

 

„პირველად ვამბობ: შუაღამისას გუგუნმა რომ გამაღვიძა და კოტეჯიდან გამოვედი, მივხვდი, რომ კალაპოტიდან გადმოსული გაგიჟებული მდინარე ბუბას ორმხრივ ტყვეობაში ვიყავით და გადარჩენის შანსი არ იყო... ძალა მოვიკრიბე, „მამაო ჩვენო“ წავიკითხე და მერეღა გავაღვიძე ბექა, ბიჭები და ნინო... შუქი არ იყო და ერთადერთი ორიენტირი ზედ იატაკს მომდგარი წყლის დონე იყო, რომელიც მატულობდა... ყველამ წავიკითხეთ ლოცვა და მივაშტერდით იმ დონეს, რომლის მატებაც... შეწყდა!!!

 

გადავთვალე თბილი „ადიელები“ და გამოვთვალე, რომ მათი გადაბმის შემთხვევაში 20 მეტრის თოკი გამოვიდოდა, რომელსაც თუ წელამდე წყლის არეულ მასაში გავივლიდით, ყველაზე ახლოს მდებარე ხეს შემოვახვევდით და ხელის მოსაჭიდი ბაგირივით გავაკეთებდით. ნინოს დარდი გვქონდა, რომელიც საკმაოდ ყოჩაღად გამოიყურებოდა... მე და ბექამ მაცივარს დავადგით თვალი, რომელიც კოტეჯიდან უნდა ჩაგვეგდო და იმაზე გადაგვეარა... სანამ ინათებდა, ადიელამოხვეულები კიბესთან ვიდექით და წყლის დონეს ვუყურებდით, რომელიც ადგილიდან არ იძვროდა... საკმარისი იყო 10 სანტიმეტრი და ალბად კოტეჯიანად წაგვიღებდა... ქვედა, შედარებით „უსაფრთხო“ კოტეჯშიც გამოიღვიძეს და მობილურების შუქით ცდილობდნენ გაერკვიათ, რა დღეში იყვნენ... ნუ გეშინიათ! იკლებს წყალი, - ვატყუებდით აქედან, რადგან 2 პატარა ბავშვით იყვნენ.

 

ექვსის ნახევარზე ინათა და ტრაქტორის ხმამ მიგვახვედრა, რომ გელა და მისი მოადგილე გზის გასაჭრელად ამოვიდნენ... მართლაც, ტრაქტორმა ერთი ტოტი გადააგდო და წყალმა კლება დაიწყო... მერე ტყით გამოვექეცით სტიქიას და ქვემოთ ვერტმფრენიც მოგვაშველეს...

 

...ამბროლაურიდან პირდაპირ გელათს მივადექი და ღმერთს მადლობა გადავუხადე ჩვენი გადარჩენისთვის...“ - წერს მამუკა კვარაცხელია.

 

 

big_banner
არქივი