logo_geo
ალდა მერინი: აღარ ოცნებობს ხალხი, საამისოდ დრო აღარ აქვს...
- +

31 ივლისი. 2020. 18:22

 

აღარ ოცნებობს ხალხი... ნაღვლიანად უთხრა სტუმრად მისულ ჟურნალისტს ალდა მერინიმ, მარტოობის პოეტმა დედოფალმა. მილანელებისთვის გვარისა და რეგალიების გარეშე, მხოლოდ - ალდამ...

 

მარტოსულ, კონტრასტულ, სევდიანი პოეზიის დედოფალზე მინდა გიამბოთ დღეს, რომელსაც მიუხედავად დიდი სულიერი ტკივილისა, სიცოცხლე უყვარდა. მხიარული, იუმორით სავსე იყო.

 

პოეზიის თემით ახალი ხაზი შემომაქვს დღეს - ცნობილი მილანელები..

 

პირველი სტუმარი ვინ იქნებოდა, თუ არა ქალაქის უსაყვარლესი პოეტი ქალი.

 

არ მინდა ტრაფარეტულ ბიოგრაფიულ წრეში მოვაქციო, მინდა, ქაოტურად მოგიყვეთ მეგობრების მოგონებები და საინტერესო ამბები მისი ცხოვრებიდან ისე, როგორც თავად უყვარდა.

 

ქალი მილანის გულიდან, ნავილიოს უბნიდან, სადაც თითქმის მთელი ცხოვრება გაატარა და როგორც იქაურები ამბობენ, მიუხედავად ტრაგიზმისა, მაინც სიცოცხლით სავსე იყო განსაკუთრებული იუმორითა და თვითირონიით. ლექსების წერა საკმაოდ პატარამ დაიწყო. მამა მეტად იყო დაინტერესებული მისთვის განათლების მიცემაში. დედა მკაცრი, ძველმოდური ჰყავდა ფსიქოლოგიური პრობლემებით. სწორედ მისმა სიმკაცრემ, იმან, რომ ომის დროს სახლი დაეწვათ, უსახსრობამ, სტრესმა საშინლად იმოქმედა მის ფსიქიკაზე და 16 წლის ასაკში დეპრესიული ფსიქოზი დაუდგინეს. მკურნალობის კურსის მერე მეგობრები დაუდგნენ გვერდით. ის ახალგაზრდა ფსიქოანალიტიკოსები გააცნეს, რომლებმაც შექმნეს კიდეც მერე იტალიის თანამედროვე ფსიქიატრია და ალდას მომავალიც კი განსაზღვრეს.

 

ჩემი პოეზია ჩემი შვილები და ღმერთია, თქვა ერთხელ. მაგრამ უნებურად დიდი ტკივილი განაცდევინა შვილებს მისი ავადმყოფობით.

 

„...მამა და დედა ორი ძლიერი, განსხვავებული ხასიათის პიროვნებები იყვნენ. კამათი ხშირად უფულობის, ეჭვიანობის გამო ხდებოდა, სევდით იხსენებს მისი უფროსი ქალიშვილი. მახსოვს ერთხელ სახლში გვიან დაბრუნებული როგორ ეკამათა მამას, რამაც მისი აშლილობა გამოიწვია და უმართავი გახდა, პირველად დაემართა ასე. ყვიროდა ხმამაღლა და ვერ ვაწყნარებდით... მახსოვს, როგორ გადმოვიდნენ სასწრაფოს მანქანიდან ექიმები და წაიყვანეს დედა... ორი კვირის მერე დაბრუნდა, მაგრამ სულ სხვანაირი. ისეთი აღარ იყო მერე, როგორც ადრე... პერიოდული აშლილობებისა და მკურნალობის დროს, დედას არ უნდოდა, მასთან სანახავად მივსულიყავი, არ უნდოდა ისეთი მენახა“.

 

ალდა მერინი თითქმის ათი წლის გამავლობაში, წყვეტილი პერიოდებით ცხოვრობდა ფსიქიატრიულ საავადმყოფოში. მელანქოლიას მკურნალობდნენ...

 

მინდა ყველას ბედნიერი, სიხარულის პოეტად ვახსოვდე. ცხოვრება ხომ ბედნიერებაა და მეც ეს მინდა დავტოვო...

მან იცოდა სიტყვები, რომლებიც ემოციებს აღვიძებდა... პოეზია ხომ გულში დაბადებული ამბები იყო მისთვის...

საუკეთესო მეგობარი იყო. მეგობრობდა ბევრთან. მასზე გაცილებით უმცროსებთანაც. უკვე ასაკში შესულს, განსაკუთრებული მეგობრობა ჩამოუყალიბდა ახალგაზრდა კომპოზიტორ-შემსრულებელ ჯოვანი ნუტისთან, რომელმაც მის ლექსებზე არაჩვეულებრივი სიმღერები შექმნა.

 

უკვე ნაკლებად მანაღვლებს, რას იფიქრებენ ჩემზე, ბევრსაც ჭორაობენ, მაგრამ მე კარგი მეგობარი ვარო, ამბობდა. ისე, თუ ასაკოვან კაცს პატარა გოგო შეუყვარდა, რომანტიკაა, მაგრამ თუ ასაკოვანმა ქალმა შეიყვარა მასზე უმცროსი, სიბინძურეში გასვრიანო...

 

მე ვამსხვრევ სტერეოტიპს, რომ ქალსა და მამაკაცს შორის მეგობრობა არ არსებობს. მამა მეუბნებოდა, თუ კაცთან მეგობრობას შეძლებ, ესე იგი ნამდვილი მეგობარი ხარო.

 

მეგობრობაც შეეძლო და სიყვარულიც. საკმაოდ თამამი ქალი იყო, რომანებიც ჰქონდა.. და უკვე ასაკში შესულ ქვრივს როცა სიყვარულიც ეწვია, მასზე უარი არ უთქვამს. 50 წლის ასაკში მეორედ იქორწინა და მეუღლის ქალაქში გადავიდა საცხოვრებლად... ტორონტომ მილანელი პოეტი შეიძინა, ასე ამბობდნენ ჩემზეო, ღიმილით იგონებდა ბედნიერ წლებს.

 

ალდა, როგორც ჩვენში ამბობენ, „პარაოზივით“ ეწეოდა პაპიროსს, რაღაცნაირი ხულიგანი იყო. ერთ-ერთი მისი ნავილიოელი ძველი მეგობარი იხსენებს, ჯერ კიდევ პატარები, გამოვიდოდით გარეთ, დავსხდებოდით არხთან ხიდზე და ვეწეოდითო, მან მასწავლა მოწევა და თან დამმოძღვრა - იცოდე, ორმოც ღერზე ნაკლები არ უნდა მოწიო დღეში, თორემ ნაღდი მწეველი ვერ იქნებიო...

 

სახლის მოპირდაპირე მხარეს უყვარდა კაფეში დილის ყავა და იმ ქუჩის ყურება, სადაც გაიზარდა. ყველამ იცოდა, რომ დილით ალდა საყვარელ კაფეში შეეძლოთ ენახათ ფინჯანი ყავითა და ჩანაწერების წიგნით მაგიდაზე. ეს ხიდი დღეს მის სახელს ატარებს და იქ ჩავლისას სულ პაპიროსის ისტორია მახსენდება ხოლმე.

 

როცა მელანქოლიით ვიყავი შეპყრობილი, ყავასაც ვერ ვსვამდიო, ნაღვლიანად გაიხსენა ერთხელ. ლექსსაც ვერც ვწერდი და ცხოვრებაც კი გაჩერდა თითქოსო...

 

ახალგაზრდობაში, ხანგრძლივი მკურნალობის შემდეგ, როცა მეუღლე გარდაეცვალა, სრულიად მარტო დარჩა დიდ პრობლემებთან. ერთ დროს წარმატებული პოეტი დაივიწყეს და იძულებული გახდა, კარდაკარ შემოეარა რედაქციები, გამომცემლობები და თავი შეეხსენებინა, ცდილობდა, სამსახური ეშოვნა. ხშირად მშიერიც ყოფილაო, ერთი ლიტერატორი იხსენებს, რომელმაც კარიერის დასაწყისში საინტერესო ინტერვიუ ჩაწერა მასთან, სადაც ყურმოტეხილი სათვალით კითხულობს საკუთარ ლექსებს ეს ფერადი ქალბატონი...

 

სადილად რომ დავპატიჟეთ, სანამ კერძი მოვიდოდა, ფორტეპიანოს მიუჯდა და მთელი ტკივილი ერთ მელოდიაში გადმოსცაო. მუსიკალური განათლება ბავშვობაში მიიღო და საკმაოდ კარგად უკრავდა.

 

ჰოდა, იმის გამო, რომ ალდას ბავშვობის სახლი ომის დროს დაიწვა და გვიან აღადგინეს, ტორონტოდან მილანში დაბრუნებული, ქირით ცხოვრობდა ერთ ოთახში იქვე, ნავილიოზე, სხვაგან არც შეეძლო და არც უნდოდა. ქაოსი, ქაოსი მჭირდებაო, იმეორებდა, პოეტი სხვანაირად ვერ იცხოვრებსო... მის ოთახში მართლაც სრული ქაოსი იყო. კედლები აჭრელებული ჰქონდა ტელეფონის ნომრებით და ოთახი მუდამ დაულაგებელი.

 

უამრავი პრობლემის შემხედვარეს მაინც მეორე სუნთქვა გაეხსნა და ახალი ცხოვრება დაიწყო. კვლავ აღდგა ფერფლიდან და გააქტიურდა. გამოსცა რამდენიმე კრებული. აწყობდა შეხვედრებს, ჰქონდა კონცერტები.

 

ალბათ ამიტომ უყვართ განსაკუთრებულად ეს პოეტი ქალი, რომ მიუხედავად ასეთი ტრაგიზმისა, საოცრად მშვიდი იყო მაინც შინაგანად. დინჯად, საინტერესოდ საუბრობდა და ხმას არ უწევდა.

 

პოეზია გულში დაბადებული ამბებია... პოეზია სხვა რამეა, ყველა ვერ დაწერსო, ამბობდა. სიყვარული უყვარდა და ვინც უყვარდა, მართლა უყვარდა. ოთხი შვილი ჰყავდა, რომლებმაც, როგორც უკვე გითხარით, მძიმე ბავშვობა გაიარეს დედის ავადმყოფობის გამო და მხოლოდ დიდობაში გაიაზრეს, როგორი განსაკუთრებული დედა ჰყავდათ...

 

სიცოცხლის ბოლო წლებში, როცა სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს და საავადმყოფოში მკურნალობდა, ჯოვანი ნუტი დაიბარა, სთხოვა, შეეკრიბა საავადმყოფოს ყველა ექიმი, ექთანი, თანამშრომელი და ღიმილით გამოუცხადა - კონცერტი უნდა გავმართო!

 

უყვარდა სცენა, ხშირად კითხულობდა საკუთარ ლექსებს, მღეროდა მის პოეზიაზე შექმნილ სიმღერებს. უყვარდა და მეგობრობდა ლუჩო დალასთან. უყვარდა არანაკლებ კოლორიტული მილანელის, ჩელენტანოს სიმღერები და ხშირად ღიღინებდა და როცა ეს ადრიანოს უთხრეს, საფირმო ღიმილით გაიღიმა, ყველა კბილი გამოაჩინა, ძალიან სასიამოვნოა ამის მოსმენაო. მე ვიცნობ შორიდან ბუთხუზა ალდას, მომწონს მისი პოეზიის სიღრმე, სცენიური სიგიჟე და სტილი, რაც აუცილებელია შემოქმედისთვისო.

ადრიანო კლოუნია, ნაღვლიანი კლოუნიო, სიყვარულით თქვა ერთხელ ალდამ. ჩვენ ხომ ყველანი კლოუნები ვართ სცენაზეც და სამწუხაროდ ცხოვრებაშიცო...

 

ლუჩო დალასთან განსაკუთრებული ურთიერთობა ჰქონდა ალდას და ბავშვივით უხაროდა, როცა შეაქებდა, საოცარი ხმა გაქვს და კარგად მღერიო. უყვარდა სიმღერა, სიცოცხლე და ბედნიერი იყო ადამიანებთან სიახლოვით. იაზრებდა, რომ რთული პიროვნება იყო, განსაკუთრებული, მაგრამ ცდილობდა, არაფრით გამორჩეული ყოფილიყო. ამიტომაც უყვართ განსაკუთრებულად.

 

მძიმე გზა გაირა, მაგრამ არ გაბოროტდა და შექმნა ალდა მერინი! მერინი, რომელიც ორჯერ წარადგინეს ნობელის პრემიაზე!

 

მილანის დუომოდან, მთავარი საკათედრო ტაძრიდან გააცილა უამრავმა ადამიანმა ბოლო გზაზე. მისი გარდაცვალების შემდეგ, ნავილიოზე სახლ-მუზეუმი გაიხსნა, რომელსაც მუზეუმის გარდა სხვა დატვირთვაც აქვს. სივრცე ეთმობა ყველას. სხვადასხვა ეროვნების, თაობის, სტილის, ჟანრის მწერლებსა და პოეტებს, ხელოვნების მოყვარულებს. ეს ამბავი მისი გარდაცვალებიდან ათი წლის შემდეგ მოხდა, როცა იტალიის მთავარი გაზეთის, „საღამოს კურიერის“ წყალობით, 15-ათასიანი პეტიცია შედგა მოთხოვნით გახსნილიყო მუზეუმი და მისთვის პოეზიის სახლი ეწოდებინათ...

 

მიყვარს მის სახლში სტუმრობა, სადაც არაერთხელ გამართულა ჩვენთვის, ქართველებისთვის ძალიან სასიამოვნო საღამოები. სტუმრად გვწვევიან ქართველი მწერლები და პოეტები საქართველოდან. მინდა ორი შემთხვევა გავიხსენო განსაკუთრებით, რომლის ემოციაც დღემდე მომყვება.

ახალგაზრდა, იტალიურენოვანი ქართველი მწერლის, რუსკა ჟორჟოლიანის წიგნის პრეზენტაცია გაიმართა ამ სახლში ჩვენთვის. საინტერესო საღამო იყო და მნიშვნელოვანი იმითაც, რომ ქართული სათვისტომოს კიდევ ერთი დიდი შეკრება შედგა...

 

ქეთევან დუმბაძის პროექტის „ცოცხალი წიგნები“ ფარგლებშიც რამდენიმე შეხვედრა გაიმართა, სადაც ქართველმა ავტორებმა საკუთარი წიგნები გვისახსოვრეს და დიდი სითბო დაგვიტოვეს. ჩემთვის პირადად დაუვიწყარი შეგრძნება იყო. ისეთი, შორეული სამშობლოდან ახლობელი რომ ჩამოდის და სულს გითბობს. სასიამოვნო იყო ჯორჯანელის, მწერლის ალეკო შუღლაძის წიგნები სამახსოვროდ ავტოგრაფებითა და სურვილებით. ქალბატონმა ქეთიმ, ნოდარ დუმბაძის „ყველა მოთხრობა“ გვაჩუქა და მახსოვს შეხვედრის შემდეგ გამოქვეყნებული ემოციური წერილი პოეტისა და პროფესორის, ცოტა თავხედური სიამაყით ვიტყვი - ჩემი დიდი ხნის ფ.ბ. მეგობრის, გიორგი ლობჟანიძისა იმ საღამოს შესახებ. ისეთი სევდიანი იყო სამშობლოდან შორს მყოფი ადამიანების - პოეტის თვალით დანახული ტკივილი, რომ დღესაც სხვანაირ ემოციას იწვევს. ის დარდი დაინახა ქართველმა პოეტმა ემიგრანტებში, რასაც ალდა ხედავდა ხოლმე ადამიანებში და გადმოსცემდა...

 

სიტყვა, პოეზია გულში დაბადებული ამბებიაო .. განა ტყუილად თქვა...

ჰოდა, კონცერტი უნდა გავმართო საავადმყოფოშიო, ნუტის გამოუცხადა და მზადებაც დაიწყო. კონცერტამდე ძალები მოიკრიბა, გამოიპრანჭა, ფერადი მძივები გაიკეთა და საყვარელი წითელი პომადა წაისვა...

 

...სარკესთან იდგა საავადმყოფოს პალატაში, მივუახლოვდი რომ წასვლაში დავხმარებოდი, თვალი თვალში გამიყარა სარკიდან და ნაღვლიანად მითხრა - ამდენი რამე გავაკეთე იმისთვის, რომ ალდა მერინი გავმხდარიყავი და როცა უკვე ვარ, ახლა მივდივარ, იძულებული ვარ, ყველაფერი დავტოვოო...

 

წავიდა, მაგრამ საოცარი პოეზია დატოვა, დაუვიწყარი...

 

წყარო ფეისბუქ გვერდი Milano ინგას მილანი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი