logo_geo
ნატო დუმბაძე: ის ქალაქი მენატრება, სადაც სხვისი ჭირი ღობეს ჩხირი არასოდეს ყოფილა!
- +

1 აგვისტო. 2020. 12:14

 

 

„სიცივეა ერში, სიცივე და გულგრილობა, უსიყვარულობა! უსიყვარულობა, რომელიც გვანგრევს! კი არ გვანგრევს, უკვე დაგვანგრია!“ - ამის შესახებ სოციალურ ქსელში პროდიუსერი ნატო დუმბაძე წერს.

 

„რანაირი ცხოვრება და ჟამი დადგა! გუშინ ვუყურე - შვილმკვდარი დედა სოფელ-სოფელ დადიოდა, მამრები სხედან და ფეხზეც კი არ წამოუდგნენ გამწარებულ დედას! ადრე ერთი ოჯახის ტრაგედია მთელი საქართველოს ტრაგედიად იქცეოდა, ყველა ჭირისუფალი იყო! ახლა? ახლა, მაპატიეთ და, სეირის მაყურებლებს დავემსგავსეთ, სეირის! გავცივდით და გონება ისე გაიყინა, შეიძლება, დედას პურის ფული არ ჰქონდეს და შვილი აგარაკებს იშენებდეს, ადამიანს წამლის ფული არ ჰქონდეს და ხალხის იმედად იყოს! ბევრი გამიგია, მომისმენია და მინახია! რამ გაგვაცია? რატომ გავხდით ასეთი სასტიკები და დაუნდობლები? ან როგორ სძინავთ? ჩავიკეტეთ, ჩავირაზეთ და მხოლოდ აქ კლავიატურის მშრალი კაკუნით ვაფრქვევთ ან გულანთებულ კომენტარებს, ან აგრესიას!

 

მე ის ქალაქი მენატრება, სადაც სხვისი ჭირი ღობეს ჩხირი არასოდეს ყოფილა! მეზობელი სტუმრებს რომ ელოდებოდა, მთელი სამეზობლო ფუსფუსებდა, სკამიდან დაწყებული მარილით დამთავრებული სახლში სკამს არ დაიტოვებდნენ, რომ სტუმარი ფეხზე არ დარჩენოდა! ჭირი და ლხინი ერთად გაჰქონდათ! ქუჩაში ჩხუბს რომ დაინახავდნენ, მთელი ქუჩა გავარდებოდა გასაშველებლად! ახლა? ახლა ფანჯარას მიხურავენ, რომ ხმაურმა არ შეაწუხოს და ვინ ვის მოკლავს, საერთოდ არ ანაღვლებთ! სამაგიეროდ, მერე მორალს დაწერენ, გაკიცხავენ, გაანადგურებენ და ამითი კმაყოფილები მიეშურებიან სასთუმალს! სიცივეა ერში, სიცივე და გულგრილობა, უსიყვარულობა! უსიყვარულობა, რომელიც გვანგრევს! კი არ გვანგრევს, უკვე დაგვანგრია! ერთადერთი, ვისაც ჯერ კიდევ გული შესტკივა, ეს ემიგრანტები არიან, რომელთაც ჯერ კიდევ ის ძველი ცხოვრება ჰგონიათ და სრულიად უცხო ხალხი უანგაროდ ეხმარება მათთვის უცნობ ადამიანებს! და მადლობა მათ ამისთვის!“ - წერს ნატო დუმბაძე.

 

 

 

 

 

big_banner
არქივი