logo_geo
ზურა შევარდნაძე: სიაში ჩემი სახელი და გვარი რომ ვიპოვე, მივხვდი, ჩემი ცხოვრება შეიცვლებოდა
- +

6 აგვისტო. 2020. 11:22

 

 

„გარდენია შევარდნაძის“ შემქმნელი, ბიოლოგ-ბოტანიკოსი ზურა შევარდნაძე სოციალურ ქსელში, თავის ბავშვობას იხსენებს და  შემდეგი სახის სტატუსს აქვეყნებს:

 

„მეშვიდე კლასში ვიქნებოდი ალბათ, ჩვენმა ნათესავმა გივიამ მოუყვა ბებიას, კაკოია ნაცვალაძეს სასწაული თხები გამოუჯიშებია ნასაკირალიდან, ტანად დიდვანი არიენ, ორ ბოთლ რძეს დილას იწველებიენ, ორს საღამოსო...

 

ძალიან მომინდა, ჩვენც გვყოლოდა ამფერი თხაი და მივადექი კაკოიეს ცოლს ნანის. ნანიმ - რავა დაგიკავებ, ბიცოლა, მარა ჯერე მაკეთაც არაა და რა გიყოო. რომ დამაკდა, შემოთვალა, დამაკდაო...  გამარტებას ბიჭი გამოგზავნა, ორი ნეზვი ჰყავს, ერთი ზურიკოსააო. ვაცალე ორი თვე, ამოვკრიბე უჯრიდან დაბადების დღეებზე დეიდას, ბებიას და ბაბუას ნაჩუქარი ფული და წამოვიყვანე ნაცვალაძეებიდან თიკანი. პატკუ დავარქვი გზაში, რატომ, არ ვიცი, ძალიან შემიყვარდა. ნიკადო მსხლის ძირში დავაბით და აკაციის ფოთოლზე ნაკლებს რავა ვაკადრებდი, ვუვლიდი შვილივით. თალიკოს ვაცთან დამეგობრდა პატკუ და ყოველ გაზაფხულზე ორ ორი თიკანი ჰყავდა სულ. დედამისივით ორ ბოთლს დილით იწველიდა, ორს საღამოს.

 

სკოლა დავამთავრე, არჩეული მქონდა ბიოლოგიის ფაკულტეტი. მისაღები გამოცდების ჩასაბარებლად უნდა წამოვსულიყავი თბილისში, უბედური დრო იყო. პარასკევის ბაზრობაზე ოზურგეთში ბებიამ ერთი თიკანი წაიყვანა, ოცდაათ ლარად ეყიდა მთისპირელ ვაჭარს ვახტანგას, იმ პირობით, რომ არ დაკლავდა და სადგამურად გაატანდა ვინმეს. ორი ლარი გზაში დასჭირვებია და ოცდარვა მომიტანა. დარდობდა - აი, რავა გეყოფა, ნენა, მეისპო ვახტანგას სახსენებელიო. შაბათს საღამოს ბილეთი მქონდა მატარებელზე. დილით მეორე თიკანიც წაუყვანა ბებიამ ვახტანგას. ამოყვა ოზურგეთის ავტობუსს და მეორე ოცდარვა ლარი ასკანის ცენტრში მომცა დაგორგლილი, გვერდით გამიხმო და გამომემშვიდობა, სამჯერ წაღმა დამატრიალა და დამლოცა. ასე, ორმოცდათექვსმეტი ლარით ჯიბეში გავყევით მე და დედა ზორბერგის ავტობუსს, რკინიგზის სადგურამდე. კანტორის წინ გივიე ვასაძე, თალიკო ჩავლეშვილი და კიდევ ორი სვანის ქალი იდგა. იმათაც დამილოცეს გზა და წარმატება მისურვეს.

 

მელიქიშვილის შვიდ ნომერში დავბინავდით დედას ნათესავებთან. დეიდას მეზობელმა, პროფესორმა გულნარა კიკნაძემ შემამოწმა და ბიოლოგიაში ოთხიანს ნამდვილად მიიღებსო, ანუგეშა დედაჩემი, შეაქო ბიოლოგიის მასწავლებელი ნანა ხომერიკი, მისი გაცნობაც ისურვა და  საგამოცდო კომისიის წევრთან სიტყვას შევაწევ ზურიკოსო, შეჰპირდა დედას. ქიმიის გამოცდაზეც გამოჩნდა მომშველებელი..

 

მეორე მეზობელმა ნანა ჭეიშვილმა, როგორი დიალექტითაც ლაპარაკობს ეს ბიჭი, ასე თუ წერს, დავიღუპეთ, ვერ მიიღებს ნიშანს ქართულშიო. დავალება მომცა, შეამოწმა ნაწერი და გადავრჩით, აღმოჩნდა, უკეთ ვწერდი, ვინემ ვმეტყველებდი.

 

ჩავაბარე გამოცდები, სიაში ჩემი სახელი და გვარი რომ ვიპოვე, მივხვდი, ჩემი ცხოვრება  იმ წუთიდან ძალიან შეიცვლებოდა.

 

ორმოცდათექვსმეტი ლარიც დაგველია, იმავე საღამოს გავყევით მატარებელს დედა და მე შინ.

 

დილას დიდი კონა აკაციის პოწკვი მივუტანე პატკუს, დაგრეხილ რქებზე მოვეფერე და ნიკორზე ვაკოცე“, - წერს ზურა შევარდნაძე.

 

 

big_banner
არქივი