logo_geo
ნინო მიქიაშვილი: ფოლადაურის ხეობაში აღმოჩენილი ნაეკლესიარი და მიმდებარე ტერიტორია კულტურული მემკვიდრეობის ობიექტად გამოცხადდება
- +

13 აგვისტო. 2020. 21:33

 

 

 

ჟურნალისტი ნინო მიქიაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ ფოლადაურის ხეობაში აღმოჩენილ ნაეკლესიარს და მიმდებარე ტერიტორიას, კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი მიენიჭება.

 

„ორი კარგი ახალი ამბავი

 

ეს საოცარი გამოსახულება მთელი ტანით გამოჩნდა; მისი სახელიც ვიცით და გარდაცვალების თარიღიც - მამქანა რქმევია, 1688 წელს გარდაცვლილა, ღმერთმა აცხონოს.

 

მეორე კარგი ახალი ამბავი - ფოლადაურის ხეობაში აღმოჩენილი ნაეკლესიარი და მიმდებარედ არსებული ტერიტორია 20 აგვისტოს კულტურული მემკვიდრეობის ობიექტად გამოცხადდება, იქაურობას მესერი შემოევლება და სპეციალური მანიშნებელი დაფა დამონტაჟდება.

 

ფოლადაურის ხეობაში მამქანას მწვანე ფერის მდიდრულად დეკორირებულ საფლავის ქვაზე წარწერა (თარიღითურთ) ამოიკითხა ხელოვნებათმცოდნე აკაკი რეხვიაშვილმა, რომელიც გახლავთ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს კვლევის სამსახურის თანამშრომელი.

 

„მე მუდამ მემახსოვრება მამქანას თვალები“ - ეს საფლავის ქვა 2020 წლის 26 ივნისს ფოლადაურის ხეობაში ყოფნისას ვიპოვეთ. იმ წუთას მიწის ზედაპირზე მხოლოდ თვალები ჩანდა. იმ დღეს ბატონმა აკაკიმ საფლავის ქვა ნაწილობრივ გაწმინდა. გამოჩნდა წარწერა.

 

იგი იქ მეორედ ჩასულა, საფლავის ქვა შედარებით საფუძვლიანად გაუწმენდია და მაშინ ამოუკითხავს წარწერა (რომლითაც მამქანა შენდობას ითხოვს) და მისი გარდაცვალების თარიღი - 1688 წელი.

 

როგორც სპეციალისტები განმარტავენ, ამ პერიოდის დათარიღებული საფლავები ჯერჯერობით იშვიათობაა და ამიტომ, ეს სიძველე ძალიან მნიშვნელოვანი და გასაფრთხილებელია.

 

აქვე მოკლედ შეგახსენებთ, ფოლადაურის ხეობაში აღმოჩენილ სიძველეებზე (და შემდეგ მეორე ახალ ამბავზე შედარებით ვრცლად გიამბობთ)

 

2020 წლის ივნისის შუა რიცხვებში ჩვენმა თანამემამულე ელნურ ეჰმედილიმ, სოფელ ზემო ბოლნისთან ახლოს (ფოლადაურის ხეობაში) მდიდრულად დეკორირებული საფლავის ქვები აღმოაჩინა და ამის შესახებ მის ბოლნისელ მეგობარ ქუქჩიშვილი ლევანის შეატყობინა.

 

ლევანმა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ფოტოები გამოაქვეყნა. მაშინ ჩვენ ერთმანეთს არ ვიცნობდით. ლევანის გამოქვეყნებული ფოტოები  ინტერნეტით გამომიგზავნა.

 

აღმოჩენის შესახებ იმ წამსვე ვაცნობე კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს (კერძოდ, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელს ბექა ბარამიძეს. პარალელურად ლევანს მივწერე და ასე დავმეგობრდით ვირტუალურად.

 

21 ივნისს ფოლადაურის ხეობაში მეგობართან ლეილა აფრასიძესთან ერთად ჩავედი. იქ დაგვხდნენ ელნური და ლევანი. აი, ასე დავმეგობრდით და პირობითად დავირქვით „ქვემო ქართლში საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნების საინიციატივო ჯგუფი.“

 

ჩვენი სიტყვიერი თხოვნის საფუძველზე სააგენტომ 26 ივნისს ფოლადაურის ხეობაში მიავლინა კვლევის სამსახურიდან ორი ხელოვნებათმცოდნე - აკაკი რეხვიაშვილი და სალომე გოგოლაური. თბილისიდან მათ მეც გავყევი. ადგილზე ლევანი და ელნური დაგვხვდნენ. ხელოვნებათმცოდნეებმა მთელი დღის განმავლობაში ძალიან გულმოდგინედ იმუშავეს. იმავე დღეს ვიყავით ელიას მთაზე, სადაც უკეთ დაცვის მიზნით ლევანმა ფოლადაურის ხეობიდან  გადაიტანა ადრე ქრისტიანული ქვაჯვრები.

 

8 ივლისს მე, ელნურმა და ლევანმა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს, ადგილობრივ ეპოპარქიას, ხელისუფლებას და იქაურ მაჟორიტარ დეპუტატს განცხადებით მივმართეთ (ამ განცხადების დასკანერებულ ტექსტს კომენტარებში დავდებ)  - კულტურული მემკვიდრეობის ადგილზე შენარჩუნების მიზნით იქაურობისთვის არქეოლოგიური ობიექტის სტატუსის მინიჭების ინიციატივა გამოვხატეთ და ქვაჯვრების ახლომდებარე მუზეუმში გადატანა (ანალოგიური პოზიცია ჰქონდათ სააგენტოს წარმომადგენლებს - აკაკის და სალომეს) შევთავაზეთ.

 

18 ივლისს სააგენტოს წერილობით განმეორებით მივმართეთ და ხელმძღვანელობასთან შეხვედრა მოვითხოვეთ, რათა გაგვეგო ფოლადაურის ხეობაში აღმოჩენილ სიძვლეებთან დაკავშირებით რა პოზიცია ჰქონდათ.

 

დღეს, 2020 წლის 13 აგვისტოს შევხვდით: სააგენტოს გენდირექტორის მოადგილეს დავით ლომიტაშვილს, სააგენტოს კვლევის სამსახურის წარმომადგენელს აკაკი რეხვიაშვილს და სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელს ბექა ბარამიძეს. საათნახევარი ვისხედით და დეტალებზე ვმსჯელობდით. შევჯერდით შემდეგზე:

 

ორშაბათს, 17 აგვისტოს აკაკი რეხვიაშვილი სააგენტოს სპეციალურ საბჭოზე განსახილველად წარადგენს შესაბამის დოკუმენტაციას. 20 აგვისტოს საბჭო განიხილავს არქეოლოგიური ობიექტის სტატუსის მინიჭების საკითხს და სავარაუდოდ დადებით გადაწყვეტილებას მიიღებს.

 

დღევანდელ შეხვედრაზე ასევე შევთანხმდით რომ სტატუსის მინიჭების შემდეგ, სააგენტო უახლოეს მუზეუმს მიმართავს და იქ ქვაჯვრებისა და მამქანას საფლავის ქის გადატანის საკითხს დააყენებს. პლუს ამას, სტატუსის მინიჭების შემდეგ იქაურობას მესერი შემოევლება და სპეციალური მანიშნებელი დაფა დამონტაჟდება, რომელზეც ყველასთვის გასაგებ ენებზე მკაფიოდ იქნება დაწერილი, რომ იქ არის არქეოლოგიური ობიექტი, რომელსაც კანონი იცავს!

 

ესეც დეტალური ანგარიში თქვენ - ადამიანებს, ვინც თვლით, რომ ამ ქვეყნად ჩვენი არსებობის ერთ-ერთი მთავარი საფუძველი არის ჩვენი კულტურული მემკვიდრება და მისი დაცვა-შენარჩუნება. სააგენტო დანაპირებს როგორ შეასრულებს, ამას დრო გამოაჩენს. ჩვენ მათ ამ საკითხზე  ხშირად შევეხმიანებით

 

ფოტოზე მინაწერი - მამქანას გამოსახულება აკაკი რეხვიაშვილმა გადაიღო. მე ახლო კადრში მოვწიე, მთელი ტანით, რომ გამოჩენილიყო და ასე ვაქვეყნებ“, - წერს ნინო მიქიაშვილი.

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი