logo_geo
იოსებ ჭუმბურიძე: 17-20 წლის შემდეგ ანზორ ერქომაიშვილი ასეთივე ენერგიით იდგეს სცენაზე...
- +

16 აგვისტო. 2020. 11:19

 

 

ჟურნალისტი იოსებ ჭუმბურიძე ხალხური მომღერლის, საგუნდო დირიჟორის, ხალხური სიმღერების შემკრებ ანზორ ერქომაიშვილის იუბილეს სოციალურ ქსელში ეხმიანება.

 

„პანდემია რომ არა, იუბილე, ალბათ, უფრო ფართოდ აღინიშნებოდა.

თუ, რა თქმა უნდა, დაითანხმებდნენ.

ფართოდ აღნიშვნა კი არა, მშობლიურ კუთხეში დაგეგმილი საიუბილეო დღეების პროგრამაც ვერ გაუმხილეს - ვაითუ, ყველაფერი ჩაგვიშალოსო...

***

არადა, ყველაფერი ბრწყინვალედ ჩატარდა.

იყო ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით დაჯილდოება; კონსერვატორიაში მისი სახელობის სტიპენდიის დანიშვნა; იყო განსაკუთრებული საჩუქრები, მაგრამ, ცხადია, ისე არაფერი გაახარებდა, როგორც ეს ამბავი: სოფელ მაკვანეთის საჯარო სკოლას არტემ ერქომაიშვილის სახელი მიანიჭეს და მისი სრული რეაბილიტაციაც დაიგეგმა.

***

იყო დიდებული საიუბილეო საღამო - კონცერტი - პრეზიდენტის, პარლამენტის თავმჯდომარის, მინისტრთა და სხვათა შთამბეჭდავი გამოსვლებითა და ორიგინალური ჩანაფიქრით: თითოეული ანსამბლი ორ სიმღერას ასრულებდა: ერთს - იუბილარის აღდგენილს, მეორეს - იუბილარის დაწერილს.

 

ანსამბლ „ბერმუხას" ხანდაზმულმა წევრებმა კი ცეცხლოვანი ცეკვით გაგვაოცეს.

ერთი მათგანი 97 წლისაა.

 

და ჩვენ ვნატრობდით: 17-20 წლის შემდეგ, ანზორ ერქომაიშვილი ასეთივე ენერგიით იდგეს სცენაზე. კი ბატონო, ნუ იცეკვებს, მხოლოდ იმღეროს.

***

როგორც იქნა, ავიხდინე ოცნება: საკუთარი თვალით ვიხილე ის, რის შესახებაც ამდენი წამიკითხავს: ანზორ ერქომაიშვილის ულამაზესი სოფელი, არტემ ერქომაიშვილის სამუდამო განსასვენებელი და ატმის ხე გიგო ერქომაიშვილის საფლავზე.

 

გიგო, ანუ თეთრი ბაბუ, ლამაზი ბორცვიდან თუ გორაკიდან, ამაყად გადმოსცქეროდა თავის შთამომავლობას. ბაბუა არტემი უფრო აღელვებული მეჩვენა და, თითქოს, თვალზე ცრემლიც კი შევნიშნე.

 

„ეს სიხარულის ცრემლებია, როდი ვტირივარ“...

და აქ მისტიკა სულაც არ ყოფილა.

***

ჩემთვის ყველაზე ძვირფასი ხალხის სიყვარულიაო, - ამბობდა ანზორ ერქომაიშვილი, რაც მურმან ლებანიძის ამ სტრიქონს მახსენებდა: „ხალხის შვილი ხალხადვე დარჩი"..

ნამდვილად დარჩა.

ამიტომაც უყვართ.

სულ ეყვარებათ...“ - წერს იოსებ ჭუმბურიძე.

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი