logo_geo
ნინო ჯაფარიძე: ფაქტია, სახელმწიფომ დაამტკიცა, რომ ის შედგა და პრობლემების მოგვარების ძალა გააჩნია...
- +

23 აგვისტო. 2020. 14:42

 

 

 

ფესიბუქ-მომხმარებელი ნინო ჯაფარიძე, რომელიც უცხოეთოდან დაბრუნების შემდეგ კარანტინში იმყოფება, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

 

„პირველი დილა ჩემს თბილისში, მართალია, კარანტინში, მაგრამ ასე გემრიელად მხოლოდ აქ, „ამ ქვეყანაში“ გძინავს ტკბილად და „აუმღვრევლად“.

 

მიუხედავად, „ჯორჯიან ეარლაინით“ უსიამოვნო მგზავრობისა, სასაზღვრო გამშვები პუნქტიდანვე სასიამოვნო სითბო და სიხარული ჩამეღვარა სულში... ვიცოდი, ახლობლები ვერ დამხვდებოდნენ... მათთან შეხვედრის სიხარული ჩაანაცვლა საოცრად მოწესრიგებულმა და თავაზიანად თბილმა სასაზღვრო პოლიციელებმა. ყურადღებიანი და გულისხმიერი ღიმილით რეგისტრაცია სწრაფად გავიარეთ, ტელეფონიც მათხოვეს, დავრეკე ჩემებთან, გვითხრეს, რომ „ჰოლიდეი ინში“ გადავყავდით, ჩაგვსვეს ავტობუსებში, ბარგის ჩაწყობაშიც დაგვეხმარნენ და ასე გავეშურეთ საბურთალოსკენ... ცოტა უჩვეულო განცდაა, მაგრამ გასაგები... არც მე მინდა, საფრთხე გავხდე ჩემი ახლობლებისთვის და ვემორჩილები რეგულაციებს... ( პირველად ვიგრძენი უსაზღვრი პატივისცემა და მორჩილება კანონისადმი. პირველად არ მომივიდა თავში მაკვარანცხი აზრი, „ჭიჭიკიასებური“: „ვინ ჰკითხავს გორბაჩოვს“)... სასტუმროში არაჩვეულებრივი ახალგაზრდები დაგვხვდნენ, რა თქმა უნდა, კეთილგანწყობილება იგრძნობა მათ გამოხედვაში (ცოტა კეთროვანივით კი ვგრძნობ თავს, მაგრამ „ნიჩეგო“, ესეც გაივლის), მოთმინებით გვიხსნიან წესებს და იცით, რამ გამაკვირვა?! მადლობის გადახდის დროს ერთმა გოგონამ გამიღიმა და მითხრა, რა კარგია, ასე რომ გველაპარაკებით, სულ გვლანძღავენო... სასტუმროს მისაღებშიც ყველაფერი მოწესრიგებული დაგვხვდა, რიგი სწრაფად გავიდა, ინსტრუქციის და გასაუბრების შემდეგ, გამოგვაცილეს ოთახებში... თან ვახშამიც გამოგვატანეს. ოთახში ყავა, ჩაი, წყალი, თერმომეტრი და ყველაფერი, რაც პირველადი საჭიროებისთვისაა განკუთვნილი...

 

ჰო, გზაში ვიღაცამ თქვა, სახელმწიფო არაფერს ხარჯავსო. ჰოდა, მე რისი ნინო ვიქნებოდი, რომ არ გადამემოწმებინა... (მაინც ძველი თაობა ვარ და ალბათობის დონეზე, ყველაფერს ვუშვებ). გავიკითხე, ვინ იხდის ჩვენს უზრუნველყოფას ამ 12 დღის მანძილზე... და ჰოი, „საკვირველებავ“, თურმე სახელმწიფო იხდის ყველა კაპიკს, და კიდევ, მათთვის, ვისაც სურვილი აქვს, დაამცროს სახელმწიფოს როლი კოვიდთან ბრძოლის წინააღმდეგ... მე როგორც მივხვდი (და ამას გავარკვევ), „საქართველოს ავიახაზები“ (კერძო კომპანია) არ თანამშრომლობს სახელმწიფოსთან და საკუთარი გამდიდრებით და მოხვეჭითაა დაკავებული... გავიგე, ბატონი გაიაშვილი ოპოზიციურ პარტიაში შესულა... არ მაინტერესებს... როცა ეს კრიზისი გადაივლის, პირველი ვიქნები, ვინც ამ კომპანიას პასუხს მოსთხოვს ასეთი უსულგულო და არასახელმწიფოებრივი დამოკიდებულების გამო... ყველგან ბიზნესი ეხმარება სახელმწიფოს კრიზისების დაძლევაში, მხოლოდ ჩვენთან უძლიერდებათ ქვენა, კორპორატიული იმპულსები... ეს კი საბოტაჟია და მეტი არაფერი...

 

მოკლედ, არ მინდა, უსიამოვნო თემა განვავრცო, ამის დროც მოვა... მინდა გითხრათ, მსოფლიოში ყველაზე მაგარ ქვეყანაში და ქალაქში ვარ. ახლა აღარაფრის მეშინია... ვიცი და მჯერა, მარტო არავინ დამტოვებს განსაცდელში...

 

მადლობა ყველას , აეროპორტის დამლაგებლიდან დაწყებული სასტუმროში მომუშავე გოგო-ბიჭებით დამთავრებული და ვმადლობ უფალს, რომ წილად მხვდა ამ ქვეყნის მოქალაქეობა და ამ მიწის შვილი ვარ... ვამაყობ შენით - საქართველო!!!!

 

P.S. არ შემომივარდეთ, განსხვავებული აზრის მქონე მეგობრებო, არ დამიწყოთ საუბარი, რომ ყველაფერი ცუდადაა, ხალხს შია, უჭირს და ა.შ მესმის ყველაფერი, ვიცი და შეიძლება ბევრზე მეტადაც... მაგრამ ფაქტია, ქვეყანამ, სახელმწიფომ დაამტკიცა, რომ ის შედგა და პრობლემების მოგვარების ძალა გააჩნია... მე ის (და თქვენც) მიყვარს თავისი უარყოფითით და დადებითით და ვერავითარი ძალა ამას ვერ გადამაფიქრებინებს...

 

12 დღეც მალე გაივლის და ყველას ჩაგეხუტებით!“ - წერს ნინო ჯაფარიძე.

 

 

big_banner
არქივი